ახალი წლის პერიოდი ახალ დასაწყისთან ასოცირდება და, შესაძლოა, ბევრი თქვენგანი სამსახურის შეცვლაზეც ფიქრობდეს. ამისათვის საჭიროა, სათანადო რეზიუმე გქონდეთ, მაგრამ როგორია საკმარისად კარგი რეზიუმე 2023 წლისთვის?
ყოფილი საძიებო კონსულტანტი და რეზიუმეების კუთხით დასაქმებული დონა სვეი ხუთ ტენდენციას გვიზიარებს, რომელიც 2023-ში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება.
ტენდენცია 1: ბაზრის ეფექტურობის გაზრდა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეფექტური რეზიუმეების აღქმა შეიცვალა. ეფექტური რეზიუმეები გამოიყენება იმის გასაზიარებლად, თუ რას ამბობენ სამუშაოს მაძიებლები საკუთარ თავზე.
აღმასრულებელ დირექტორთა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით, როგორებიცაა:
- ზრდა. აღმასრულებლები 2023-ს ბიზნესისთვის გამოწვევების წლად მიიჩნევენ. ასე რომ, შეეცადეთ აჩვენოთ, თუ როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ზრდას რეცესიის პირობებშიც კი. ამიტომაც, რეზიუმეში აუცილებლად ჩაწერეთ თქვენი რაოდენობრივი ზრდის ისტორიები.
- ნიჭის შენარჩუნება. ბევრი ლიდერი ზრუნავს ადამიანებზე. თუ შესანიშნავი გუნდის შექმნასა და გაზრდაში მიგიძღვით წვლილი, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნოთ.
- ტექნოლოგია. 2022-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტექნოლოგიების სპექტრი და ციფრული ტრანსფორმაცია გაგრძელდა — ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანათმცოდნეობა (ML) იზრდება. ასე რომ, თუ თქვენ მუშაობდით ციფრული, ხელოვნური ინტელექტის ან მანქანათმცოდნეობის ინიციატივებზე, აუცილებლად ახსენეთ რეზიუმეში.
ტენდენცია 2: პროგრესი მიღწევებიდან ზემოქმედებამდე
წლების განმავლობაში, კარიერის მრჩევლები სამუშაოს მაძიებლებს მოუწოდებდნენ, რეზიუმეებში მიღწევები აღენიშნათ. ხოლო მომავალ წელს მენეჯერებს სურთ, გაიგონ, კონკრეტულად რა გავლენა ჰქონდა ამა თუ იმ მიღწევას.
ტენდენცია 3: უნარების დადასტურება
ლიდერები ზრუნავენ იმაზე, რომ იპოვონ და შეინარჩუნონ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ორგანიზაციების გასაძლიერებლად საჭირო უნარები აქვთ. ძირითადი საძიებო სისტემები კი, როგორიცაა LinkedIn, მხარს უჭერს უნარებზე დაყრდნობით დაინტერესებას. უბრალოდ, HR-ები ხშირად სკეპტიკურად უყურებენ განმცხადებლის მიერ რეზიუმეში ჩაწერილ უნარებს.
ამ შემთხვევაში რისი გაკეთება შეგიძლიათ? პირველ რიგში, განსაზღვრეთ ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კონკრეტული სამსახურისთვის გჭირდებათ. შემდეგ ამ უნარების მტკიცებულების ვიზუალიზაციას მიმართეთ — მაგალითად, შექმენით რაიმე ნამუშევარი ან წარადგინეთ სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ტენდენცია 4: სიმარტივე
თუ წინა წლებში რეზიუმეების გაფორმება ნაძვის ხის მორთვასაც კი აჭარბებდა, 2023-ში სიმარტივე უფრო მნიშვნელოვანი იქნება. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ რეკრუტერებს არ სურთ ზედსართავი სახელების, ზმნიზედების, დიაგრამების და ლამაზი დიზაინის დანახვა თავიანთ რეზიუმეში. ბევრი ორგანიზაცია ნათლად აცხადებს, რომ მათ არ სჭირდებათ ეს ფერები.
მოკლედ, HR-ებს სურთ მარტივი ფაქტები და იერარქიული, ადვილად წასაკითხი, ქრონოლოგიური ფორმატები.
ტენდენცია 5: ახალი ხელსაწყოები
საბოლოოდ, სამუშაოს მაძიებლებს 2023 წელს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ ახალი და მძლავრი ინსტრუმენტები ძიების პროცესის დასაჩქარებლად. აქ არის რამდენიმე მათგანი:
- ChatGPT: ეს არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი, რომელიც უამრავი კითხვის დამუშავებაში დაგეხმარებათ.
- LinkedIn Career Explorer: კონკრეტული ვაკანსიის დასახელების ჩაწერის შემდეგ, პლატფორმა ამ სამუშაოს შესაბამისი უნარების ჩამონათვალს გთავაზობთ. Explorer-ის მონაცემთა ბაზაში 6000 ვაკანსიაა და, შესაბამისად, სასარგებლო ინფორმაციის მიღების შანსი დიდია.
- Rewordify: ეს ინსტრუმენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვაკანსიები განათავსონ და ყველაზე შესაბამისი საკვანძო სიტყვები მოძებნონ რეზიუმესთვის.