გასულ წელს გლობალურმა ტემპერატურამ ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან სითბურმა ტალღებმა ოკეანეებისა და მყინვარების ყინულის მნიშვნელოვანი ნაწილი გააქრო… როგორც ჩანს, წელს არც არაფერი შეცვლილა, პირიქით, გაეროს განცხადებით, 2024 წელი კიდევ უფრო ცხელი იქნება. World Meteorological Organization-მაც დაადასტურა, რომ გასული წლით ყველაზე თბილი 10-წლიანი რეკორდული პერიოდი „დაგვირგვინდა“, ახლა კი ისინიც კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას ელიან — „საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 2024 წელი გასული წლის რეკორდს მოხსნის“.
„წიაღისეული საწვავით დაბინძურებას კლიმატური ქაოსი გრაფიკების მიღმა მიაქვს და გვაფრთხილებს, რომ ცვლილებები უფრო აჩქარდება…“, — აცხადებს ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი.
WMO-ს მიხედვით, ზედაპირის საშუალო ტემპერატურა გასულ წელს პრეინდუსტრიულ დონეს 1.45 გრადუსით აღემატებოდა. ასე კი კრიტიკული 1.5 გრადუსის ზღვართან სახიფათოდ ახლოს იყო, რომელზეც ქვეყნები 2015 წელს პარიზში შეთანხმდნენ…
„უფრო ხშირ და ინტენსიურ სითბურ ტალღებს ძალიან ნეგატიური შედეგები ექნება საზღვაო ეკოსისტემებსა და მარჯნის რიფებზე. ამ ეტაპზე ყინულები ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის, რაც განპირობებულია დნობის პროცესებით ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთით და ევროპაში. ხოლო შვეიცარიაში, ანუ იქ, სადაც WMO არის დაფუძნებული, მხოლოდ ბოლო 2 წლის მანძილზე ალპურმა მყინვარებმა დარჩენილი მოცულობის 10% დაკარგა“, — აცხადებენ WMO-ში.
აქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გასულ ათწლეულში (2014-2023) გლობალურად ზღვის დონე ორჯერ უფრო გაიზარდა, თანაც სატელიტების ჩანაწერების პირველ ათწლეულთან შედარებით… და რა გვეშველებაო, თუ ფიქრობთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — WMO იმედის ნაპერწკალს აღვივებს და საუბარს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე იწყებს.
გასულ წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავება უმეტესად მზის, ქარისა და ჰიდროენერგო სადგურებიდან თითქმის 50%-ით გაიზარდა. ეს კი მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში.
„ჩვენი ერთადერთი პასუხი წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე უარის თქმაა, რათა ზიანიც შეიზღუდოს. კლიმატის დრამატული ცვლილებები არ ნიშნავს ცივილიზაციის გარდაუვალ განადგურებას. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ცვლიან ან არ ცვლიან ადამიანები და მთავრობები საკუთარ ქმედებებს. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირად შეიძლება, დაგვიჯდეს, თუ უმოქმედოთ ყოფნას გავაგრძელებთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, თავი ავარიდოთ უარეს კლიმატურ ქაოსს, მაგრამ ლიდერებმაც სწორედ ახლა უნდა დაიწყონ მოქმედება“, — აცხადებენ მეცნიერები.