სულ ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიური შოუ CES ჩატარდა, სადაც აქტუალური თემები იყო განხილული. ფესტივალზე ციფრული მოწყობილობების პარალელურად, დიდი დრო დაეთმო აუდიო, ვიდეო და იმერსიულ საშუალებებს. გასაკვირი არაა, რომ კომპანიები კონცენტრირდებიან უფრო მეტ კომუნიკაციაზე და ვირტუალურ თუ ვიდეო ინსტრუმენტებზე.
მეტავერსი
როგორც მოსალოდნელი იყო, Web3 და მეტავერსი CES-ის ერთ-ერთ გამორჩეულ თემას წარმოადგენდა. წინა შოუებთან შედარებით უფრო ინტენსიურად იყო წარმოდგენილი AR და VR პროდუქტი. კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მეტავერსსა და Web3-ზე ფიქრი. ბოლო წლებთან შედარებით, ამ მიმართულებით სააგენტოებიც აქტიურად ინტერესდებიან.
ამ დროისათვის, დამკვეთები და სააგენტოები კონცენტრირებულები არიან პრაქტიკულ აპლიკაციებზე და ისეთ გადაწყვეტილებებზე, სადაც ზუსტად ხედავენ გზას. ისინი თავს არიდებენ ექსპერიმენტებს. ტენდენცია კი გვიჩვენებს, რომ მეტავერზე „უბრალოდ საუბარი“ თანდათან რაღაც პრაქტიკულში გადაიზრდება. მეტავერსიის რაიმე ფორმით განვითარებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მომხმარებლები არ ჩქარობენ ამ ტიპის მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, მათი მაღალი ხარჯების გამო. გარდა ამისა, ბევრი ყურსასმენი და VR მოწყობილობა ჯერ კიდევ მოუხერხებელია.
ამ ყველაფრის ფონზე, არსებობენ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ისეთ მეტავერსულ ინიციატივებზე, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო კონკრეტულად AR-თან ან VR-თან. ხშირად, კომპანიებს არასწორად ესმით, რომ მეტავერსი ნიშნავს AR და VR გამოყენებას, მაგრამ ზოგიერთ ამ ვირტუალურ პლატფორმაზე წვდომას უბრალოდ ონლაინ ბრაუზერი სჭირდება.
Dentsu-ში გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების წარმომადგენელმა თქვა, რომ Web3 გადაწყვეტილება NXT Space განვითარების პროცესშია. ამ ყველაფრის პარალელურად, სააგენტო შექმნის დამატებით VR ფუნქციებს წლის ბოლომდე. ასევე, Dentsu-მ ააშენა Microsoft-ის განათლების ცენტრი და LinkedIn ლაუნჯი Moon Valley-ში. Microsoft სააგენტოს პარტნიორია NXT Space-ის გაშვებაში და პლატფორმის ფარგლებში Microsoft-ის პროდუქტები აქტიურად გამოიყენება.
პოდკასტები უფრო იმერსიული ხდება
აუდიო ფორმატი იცვლება, რაც რეკლამისა და ტექნოლოგიების მომავალზეც აისახება. სააგენტო Dentsu-მ ჩაატარა ექსპერიმენტი. სააგენტო ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდა ყურადღების საკითხს და აღმოაჩინა, რომ ადამიანების მეხსიერებაზე ხმის ტემბრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ადამიანებს მელოდიებისა და ხმის ამოცნობისკენ მიდრეკილება საკმაოდ ძლიერი აქვთ. ეს პოდკასტინგის სფეროსაც უკავშირდება, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ადამიანებს უნდათ, რომ აუდიო გამოცდილება კიდევ უფრო იმერსიული, შთამბეჭდავი და ინტერაქციული იყოს.
როგორ შეუძლიათ სააგენტოებს მდგრადობის პრობლემის გადაჭრა?
რობოტიკისა და სოფლის მეურნეობის ინოვაციების გარდა, CES-ზე სააგენტოებს ჰქონდათ დისკუსიები გარემოსდაცვითი ამოცანების გარშემო. დისკუსიის ფარგლებში ითქვა, რომ კომპანიებმა უნდა დაისახონ კონკრეტული და საჯარო მიზნები, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულებას ამ საკითხის კუთხით, პროგრესი კი გაზომვადი იქნება. ასევე, კომპანიები უნდა გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.
გარემოს დაცვის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ნახშირბადის შემცირება. მდგრადობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს GroupM. კომპანიის დირექტორმა კირკ მაკდონალდმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და სხვა ფაქტორებთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამხვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ პრობლემაზე მეტისმეტად ფოკუსირება შესაძლოა ნეგატიური ეფექტის მატარებელი იყოს და კომპანიებმა მის შესამცირებლად სასარგებლო გზები ვერ მონახონ. მაკდონალდის თქმით, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის გაუმჯობესება და მიდგომების პროცესის ნაწილად ქცევა, რათა ბიზნესი ძველ მიდგომებს გაემიჯნოს და ახლებურად მოაგვაროს გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
წყარო: digiday