2025 წელი ახლოვდება და მარკეტინგში ექსპერიმენტების ჩატარების სურვილიც იზრდება — Event Marketer-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ Fortune 1000-ის მარკეტერების 74% ექსპერიმენტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას აპირებს, 56% კი უფრო მეტ ღონისძიებას ელის… გამოდის, მომხმარებლები საინტერესო გამოცდილებებს უნდა ელოდნენ, თუმცა სტატისტიკაზე საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდით, ახლა DisplayWise-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი ენ ევერსის 2025 წლის ტოპ ტრენდები გავიცნოთ:
ტრენდი N1 — ტექნოლოგიებზე ორიენტირებული იმერსიული და ჰიბრიდული გამოცდილებები
როგორც ჩანს, 2025 წლისთვის იმერსიულ გამოცდილებებზე მოთხოვნის ზრდას უნდა ველოდოთ. AR და VR-იც აქვეა, რომლებიც ბრენდებს მულტისენსორული აქტივაციების შექმნის შესაძლებლობას მისცემს, რაც ბევრად სცილდება ტრადიციულ ფიზიკურ სივრცეებს…
DisplayWise-ში კი ჰიბრიდული გამოცდილებების წინ წამოწევას ელიან, რომლებიც თითქმის შეუმჩნევლად გააერთიანებს ერთმანეთთან ფიზიკურ და ციფრულ შეხების წერტილებს. მომხმარებლებსაც ისეთი რაიმე სურთ, რაც დამსწრეებს ადგილზე დააინტერესებთ, შემდგომ კი ეს გამოცდილება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. შესაძლოა, აღნიშნული ღონისძიებების პირდაპირ გაშუქებას, საცალო ვაჭრობისთვის მედიის გამოყენებას, QR კოდების განთავსებას ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომის მისაღებად ან ინტერაქციებს ნიშნავდეს, რომლებშიც თამაშებია ჩართული.
ბრენდებს რეალური ინსაითებიც სურს და გზები, რომლითაც თავიანთი გამოცდილებების გავლენის გაზომვას შეძლებს. ინტეგრირებული ტექნოლოგიებისკენ მზარდ სწრაფვას ვხედავთ, მათ შორისაა RFID Tracking და ინტერაქციული კიოსკები, რომლებიც აუდიტორიის ქმედებაზე გვიყვება. თუმცა გამოწვევას აქ პირველი მხარის მონაცემების შეგროვება წარმოადგენს, კონფიდენციალურობის საკითხების გამკაცრების პარალელურად.
ტრენდი N2 — მდგრადობა და ESG საკითხების მოხსენება
ბრენდებისა და მომხმარებლებისთვის მდგრადობა კვლავ რჩება ტოპ პრიორიტეტად. ეკომეგობრული აქტივობების მზარდი მოთხოვნაა, დაწყებული მდგრადი მასალების მოპოვებით, გაგრძელებული ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანით და დამთავრებული პროექტის სიცოცხლის ციკლში ე. წ. წრიულობის უზრუნველყოფით.
მასალების მოპოვების პროცესი და მდგრადობის პოლიტიკაც გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ბრენდებს სურს, მომხმარებელთა ღირებულებებსა და ბიზნესის მიზნებს შეესაბამებოდეს.
ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ მდგრადობის შესახებ 2025 წლის 1 იანვრიდან ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება, ბრენდს მოუწევს, აჩვენოს თავისი ერთგულება ESG მიზნებისადმი, რაშიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები მოიაზრება. ამგვარად, ამ განვითარებადი მოლოდინებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მწვანე ინიციატივებიც მნიშვნელოვანი იქნება.
ტრენდი 3 — ექსპერიმენტული კონტენტის შექმნა
ეს კი უკვე გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს მარკეტერებისთვის 2025 წელს, თუმცა ასე უფრო მეტ ადამიანსაც გააგებინებთ თქვენ შესახებ და მეტ შემოსავალსაც მიიღებთ. მომხმარებელთა ბრიფებს შევხვდებით, რომლებიც ინოვაციურ გარემოსა და ვიზუალურად საოცარ სივრცეებს ითხოვენ, რათა შთააგონონ მომხმარებლები, თავად გახდნენ კონტენტ კრეატორები. ამგვარად, ეს მიდგომა ორგანულ, აუდიტორიის მიერ გენერირებულ კონტენტს იყენებს აჟიოტაჟის შესაქმნელად. თუმცა, თავის მხრივ, ვირუსული კონტენტის შექმნა დიდად არის დამოკიდებული კრეატორების სწორად შერჩევაზე, რომლებიც ბრენდის ხილვადობასაც აძლიერებენ და მას ავთენტურ, რეალურ ელემენტსაც მატებენ.
ტრენდი 4 — ჰიპერ პერსონალიზაცია და ინკლუზიურობა
მართალია, ბრენდების უმეტესობა აგრძელებს რეალური დროის მონაცემებით სარგებლობას, იქნება ეს გაყიდვების ისტორია, ადგილმდებარეობა თუ სოციალური მედიის აქტივობები, მაგრამ 2025 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ის, თუ როგორ მიუდგება ბრენდი ინკლუზიურობის საკითხს. მომხმარებლები ელიან, რომ პროდუქტის გამოცდილებები მხოლოდ პერსონალიზებული კი არა, ხელმისაწვდომიც იქნება და მათ მრავალფეროვან საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს. ხოლო ბრენდს, რომელიც ამ მიდგომას დანერგავს, გარანტირებულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
სულ ეს იყო, ახლა შეგიძლიათ, ახალი წლისთვის მოემზადოთ…