ნივთების ონლაინშეძენის გამოცდილება 2024 წელს კიდევ უფრო გაიზარდა და გაფართოვდა. მომხმარებელთა უმეტესობა სახლიდან გაუსვლელად ყიდვას ამჯობინებს, ვიდრე გარეთ გასვლას, საცობებსა და რიგებში დგომას. ქართულ ონლაინსივრცეში უკვე არაერთი ინტერნეტმაღაზიაა, სადაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის შეძენა და მიტანის სერვისით სარგებლობა შეიძლება.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ შეაფასებდნენ ისინი 2024 წელს გაყიდვების თვალსაზრისით და ამაში დახმარება ერთ-ერთ მათგანს, VELI. store-ს ვთხოვეთ, რათა თავისი დაკვირვება გაეზიარებინა და 2025 წლის პროგნოზებიც გაეცნო.
marketer-ის შეკითხვებს ქრისტინე პახომოვმა, ველის უფროსმა ციფრულმა მარკეტერმა უპასუხა:
M: 2024 წელი დასასრულს მიუახლოვდა და გვინდა, გთხოვოთ, წლის შეჯამება – როგორი წელი იყო გაყიდვების კუთხით, რა სიახლეები გქონდათ და ა.შ.?
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში მკვეთრად მზარდი კონკურენციის ფონზე ველი უკვე 3 წელია, ქართული ელკომერციის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2024 წელი ველისთვის გამოწვევების წელი იყო. გარემო ფაქტორების ცვლილებასთან ერთად, მთლიანად შეიცვალა ველის, როგორც ბიზნესისა და როგორც მომხმარებლის რჩეული ბრენდის მუშაობის დღის წესრიგი. მნიშვნელოვნად შეიცვალა დაგეგმილი აქტივობები და ბრენდული კომუნიკაციები, შეფერხდა დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები, თუმცა უცვლელი დარჩა ბრენდის ღირებულებები – მათ შორის უმთავრესი ღირებულება ადამიანები, ჩვენი მომხმარებლები და მათი საჭიროებები.
მიუხედავად გამოწვევებისა, კომპანია 2024 წელს ორჯერ გაიზარდა, როგორც სამომხმარებლო გაყიდვების, ასევე ველი ბიზნესის ნაწილში. გაიზარდა წამყვანი და რჩეული ბრენდების ასორტიმენტი და გაჩნდა ახალი კატეგორიები.
M: თქვენს ვებგვერდზე რომელი კატეგორიის პროდუქცია იყო წელს ყველაზე მოთხოვნადი, სად უფრო მეტი გაყიდვები დაფიქსირდა?
2024 წელს ველიზე წამყვანი კატეგორია კვლავ ტექნიკა და სილამაზე & მოვლა აღმოჩნდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახლი & ეზოს და სახლის მოვლის კატეგორიები. მიმდინარე წლის კიდევ ერთი სიახლე ტანსაცმელი & აქსესუარების ახალი კატეგორიის შექმნაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების რჩეულ ბრენდებს აერთიანებს.
ამ ეტაპზე მომხმარებელს 20 კატეგორიაში, 50 000-ზე მეტი პროდუქტის შეძენა შეუძლია. კონკრეტული კატეგორიის გაყიდვები ტენდენციურია და დამოკიდებულია სეზონურობაზე, მაგალითად ახალი წლის პერიოდში იზრდება საახალწლო მზადების კატეგორიის, სახლი & ეზოსა და საჩუქრების კატეგორიის გაყიდვები. სექტემბერში სასკოლო მზადების და ა.შ.
2024 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა „მხოლოდ ქართულის” კატეგორია. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებული და საყურადღებო აქტივობა კი ბრენდისთვის ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა და გაძლიერება იყო. მხოლოდ ქართულის კატეგორია ერთ სივრცეში აერთიანებს იმ მცირე მეწარმეთა ბრენდებსა და ნამუშევრებს, რომლებიც ველიზე დიდი ხანია წარმოდგენილია და, ასევე, მათ, ვინც 2024 წელს დაგვემატა.
M: როგორია თქვენი მოლოდინი 2025 წლისთვის?
2025 წელს ველის მთავარი ამოცანაა შიდა პროცესების ოპტიმიზაციის გაგრძელება, მეტი ახალი ბრენდის/პროდუქტის დამატება და მომხმარებლებისთვის შოპინგის პროცესის კიდევ უფრო მარტივი, სასიამოვნო გამოცდილების შექმნა. ამისთვის გავაგრძელებთ ავტომატიზაციის პროცესს და ვნერგავთ თანამედროვე რობოტექნიკას.
2025 წლიდან VELI.store-ის ერთ-ერთი მიზანია, ასევე, რომ საზღვრებს გარეთ გავიდეთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი