დღესდღეობით შრომით ბაზარზე იმდენად მაღალი მოთხოვნა და კონკურენციაა, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ დამატებით უნარებს, რათა დააკმაყოფილონ ეს ბაზარი. ზოგიერთები საერთოდ არ თვლიან საჭიროდ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან მოკლევადიანი, პროფესიონალების მიერ ჩატარებული კურსები უფრო ეკომფორტულება. შესაბამისად, რაც დრო გადის, მსგავს სასწავლო პროგრამებზეც იზრდება მოთხოვნა.
ამ სტატიაში სწორედ იმ პროფესიებს ვიკვლევთ, რომლებიც 2024 წელს ყველაზე პოპულარული იყო სტუდენტებს შორის. ამაში კი ორი დიდი აკადემია დაგვეხმარება, რომლებსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება და კურსების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. შესაბამისად, იმის თქმაც შეუძლიათ, თავიანთი გამოცდილებით, რომელ კურსებზე უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება.
სმარტ აკადემია:
„2024 წელი სასწავლო მიმართულებით ძალიან დინამიკური და ინოვაციური წელი იყო – ჩვენი კურსების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე სეზონზე 6000-ზე მეტი რეგისტრირებული გვყავდა და ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ დამსწრეების რაოდენობა გაიზარდა უცხო ქვეყნებიდან და რეგიონებიდან.
2024 წელს სმარტ აკადემიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი 6 კურსი:
- გრაფიკული დიზაინი
- DATA ANALYTICS & BI DEVELOPMENT
- UX/UI დიზაინი
- სოციალური მედია მარკეტინგი
- HR მენეჯმენტი
- პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია
ზემოთ ჩამოთვლილი კურსების პოპულარობა გამოწვეულია ზოგადად ამ პროფესიების მიმართ ინტერესის გაზრდით, რადგან მოთხოვნადი გახდა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, სტუდენტები ინტერესდებიან ჩვენი შეთავაზებებითა და მიდგომით. შემიძლია, სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსების პოპულარობა სმარტ აკადემიის კურსდამთავრებულების დამსახურებაცაა, რადგან სწორედ მათი რეკომენდაციები და გამოცდილების გაზიარება იწვევს სანდოობას სხვა მომხმარებლებში.
მიუხედავად წარმატებებისა, 2025 წელს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც ჩვენს გეგმებს კიდევ უფრო ამბიციურს ხდის. სტუდენტების ინტერესებისა და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ვზრუნავთ სიახლეების დანერგვასა და, მათ შორის ექსკლუზიური კურსების დამატებაზე”.
IT აკადემია STEP:
„2024 წელი IT აკადემია STEP-ისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი იყო. ამ წლის განმავლობაში, ტრადიციულად, სტეპში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო გრაფიკული დიზაინისა და პროგრამირების მიმართულებებზე. გრაფიკული დიზაინის პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს, როგორიცაა ციფრული და მედია წიგნიერება, ციფრული ხატვა, Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ის და Adobe After Effects-ის სრული კურსი საერთაშორისო სერტიფიცირებით, UI/UX დიზაინი, 3D დიზაინი, და Motion Design. პროგრამირების მიმართულება კი სტუდენტებს სთავაზობდა სრულ Full Stack დეველოპმენტის კურსს, რომელიც მოიცავს, როგორც Front/End-ის, ასევე Back/End-ის მიმართულებებს.
ისიც გვსურს, აღვნიშნოთ, რომ სტეპში განსაკუთრებით პოპულარული ონლაინსწავლებაა. ამან საშუალება მისცა სტუდენტებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეერთებოდნენ სასწავლო პროცესს. ეს ფორმატი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა:
- Front-end დეველოპმენტი და ვებპროგრამირება
- Python პროგრამირება
- UI/UX დიზაინი
- ინტერიერის დიზაინი
- IT მხარდაჭერა
2025 წლისთვის გლობალური ტენდენციები IT სფეროში კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივებს გვთავაზობს, კერძოდ:
- ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია პრაქტიკულად ყველა სფეროში მოითხოვს სპეციალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ AI ინსტრუმენტებთან მუშაობა;
- ციფრული მარკეტინგის და ტექნოლოგიების შერწყმა ქმნის ახალ პროფესიებს;
- კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა ახალ შესაძლებლობებს ქმნის IT სპეციალისტებისთვის;
- მონაცემთა ანალიზის და ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.
სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით, IT აკადემია STEP 2025 წლიდან იწყებს სრულიად ახალ MARTECH-ის კურსს, რომელიც მარკეტინგსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს”.
როგორც ხედავთ, 2024-მა წელმა გამოავლინა, რომ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება ყველაზე პოპულარული იყო, რაც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი სულაც არ არის.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი