IPCC-ის კვლევის თანახმად, არქტიკის ოკეანეში ყინულს მალე ვეღარ ვიხილავთ… შესაძლოა, ეს რეალობა დაბალი ემისიების პირობებშიც კი არ შეიცვალოს. თანაც პროცესები იმაზე 10 წლით ადრე დაჩქარდა, ვიდრე მანამდე განიხილავდნენ… კვლევისას დადგინდა, რომ ყინულის სწრაფი დნობა საშუალო და მაღალი სათბურის ემისიების შედეგი იყო — არქტიკის ოკეანე კი 2030 წლისთვის ყინულის გარეშე დარჩება.
„სავარაუდოდ, არქტიკის ოკეანე 2030 წლის სექტემბერში ყინულებისგან დაიცლება…“, — აცხადებენ მკვლევრები.
საინტერესოა ისიც, რომ კვლევა უახლესი თაობის CMIP6 მოდელის სიმულაციებზე დაფუძნებით ჩატარდა. როგორც გვეუბნებიან, არქტიკულ ყინულზე სათბურის ემისიების დომინანტური გავლენა იზრდება და ჩვენ ამის დადგენა თუ გამოთვლა სწორედ კონკრეტული მოდელების დახმარებით შეგვიძლია.
ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ადამიანებსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე — „შეიცვლება ზღვის აქტივობა, დაჩქარდება არქტიკის დათბობა და შეიცვლება ნახშირბადის ციკლი“. UNEP-ის თანახმად, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ცვლილებებს გავლენა ექნება სხვა რეგიონებზეც ამინდის ცვლილებისა და ოკეანის მიმოქცევის გამო. „ეს შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს, პოლიტიკურ გამოწვევებსა და საფრთხეებს ეკოსისტემებისა და ადგილობრივი საზოგადოებებისთვის“.
თუმცა სამწუხაროდ, მკვლევრები ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან ადამიანების აქტივობების წვლილის შესახებ ოკეანის ყინულის დნობაში, ან საერთოდ, გახდება თუ არა არქტიკა ყინულებისგან თავისუფალი დაბალი ემისიების პირობებში… აქ კი IPCC განსხვავებული კვლევის მოდელების დახმარებითა და ყველა სცენარის განხილვით ერთ ფაქტს გვიზიარებს — არქტიკა ყინულისგან თავისუფალი სექტემბერში 2050 წლამდე გახდება…