2023 საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო ქართველი ფეხბურთელებისთვის — წლის განმავლობაში არაერთი წარმატების, მიღწევის თუ საოცარი მოვლენის მომსწრე გავხდით. ასე ვთქვათ, წინსვლის ეტაპს კიდევ ერთი დადებითი წელი შეემატა, რომელსაც სტატიაში ტატო ბაციკაძესთან, Silk Sport-ის კომენტატორთან ერთად განვიხილავთ.
ქართველი ფეხბურთელების საერთაშორისო ასპარეზი
„ინდივიდუალურად ქართველი ფეხბურთელების წარმატებაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიათი უნდა დავიწყოთ — ქართველი ფეხბურთელისგან მსგავსი მასშტაბის მიღწევა დიდი ხანია, არ მინახავს და არც არავის გვინახავს. გარდა იმისა, რომ სერია A-ს ჩემპიონი გახდა ნაპოლი, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და ასისტენტის სტატუსიც მოირგო. ასევე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთი რამ შესაძლებელი თუ იყო, მაგრამ მოხდა…“ — ასე იწყებს ტატო ჩვენთან საუბარს.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია გიორგი მამარდაშვილის თამაშიც — მესამე წელია, ვალენსიაშია და, როგორც ტატო აღნიშნავს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გუნდის მთავარი ფეხბურთელის როლს ირგებს. „23 წლის ასაკში, თან მეკარისთვის, მსგავსი შედეგების მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა. მით უმეტეს, როცა ისეთ გუნდზე ვსაუბრობთ, როგორიც ვალენსიაა — ამ ეტაპზე ცოტა კრიზისი კი აქვს, მაგრამ ეს არ ცვლის მის მნიშვნელობას და ფაქტს, რომ ვალენსიაში გამორჩეულობა ადვილი არაა. პირიქით ძალიან რთულია. შესაბამისად, არაჩვეულებრივი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის“.
გარდა ამისა, საგულისხმოა გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაში, რის გამოც მეცი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. უბრალოდ, აიაქსში წასვლამ და 2023-ის მეორე ნაწილმა ცოტა არია მიქაუტაძის კარიერა. ინდივიდუალურ დონეზე, კარგი ტრანსფერებიც განხორციელდა — ევროპის დიდ და საინტერესო კლუბებში გადავიდნენ. ზოგი თამაშობს, ზოგი უმეტესად სათადარიგოზე ზის, მაგალითად საბა საზანოვი ტორინოში წავიდა — შეიძლება ბევრს არ თამაშობს, მაგრამ დიდ გამოცდილებას იღებს. უნდა აღვნიშნოთ ირაკლი აზაროვის შახტარში გადასვლაც, რომელსაც მიმდინარე წელს ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ითამაშა.
„პირადად ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო იყო საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედში გადასვლა. აქ თუ წარმატებას აღწევ, ბევრს ნიშნავს — მთელი ამერიკა და ევროპა გადევნებს თვალს, ყველამ იცის, რას აკეთებ და გაცილებით ფართო ასპარეზიც გეხსნება, ვიდრე, პირობითად, თურქეთის რომელიმე კლუბში კარგად თამაშისას. თან მესიც აქ თამაშობს, რაც უკვე დიდი პრივილეგიაა. მთლიანობაში, წლის განმავლობაში საბას არაერთი კარგი მატჩი ჰქონდა — ეს კი კარგია როგორც მისი ინდივიდუალური ცნობადობისთვის, ისე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის“, — ამბობს ტატო ბაციკაძე.
მთლიანობაში, ბევრი კარგი რამ მოხდა ქართველი ფეხბურთელების საერთაშორისო ასპარეზზე — ან წელს გადავიდნენ კარგ გუნდებში, ან შარშან გადასულებმა წელს დაიმკვიდრეს თავი.
