in

10 შრიფტი, რომლებიც 2026 წელს იქნება პოპულარული

გადავაგორეთ ახალი წელი და შემოქმედებითი ინდუსტრიაც ნელ-ნელა ცოცხლდება მსოფლიო მასშტაბით. პირველი, რა სიახლეებიც გამოჩნდა, ეს არის შრიფტები, რომელთა ამოცანაც ძალიან კონკრეტულია და რეალურ პრობლემებს წყვეტს.

BOG
BOG

ამ შრიფტებიდან ბევრია დაკავშირებული ისტორიასთან: გვაქვს 126 წლის სკრიპტი, სიყვარულით აღდგენილი საარქივო ნიმუშებიდან; „სერიფი”, დაფუძნებული 1830 წლის მანიფესტზე და სხვები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მნიშვნელოვანია მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი დღევანდელობაში გადმოტანა.

ყველა ეს შრიფტი ამტკიცებს, რომ: პრაქტიკულობა არ ნიშნავს, იყო მოსაწყენი. გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის კარგი ტიპოგრაფიის არსი.

ქვემოთ გაჩვენებთ ბოლოდროინდელ შრიფტებს, რომლებიც 2026 წელს დიზაინერებს გამოადგებათ:

GT Canon – Grilli Type

GT Canon არის Grilli Type-ის პასუხი ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე: როგორი უნდა იყოს თანამედროვე სერიფი? სტილისტური რევოლუციის ან ნოსტალგიური მინიშნებების ნაცვლად, ფაუნდრიმ შექმნა ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც აგებულია პრაქტიკულ ფუნქციონალზე და თანამედროვე მოთხოვნებზე, არის ფუნქციური, მაგრამ არ კარგავს ხასიათს. ის ნიმუშია იმისა, რომ თანამედროვე შრიფტის სისტემებს შეუძლია მრავალი როლის შესრულება და ამავდროულად, თანმიმდევრული იდენტობის შენარჩუნება.

WTF Forma – W Type Foundry

მაგდალენა არასანსმა და W Type Foundry-ის გუნდმა რთული ამოცანა დაისახეს: შეექმნათ შრიფტი დიდი კორპორაციებისთვის, რომელიც ადამიანური იქნებოდა. WTF Forma სწორედ ამის პასუხია – სან-სერიფი, გათვლილი მსხვილი ორგანიზაციების კომპლექსურ კომუნიკაციაზე, თუმცა ემოციურად თბილი.

ის გათვლილია ყველანაირ კომუნიკაციაზე: გრძელი ტექსტები, მოკლე ქოფი, სიები, სათაურები, პრეზენტაციები და სხვა. 

შრიფტის ოჯახი მოიცავს 50 სტილს, სიგანეების ფართო დიაპაზონით – Compressed-დან Wide-მდე. ეს მრავალფეროვნება გააზრებული და პრაქტიკაზე მორგებულია, რაც სისტემას მარტივად სამართავს ხდის.

Cassis – ნინა შტოსინგერი / Frere-Jones Type

Cassis მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მისი შემქმნელის, ნინა შტოსინგერისთვის, ისე Frere-Jones Type-ისთვის. შრიფტიც ზუსტად ამ ეტაპს ასახავს: თავდაჯერებულობასა და ხასიათს.

2014 წელს დაწყებული პროექტი დიზაინერის ევროპიდან ნიუ-იორკში გადასვლის პარალელურად განვითარდა. ამიტომ შრიფტში იგრძნობა შვეიცარიული და ბელგიური თავშეკავება, ამერიკული ენერგიის შერწყმით.

Pennline Script – The Northern Block

ზოგიერთი შრიფტის აღდგენა აკადემიურ სავარჯიშოს ჰგავს, Pennline Script კი – არა. ტასოს ვარიპატისის მიერ Bulletin-ის (1899) აღდგენა ცხადყოფს, როგორ შეიძლება ისტორიისადმი პატივისცემა და თანამედროვე პრაქტიკულობა თანაარსებობდეს.

მინიმალური წყაროებით შექმნილი შრიფტი ინარჩუნებს ორიგინალის ცოცხალ, მელნით სავსე ხასიათს და ამავდროულად სთავაზობს 1050+ სიმბოლოს, 304 ენის მხარდაჭერას და მდიდარ OpenType ფუნქციებს.

We Appeal – WeType

We Appeal არის შრიფტი, რომელსაც ვიზუალურ მახასიათებლებზე მეტი დატვირთვა აქვს. ის დაფუძნებულია დევიდ უოკერის 1830 წლის მანიფესტზე და წარმოადგენს ისტორიული მეხსიერების აღდგენის აქტს.

ორიგინალი ტექსტი მიზანმიმართულად ემოციური იყო – ტიპოგრაფია იყენებდა სივრცესა და პუნქტუაციას მკითხველში ყურადღების აღსაძრავად. WeType-ის ვერსია ამ კონტექსტს პატივს სცემს და ამავე დროს ქმნის თანამედროვე ტექსტურ სერიფს.

Bárur – MNDT Type

მრგვალი, რბილი სერიფები და მოზომილი გეომეტრია ქმნის თანამედროვე, თბილ და ცოცხალ შრიფტს. ალტერნატიული ასოები კი დიზაინერებს კომპოზიციური თამაშის საშუალებას აძლევს.

ლოგოებისთვის, ბრენდინგისთვის და სათაურებისთვის Bárur განსაკუთრებით კარგად მუშაობს, რადგან ცოცხალი, ტაქტილური და მოძრავია.

Setar – Dogray Type Foundry

საჰარის მიერ შექმნილი Setar არაბული შრიფტია, რომელიც აერთიანებს ბრუტალისტურ ლოგიკას და კალიგრაფიულ სულს. მისი კომპლექსური სისტემა საშუალებას აძლევს შრიფტს, ერთდროულად იყოს ფუნქციური და ექსპრესიული. Setar მხარს უჭერს 20 ენას, მათ შორის სპარსულსა და ურდუს.

Former Pro – Typofonderie

Former Pro ეყრდნობა გეშტალტის თეორიას და ადრეული ინდუსტრიული შრიფტების თვისებებს. ის უარყოფს თანამედროვე სან-სერიფების ზედმეტ რაციონალიზმს და ირჩევს ეკონომიურ, ოდნავ ვიწრო სტრუქტურას. ტექსტურა მოგვაგონებს IBM Selectric-ის საბეჭდ მანქანებს, ხოლო „იტალიკები” მიზანმიმართულად განსხვავდება „რომანებისგან”. 

Se Macro – Gallery Type

Se Macro წარმოადგენს Gallery Type-ის ამბიციურ დებიუტს. 60 სტილი და 3 სიგანე ქმნის ძლიერ, ბრენდზე ორიენტირებულ სისტემას. სტრუქტურა და მაღალი კონტრასტი შრიფტს არქიტექტურულ სიცხადესა და ფრანგულ ელეგანტურობას აძლევს. ეს არის ფუნქციური ტიპოგრაფია, რომელსაც იდენტობა გააჩნია.

Weymann Serif – Typemates

Weymann Serif არის შრიფტი ტექსტებისთვის. ის პატივს სცემს კითხვის პროცესს, ამიტომ მშვიდი, მკაფიო და ჰუმანური გამოსახულებით გვევლინება.

ფართო ფორმები, ღია კონტურები და ფრთხილი დეტალები მას იდეალურს ხდის წიგნებისთვის, ჟურნალებისთვის და ესეებისთვის.

032 Collective AI ფილმების კონკურსს აცხადებს!

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი