in

2028 წელს წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავს ვიხილავთ

დიახ, ჰოლანდიური კონსორციუმის 2028 წლის მიზანი საკმაოდ ამბიციურად ჟღერს… ეკომეგობრული საჰაერო მგზავრობის მიზნით, როტერდამსა და ლონდონს შორის მსოფლიოში პირველი წყალბადის საწვავის მქონე სამგზავრო თვითმფრინავის კომერციული ფრენა 6 წელიწადში შეიძლება განხორციელდეს. 

თანაც, წყალბადიდან მიღებული ერთადერთი გამონაბოლქვი წყლის ორთქლია, რაც მას თვითმფრინავებისთვის, მატარებლებისა თუ მანქანებისთვის საწვავის კარგ ალტერნატივადაც აქცევს. თუმცა წყალბადის შექმნის პროცესი მხოლოდ მაშინ არის სუფთა, როცა გამოყენებული ენერგია განახლებადია…

თავდაპირველად, ჰოლანდიურ ტექნოლოგიას 40-80-ადგილიან ტურბოპროპის თვითმფრინავში ჩააშენებენ, შემდგომში კი მის გამოყენებას უფრო დიდ თვითმფრინავებზეც დაიწყებენ. იმასაც ამბობენ, რომ ეს ნიდერლანდებისთვის 16 მილიარდი ევროს ბაზარს გახსნის… 

მიშელ ვან ირლანდმა, კონსორციუმის წევრმა კი, ბატარეებზე მომუშავე კომერციული თვითმფრინავების გეგმებზე საუბრისას შემდეგი მოსაზრებაც გააჟღერა: ეს ძალიან საინტერესო იქნება სკანდინავიისა და ახალი ზელანდიისთვის, სადაც ადამიანები მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლად ყურადღებას ელექტრობატარეის ტექნოლოგიაზე ამახვილებენ.

თუმცა წყალბადის საწვავად გამოყენება თვითმფრინავის დიზაინის შეცვლას მოითხოვს, რადგან იგი შედარებით მძიმე, იზოლირებულ ავზებში უნდა ინახებოდეს. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ საწვავი ჩვეულებრივ თვითმფრინავის ფრთებშია მოთავსებული, ჰოლანდიელები წყალბადის კაფსულების მოთავსებას მის კუდში აპირებენ. 

შესაძლოა, თვითმფრინავი საშუალო მანძილის ფრენებზე უფრო ნელიც იყოს, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ამბობენ, რომ მოკლე მანძილებზე, მაგალითად ნიდერლანდებიდან გაერთიანებულ სამეფომდე მოგზაურობა, ცოტათი უფრო სწრაფიც კი გახდება. ტესტირებების მიხედვით, პროპელერის მქონე თვითმფრინავს 600 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება უნდა შეეძლოს. 

საინტერესოა ისიც, რომ 10 მგზავრიდან 9 მზად არის, მეტი გადაიხადოს, თუ მათი მოგზაურობა ემისიებისგან თავისუფალი იქნება…

სტივ ჯობსის 9.18-დოლარიანი ჩეკი, სავარაუდოდ, 25 000 დოლარად გაიყიდება

როგორ იქმნება ქართული ვირუსული კონტენტი?