in

რა რჩება და რა იცვლება 2025 წლის მარკეტინგულ ტენდენციებში?

2025 წელი დადგა და, როგორც წესი, მარკეტერებმა დაიწყეს ახალ ტრენდებზე ფიქრი და საუბარი. ჩვენ გადავავლეთ თვალი ცნობილ გამოცემებს და მათი კვლევის საფუძველზე გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც 2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. 

პერსონალური ბრენდინგის აღზევება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პერსონალური ბრენდინგის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ბევრმა ბრენდმა გამოიყენა ეს მეთოდი და მათი ფინანსური მაჩვენებლები გაიზარდა. 

რა არის ძირითადი პრობლემა ბიზნესის წამოწყების დროს – ბიზნესის უმეტესობა მარცხდება, რადგან მათ მიერ წამოწყებულ პროდუქტს ან სერვისს არ აქვს მოთხოვნა, ან კომპანიას უჭირს სწორ ადამიანებთან დაკავშირება, რადგან მარკეტინგული ხარჯები საკმაოდ მაღალია. პერსონალური ბრენდი აგვარებს ამ პრობლემას, რადგან:

ა) თქვენ ჯერ იძენთ აუდიტორიას და მერე სთავაზობთ პროდუქტს, რაც გიზოგავთ სარეკლამო ხარჯებს;

ბ) სანამ პროდუქტს გამოუშვებთ, უკვე იცით, როგორ მოარგებთ მას ბაზარს, რადგან თქვენმა აუდიტორიამ გითხრათ, რომ გადაიხდიან ფულს ამ პროდუქტისთვის/მომსახურებისთვის.

ამის ნათელი მაგალითია ანტრეპრენერი ალექს ლიბერმანი, რომელმაც პერსონალური ბრენდინგი ბიზნესის დასაწყებად გამოიყენა. მან დააფუძნა კონტენტმედიასააგენტო და ამისთვის ერთი „ტვიტი” დასჭირდა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.

როგორ ვიმოქმედოთ

პერსონალური ბრენდის შექმნის საიდუმლო არის თქვენი გამოცდილებისა და მიღებული გაკვეთილების გააზრება. დაიწყეთ ყოველი ახალი კვირა შენიშვნების გათვალისწინებით:

  • რა ექსპერიმენტები განახორციელეთ
  • რა ისწავლეთ
  • რა იყო და რა არ იყო წარმატებული

მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აუდიტორიისთვის გაზიარებაც, რათა უფრო მეტი მიმდევარი გამოგიჩნდეთ. გააზიარეთ სოციალურ ქსელებში მიღწეული წარმატებები და შექმენით რეკომენდაციების სიაც თქვენი მაყურებლისთვის. თუ მარტო არ მუშაობთ და გუნდის წევრები გყავთ, მათაც სთხოვეთ, თავიანთ პერსონალურ ბრენდინგზეც იმუშაონ, რომელიც, საბოლოოდ, ბიზნესზე აისახება.

მეტი ბრენდი განახორციელებს ინვესტიციას გრძელვადიან გავლენიან პარტნიორობაში

ინფლუენსერ მარკეტინგი არ არის ახალი კონცეფცია, თუმცა ბრენდებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება ეს მიმართულება, ამიტომ ისინი ახალ-ახალი ფსონებით გამოდიან ინფლუენსერებთან. ამის მაგალითია იუთუბერ MKBHD-თან კომპანია Ridge თანამშრომლობა, ოღონდ თანამშრომლობა მოიცავს არა მხოლოდ ბრენდის პროდუქტების პოპულარიზაციას, არამედ საბჭოს წევრობას, როგორც პარტნიორი.

