2025 წელი ახლოვდება, AI-ის სწრაფი განვითარება კი, ასევე, სწრაფად ცვლის ჩვენს ფიქრებს დიზაინის შესახებ. ახალი წელი ახალ ტრენდებსაც ნიშნავს, ამიტომ ახლა ინდუსტრიის წამყვანი შემოქმედებითი ხელმძღვანელებისა და სააგენტოების დამფუძნებლების ხედვებს გაგიზიარებთ. ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ კი დიდი ამბები ტრიალებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის… ქვემოთ დიზაინის ინდუსტრიის 2025 წლის 10 ტრენდზე მოგიყვებით:
1. AI მთავარი ხელსაწყო გახდება
მოგწონთ თუ არა, ფაქტი ერთია, ხელოვნურ ინტელექტს ვერსად გაექცევით. Photoshop-ში თუ Generative Fill-ის ფუნქციით ვხვდებით, Google მას სურათების გენერირების მოდელებით გვთავაზობს. ხოლო, თუ Red Antler-ის CCO კისერ ბარნესს დავუჯერებთ, „AI სცენის მიღმა არსებული ხელსაწყოდან უშუალოდ განსახორციელებელ ხელსაწყოდ იქცევა პროცესებისა თუ სკეტჩებისთვის, შექმნის ბრენდის აქტივებსა და კონტენტს რეალურ დროში. AI-ის როლი დიზაინში პირდაპირი გახდება და იდეებს საბოლოო შედეგებამდე მიიყვანს“.
2. ფიზიკური გამოცდილებები დაბრუნდება
რაც უფრო სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მზარდია ხელნაკეთ, ადამიანებზე ორიენტირებულ დიზაინსა და ფიზიკურ გამოცდილებებზე მოთხოვნა. რეალური ადამიანური კავშირები მეტად მნიშვნელოვანი ხდება. Six Cinquieme-ის თანადამფუძნებელი მირო ლაფლაგა კი გვეუბნება, რომ ციფრული სამყარო არსად წავა, მაგრამ ბრენდებმა ორივე მხარეს თანაბრად უნდა ითამაშონ და ეს ორი გამოცდილება ერთმანეთს დაუკავშირონ. თანაც ეს ტრენდი უკვე ვლინდება საცალო ვაჭრობაში…
3. ხელნაკეთი ნივთების რენესანსი დადგება
ამ ტენდენციის განმაპირობებელ ფაქტორებზე კი Design LSC-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი საუბრობს:
„პირველი პერსონალიზაციაა — მომხმარებლებს უნიკალური, ხელნაკეთი ნივთები სურთ პერსონალური მნიშვნელობებით, რაც დიდად სცილდება მასობრივად წარმოებულ პროდუქტებს. მეორე კი მდგრადობა გახლავთ — ეკომეგობრულ და ეთიკურ მოხმარებაზე ფოკუსი ზუსტად ესადაგება ხელნაკეთი პროდუქტების მიზანს. ხოლო მესამე ტექნოლოგიების წინსვლაა, რაც ტრადიციულ პროცესს ერწყმის და ინოვაციურ, თუმცა ავთენტურ დიზაინს გვთავაზობს“.
4. მეტი ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ
უნდა ითქვას, რომ დიზაინისთვის საჭირო ხელსაწყოები უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია, Canva-შიც ბევრი რამის კეთებაა შესაძლებელი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი შაბლონია, ყველაფერი რაც ამ პლატფორმებიდან მიიღება, ერთმანეთს ჰგავს… მიუხედავად ამისა, აქვე გაქვთ შანსი, ექსპერიმენტებს მიმართოთ და ბაზარს რაღაც ახალი შესთავაზოთ.
5. დიზაინერთა წერის უნარი მოთხოვნადი გახდება
გვეუბნებიან, რომ 2025 წლისთვის დიზაინერებს წერის უნარი ყველაზე მეტად გამოადგებათ. მართალია, ბევრი დრო მიაქვს და არც მარტივია, მაგრამ ახალ სამყაროს ხსნის და უკეთეს შედეგებზე გასვლაშიც დაგეხმარებათ. მაგალითებს ქვემოთ გაჩვენებთ:
6. ხმა დიზაინის მთავარ ელემენტად იქცევა
რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი და პოპულარული ხდება აუდიო, მით უფრო მნიშვნელოვანია, მისი გამოყენების მეტად შემოქმედებით გზებს მივმართოთ. სფეროს ექსპერტები კი ვებგვერდებისგან ელიან განსაკუთრებულ ფოკუსს ხმაზე, რათა მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება შესთავაზონ.
7. მდგრადობა მთავარი ხდება
ეკომეგობრულობა დიზაინის მრავალ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, განსაკუთრებით შეფუთვის კუთხით. ბრენდებმა Greenwashing-ს თავი უნდა აარიდონ და მეტად ეთიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. არჩევანი ბუნებრივ ტექსტურებსა და პალიტრებზე შეაჩერონ, რითაც ნაკლები უარყოფითი გავლენა ექნებათ პლანეტაზე.
8. მინიმალიზმს მაქსიმალიზმის დეტალები ემატება
ბოლო წლებია მინიმალიზმი კი წამყვანი ტრენდია, მაგრამ ფიქრობენ, რომ 2025 წელს ეს შეიცვლება — თუ How Studio-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დავუჯერებთ, მინიმალიზმის სიმარტივე მაქსიმალიზმის სიმამაცეს შეერწყმება. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ ხაზებსა და თეთრ სივრცეებს კვლავ შევხვდებით, მაგრამ აქვე იქნება მოულოდნელი ელემენტები ჭრელი ფერებით, მასიური შრიფტითა და სხვა ელექტრო დეტალებით.
9. სიჯანსაღე ახალ ფუფუნების საგნად იქცევა
ჯანმრთელობაზე ზრუნვის სექტორი უპრეცედენტო ზრდას განიცდის და ეს გავლენა დიზაინსაც შეეხება. თუმცა არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ ტარებადი ტექნოლოგიები იგულისხმება, ეს ამბავი ფიზიკურ სივრცეებსაც ეხება — 2025 წელს ჯანდაცვის სფეროში არაერთი სტუდიის, კლუბისა თუ სხვა დაწესებულების გახსნას ვარაუდობენ. ქალებისთვის კი ფიქრობენ, რომ უფრო მეტი თავის მოვლის პროდუქტი შეიქმნება.
10. ინკლუზიურობა მთავარ როლს ითავსებს
დაბოლოს, 2025 წელს იმგვარი დიზაინების ნახვას ელიან, რომლებიც ყველა კულტურას, უნარსა თუ სხვა ადამიანურ მახასიათებელს გაითვალისწინებს, შესაბამისად, ყველა ახალი პროდუქტისთვის ამოსავალი წერტილი ინკლუზიურობა უნდა იყოს.
გამოდის, დიზაინის ინდუსტრია ურთიერთსაწინააღმდეგო ტრენდებს გვაზიარებს, ტექნოლოგიას ადამიანურობას უპირისპირებს, მინიმალიზმს მაქსიმალიზმს, ციფრულ სამყაროს ფიზიკურს… დიზაინერებს კი საქმე არც ისე მარტივად აქვთ, რადგან მოუწევთ, ნამუშევრის შექმნის პროცესში ურთიერთსაპირისპირო იდეებს ემსახურონ…