სულ ახლახან გავიგეთ Behr-ისგან, თუ რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო 2025 წლის ფერი, ახლა კი მას სხვა კომპანიებიც შეუერთდა. მართალია, Pantone ჯერ კიდევ ჩუმადაა, მაგრამ ინდუსტრიაში მომავალი წლის ტრენდებზე ალაპარაკდნენ და წლის ფერებს გვაცნობენ. აქტუალური ლურჯი, იასამნისფერი, წითელი, ყავისფერი და ყვითელი ტონებია. ახლა კი მოდით, თითოეულს დეტალურად გავეცნოთ:
1. Quietude (HGTV Home by Sherwin-Williams)
ნაზი ცისფერი და მომწვანო ტონებია, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში სიმშვიდეს შეიტანს. არ აქვს მნიშვნელობა, ღია სივრცე იქნება თუ დახურული, Quietude-ს ტონები მას მოსასვენებლად იდეალურ ადგილად აქცევს.
2. Raku (C2 Paint)
ძველი იაპონური თიხის ჭურჭლითაა შთაგონებული, Raku სიღრმისეულ მიწიერ წითელ ტონებს ყავისფერთან აერთიანებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ ნებისმიერ სივრცეს სიმდიდრე შემატოს. ქამელეონის მსგავსი ელფერი აქვს, რომელიც სიმყუდროვესა და ელეგანტურობას გთავაზობთ, თუმცა ამასთან, ბალანსსაც უზრუნველყოფს ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას შორის.
3. Encore (Valspar)
Valspar-ის Encore ცივ და თავდაჯერებულ ზღვისფერ ელფერებს გთავაზობთ, ცისფერი და ლურჯი ტონებითაა წარმოდგენილი, რითაც ცვალებად სამყაროში ჰარმონია შეაქვს. როგორც ამბობენ, ინტერიერში ლურჯი ტონების შემოტანა ფიზიკურ თუ ციფრულ სივრცეებს დამამშვიდებელ, თუმცა ამასთან, ენერგიულ ატმოსფეროს ჰპირდება.
4. Mapped Blue (Dutch Boy Paints)
ცისფერ ტონთან ერთად ყვითელს ვხედავთ, ინსპირაცია აქაც ზღვა იყო, თუმცა ამ შემთხვევაში ტრადიციულ საზღვაო რუკებთან ერთად. დამატებით ელფერს სძენს ექსტერიერსა თუ ინტერიერში მოქცეულ ნივთებსა და დეკორს. ხოლო ისეთ ბუნებრივ ელემენტებს, როგორებიცაა ქვა და ხის ნაკეთობები, სრულყოფილად აქცევს. ამ ტონების ადაპტირებას ნებისმიერ გარემოზე შეძლებთ.
5. Mochi (Little Greene)
ეს კი მეტად ელეგანტური ნეიტრალური ტონია, რომელიც ისტორიულ ინსპირაციას თანამედროვეობასთან აერთიანებს. ღია ყავისფერია ატმისფერი ტონებით, რაც მე-18 საუკუნის ნეოკლასიკური დიზაინითაა შთაგონებული. თუ Little Greene-ს დავუჯერებთ, იგი უსასრულო შესაძლებლობას გვთავაზობს, რათა ნებისმიერი სივრცე ჰარმონიულად ვაქციოთ.
6. Truffle (STAINMASTER)
ხოლო თუ თამამი განაცხადის გაკეთება გსურთ, Truffle თქვენთვისაა. მუქი, მდიდრული ფერია, რომელიც ოთახს დრამატულ ელფერს მისცემს. ნებისმიერ დეკორს შეგიძლიათ, მიუსადაგოთ და გააკეთოთ ყველაფერი მინიმალიზმიდან მაქსიმალიზმამდე.
7. Violet (Minwax)
იასამნისფრით კი სურთ, თქვენს სივრცეს მეტი პერსონალობა შემატოთ. მაქსიმალიზმითაა შთაგონებული, რომელიც სწორედ გაბედულ პერსონალურ გამოხატვას მიაგებს პატივს. ძველი ავეჯის განახლებისთვისაც კარგი არჩევანია და გამორჩეული აქცენტირებული კედლების შესაქმნელადაც.
8. Future Dusk (WGSN & Coloro)
დაბოლოს, WGSN & Coloro ლურჯსა და იისფერს აერთიანებს, ერთდროულად იდუმალიცაა და მშვიდიც. დღისა და ღამის განათების მიხედვით იცვლება და თითქოს ცოტათი ემოციურიცაა. მოკლედ მათთვისაა, ვისაც რეალობასა და ფანტასტიკას შორის ბალანსის დაცვა სურთ.