საღებავების მწარმოებელმა კომპანიამ Behr 2027 წლის ფერი აარჩია. კომპანიის არჩევანი Grounded-ზე შეჩერდა – ხავსისფერ-ზეთისხილისფერი, ყავისფერი ქვეტონებით, რომელიც ბუნების ფერებიდან იღებს შთაგონებას.
ფერს ოფიციალური კოდია T27-01 და ის ზეთისხილისფერსა და ხავსისფერს შორისაა მოქცეული. ყავისფერი ქვეტონები მას უფრო ბუნებრივ, მიწისფერ იერს აძლევს, ხოლო განათების ცვლილებასთან ერთად მისი აღქმაც იცვლება. ნათელ სივრცეში მწვანე ტონები უფრო მკაფიოდ ჩანს, ნაკლებად განათებულ გარემოში კი ფერი უფრო ღრმა და თბილი ხდება.
Behr-ის ხედვით, Grounded შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საცხოვრებელ, ისე სასტუმროების, კომერციულ და მრავალბინიან სივრცეებში, ასევე შენობების ექსტერიერში. ბუნებრივი ტონალობა უხდება ხეს, ქვასა და სხვა მასალებს, რომლებსაც თავადაც აქვთ გამოკვეთილი ფერი და ტექსტურა.

2027 წლის ფერთა პალიტრა
პალიტრა მოიცავს როგორც თბილ ნეიტრალურ და მკრთალ ვარდისფერ ტონებს, ისე წყლისფერ ლურჯსა და მუქ, უფრო დრამატულ ფერებს.
კოლექციის ნეიტრალურ ნაწილში შედის: Coastal Beige, Frittata და Hayloft. მწვანე, ყავისფერ და ნაცრისფერ ტონებს ავსებს Wheat Grass, Radiance, Ancient Root, Introspective, Environmental და Laurel Tree.
ვარდისფერ და თიხისფერ ტონებს წარმოდგენენ Sedona Pink, Cocoa Nutmeg და Tuscan Terra, ხოლო უფრო რბილი ლურჯი და ლურჯ-ნაცრისფერი ფერებია Fresh Tone, Denim Light და Blue Moon Bay. პალიტრის მუქ ნაწილში კი Nightfall, Sarsaparilla, Smokey Claret და Mozart-ია.
ახალი პალიტრა მხოლოდ ახალი ფერებისგან არ შედგება და წინა წლების რამდენიმე ნაცნობ ტონსაც აერთიანებს.
რატომ შეარჩია Behr-მა ბუნებრივი მწვანე
ფერის არჩევანს Behr-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებიც უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 77% ამბობს, რომ მაშინ, როდესაც გარე სამყარო ქაოსური და არაპროგნოზირებადი ხდება, ბუნებასთან კავშირის განცდას ეძებენ, იქნება ეს გარეთ დროის გატარება თუ ბუნებრივი ელემენტების სახლში შემოტანა.
ყოველწლიური ფერის არჩევის ტრადიციის მიზანია, ერთი კონკრეტული ფერის საშუალებით საზოგადოების განწყობა და ცხოვრების სტილი აღწეროს. Behr-ის 2027 წლის არჩევანი ამ ტენდენციას პირდაპირ ეხმიანება – Grounded ბუნებასთან სიახლოვის, სიმშვიდისა და სტაბილურობის ძიებას გამოხატავს.