საქართველოს ეროვნული და 21 წლამდელთა ნაკრებები
თუ ზემოთ არაერთი ქართველის ფეხბურთელის დიდ წარმატებებზე ვისაუბრეთ, ეროვნული ნაკრების დონეზე უფრო მეტად „შერეული“ წელი გამოვიდა. „ვერ ვიტყვით, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებული წელი გვქონდა… ალბათ, პირიქით, უფრო მეტად ცუდი იყო, ვიდრე კარგი. რაღაც მატჩები წავაგეთ, რაღაცები მოვიგეთ. თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ 21 წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა — ვფიქრობ, არავინ ელოდა, რომ ამ ურთულესი ჯგუფიდან გავიდოდით. საბოლოოდ კი ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ოლიმპიადის საგზურამდე. თან თამაში არც წაგვიგია — პენალტების სერიაში დავმარცხდით, რაც სტატისტიკაში მარცხად არ იწერება“, — განმარტავს ტატო.
ამასთან, ტატოს თქმით, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ახალი ციკლის გუნდიც კარგად თამაშობს. „მომავლის იმედსაც გვაძლევს… ის თაობა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, უკვე ნაკრების ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა მაინც. შესაბამისად, შემდეგ წლებშიც კარგ თამაშს უნდა ველოდეთ“.
რა თქმა უნდა, თითოეულ წარმატებას არაერთი მიზეზი უდევს საფუძვლად და რთულია, ერთი კონკრეტული ამოსავალი წერტილი გამოვყოთ. უფრო მეტად მრავალი ნიუანსის ერთობლიობაა. როგორც ტატო აღნიშნავს, მისი აზრით, ეროვნულ დონეზე ამგვარი წინსვლა, ნაწილობრივ, კარგმა ორგანიზებამ განაპირობა. „ინდივიდუალურად ბევრი ხარვეზი გვქონდა. კონკრეტული ფეხბურთელები რომ შეგვედარებინა ნიდერლანდების თუ ბელგიის ნაკრების მოთამაშეებთან, უპირატესობა მათ ჰქონდათ. თუმცა ჩვენებმა ძალიან ორგანიზებული და კარგი თამაშით ეს ბარიერი დაძლიეს. თან 10 წლის წინანდელ მოცემულობასთან შედარებით, ბევრი ნიჭიერი, დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი გვყავს. ამ მხრივ დინამოს აკადემიამ არაჩვეულებრივად იმუშავა, რადგან აღნიშნული მოთამაშეების უმეტესობა სწორედ მისი აღზრდილია. ასე მივიღეთ კარგი ნაზავი ნიჭიერი ფეხბურთელებისა, რომლებიც პროფესიონალებიც არიან. წინა წლებშიც ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ ზოგმა ან შრომა დააკლო ან მიღწეულით დაკმაყოფილდა და ამან საბოლოო დაღი დაასვა მათ კარიერას… ახლა კი უმეტესობას ეტყობა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, არ ჩერდება, სულ უფრო მეტი უნდა, რაც სხვებისთვისაც გადამდები მუხტია“.
თუნდაც კვარას და სხვა ქართველი ფეხბურთელების მიღწევები ბევრისთვის იქცა სტიმულად, საკუთარი კარიერა დიდი ტრიუმფისკენ მიემართა. ასე ვთქვათ, მიხვდნენ, რომ თუკი სათანადო შრომას ჩადებენ, შესაბამის შედეგებსაც მიიღებენ. შედარებით ასაკოვანმა ფეხბურთელებმაც კი, რომლებსაც თითქოს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, ამ ახალგაზრდების მაგალითზე გადაწყვიტეს, რომ მათაც შეუძლიათ კარიერის შემოტრიალება…
ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საბოლოო მიზანი არ უნდა არსებობდეს…
მთლიანობაში, ტატოს აზრით, თითოეულმა მიღწევამ მუდმივობის ხასიათი უნდა შეიძინოს. საქართველოს ჩემპიონატის დონე თუ არ გაიზარდა და ქართველი ფეხბურთელები კარგ კლუბებში არ წავიდნენ, შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ერთჯერად მიღწევად ჩაიწეროს ისტორიაში. „აუცილებელია, საკლუბო თუ ფედერაციის დონეზე სათანადოდ შეუწყონ ხელი სპორტის ამ სახეობის განვითარებას. არასდროს უნდა გადავკვეთოთ ფინიშის ხაზი — არასდროს უნდა ვთქვათ, რომ მორჩა, მისია შევასრულეთ. ყოველ ჯერზე ახალი ფინიშის ხაზი უნდა ჩნდებოდეს და წინ მივდიოდეთ“.
ავტორი: ქეთია ბელქანია