მრავალარხიანი მარკეტინგული სტრატეგიები

რამდენიმე წლის წინ, საშუალო მარკეტინგული სტრატეგია შედგებოდა ამ სამი ძირითადი პუნქტისგან: 

  • რამდენიმე ბლოგპოსტი
  • ფასიანი რეკლამები
  • შემთხვევითი პოსტები სოციალურ მედიაში

ეს მიდგომა მუშაობდა, რადგან მომხმარებლების უმეტესობა მოიხმარდა კონტენტს მხოლოდ ერთ ან ორ სოციალურ პლატფორმაზე და Google-ში. დღეს კი, საშუალო სტატისტიკით, ადამიანი ყოველთვიურად იყენებს სოციალური მედიის დაახლოებით შვიდ პლატფორმას. ეს ნიშნავს, რომ ბრენდები, რომლებიც არ იყენებენ ყოვლისმომცველ მიდგომას, კარგავენ ღირებულ რესურსს. 

შედეგად, ბრენდების უმეტესობა ახლა დივერსიფიკაციას აკეთებს სოციალური მედიის მრავალ პლატფორმაზე. აქ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეული სოციალური მედიის პლატფორმა ოდნავ განსხვავებულია, ასე რომ, ერთი და იგივე შინაარსის ხელახლა გამოქვეყნება თითოეულ პლატფორმაზე, სავარაუდოდ, დიდ შედეგს არ გამოიღებს. 

ელფოსტის მარკეტინგი და საინფორმაციო პოსტები ისევ ტრენდში რჩება

სოციალური მედიის პლატფორმების და საძიებო სისტემების ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თქვენ შეიძლება დაკარგოთ მთელი თქვენი აუდიტორია ღამით, თუ ალგორითმი გადაწყვეტს თქვენი ანგარიშის დაბლოკვას ან დახურვას. გარდა ამისა, ეს ალგორითმები აკონტროლებს, ვინ ხედავს თქვენს კონტენტს, რაც ნიშნავს, რომ კონტენტი მიაღწევს თქვენი აუდიტორიის მხოლოდ ნაწილს.

ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტია ელფოსტის მარკეტინგი, სადაც პირდაპირ კონტაქტს ამყარებთ ადრესატებთან. ელექტრონული ფოსტის საინფორმაციო პოსტი, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლის შეძენის ღირებულებას, რადგან მისი ერთადერთი რეალური ხარჯია კოპირაიტერი და ელექტრონული ფოსტის პროგრამული უზრუნველყოფა, რისთვისაც მრავალი შაბლონი არსებობს საკმაოდ დაბალფასიანი პაკეტით.

მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი

ბრენდირებულ შეტყობინებებზე ძვირფასია რეალური ადამიანების რეკომენდაციები, რომლებმაც გამოცადეს თქვენი პროდუქტები ან სერვისები. გენერირებული კონტენტის მოპოვების არაჩვეულებრივი გზაა მცირე კონკურსის ჩატარება მომხმარებელში. სთხოვეთ მათ, რომ გამოგზავნონ სამოყვარულო ვიდეო, თავად კი გაუგზავნეთ თქვენი პროდუქტი, რომელზეც ისინი ისაუბრებენ ამ ვიდეოში და თან დასაჩუქრებულებიც დარჩებიან.

ხელოვნური ინტელექტი

და, რა თქმა უნდა, ტრენდულად რჩება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. შექმენით კონტენტის იდეები სოციალური მედიისთვის, იმეილმარკეტინგისთვის, ვებსაიტისთვის. AI-ს შეგიძლიათ, დააგენერირებინოთ ასევე სოციალური მედიის განრიგი და დრო, თუ როდისაა რელევანტური ამა თუ იმ პოსტის გაშვება. ამას გარდა, AI-ს შეუძლია, სწრაფად გითხრათ, რომელი ჰეშტეგები გამოიყენოთ.

AI ინსტრუმენტები დაგეხმარებათ ვიზუალური მასალის მარტივად მომზადებასა და ბრიფების, მონახაზების შედგენაშიც. ის კარგი ხელსაწყოა ერთ-ერთი საკმაოდ ჩახლართული საკითხის, სეოს მოწესრიგებაშიც. ხელოვნური ინტელექტის მქონე ხელსაწყო გეტყვით, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი კონტენტი დასამატებელი სექციების, საკვანძო სიტყვებისა და სიტყვების დათვლის მიმართულებით.

PANTONE-მა 2025 წლის ფერი დაასახელა!

როგორ მივაღწიოთ მიზნებს? — 8 რჩევა