in

23 აპრილი – წიგნის დღის ისტორია და ორიგინალური კამპანიები

კითხვა ბევრ ადამიანს უყვარს და იმაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ლიტერატურას მსოფლიო ისტორიასა და ხელოვნებაში. პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალთ და 23 აპრილის შესახებ მოგიყვებით. მარკეტინგული კამპანიებითა თუ წიგნის მოყვარულთა ინიციატივებით, ყველამ ვიცით, რომ ამ დღეს წიგნებს ვჩუქნით ერთმანეთს და ზოგადად, წიგნის დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ როდის, სად, ვინ და რატომ გადაწყვიტა ამ თარიღის აღნიშვნა, თქვენთან ერთად ჩვენც გადავხედავთ…

BOG
BOG

ვინ, რატომ, როდის

23 აპრილი რამდენიმე ცნობილი მწერლის, უილიამ შექსპირის, მიგელ დე სერვანტესის, ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების თარიღია, ამიტომ ლიტერატორებისთვის ის ძალიან სიმბოლურ რიცხვად იქცა. 

UNESCO-მ 1995 წელს გენერალური კომფერენცია ჩაატარა, რომელზეც გადაწყდა, რომ მსოფლიო მასშტაბით პატივი მიეგოთ წიგნებისა და ავტორებისთვის. გარდა ამისა, ამ ინიციატივის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაცია და კითხვის წახალისებაც იყო.

წიგნის დღე და საავტორო უფლებები

მართალია, ეს დღე ყველასთვის წიგნებთან ასოცირდება, მაგრამ რეალურად, UNESCO-ს დადგენილებით, 23 აპრილს საავტორო უფლებების დაცვასაც აღნიშნავენ, რადგან ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მთელ მსოფლიოს ყოველწლურად შეახსენონ. 

ვინ ერთვება კამპანიაში და ვინ აორგანიზებს ამ დღეს

მსოფლიო მასშტაბით, ამ კამპანიას ყოველწლიურად უერთდებიან გამომცემლები და წიგნის მაღაზიები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ კერძო კომპანიასა და ფიზიკურ პირსაც შეუძლია ჩართვა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც საგამომცემლო ორგანიზაციებზე მოდის.

წიგნის ცნობილი კამპანიები

საინტერესოა, როგორ ზრუნავენ მარკეტინგული გუნდები წიგნის პოპულარიზაციაზე მისი გამოსვლის შემდეგ. ამ ქვეთავში ჩავამწკრივეთ ის ცნობილი კამპანიები, რომლებიც ამა თუ იმ რომანის გამოსვლისას დაიგეგმა. 

ყველასთვის კარგად ნაცნობი რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით” საკმაოდ მიმზიდველად გამოჩნდა თაროებზე. ამაზე 2017 წელს The Austin Creative Department-მა იზრუნა. „დაწვი, როცა წაიკითხავ” (Burn after reading) – კამპანიის ამ მესიჯით მრავალმა მკითხველმა მიაქცია წიგნს ყურადღება. ამას დაემატა არაორდინალური გარეკანი, რომელსაც ასანთის ღერი მოჰყვებოდა, თავად წიგნს კი მთლიანაობაში ჰქონდა ასანთის კოლოფის ფორმა. 

გარდა იმისა, რომ ეს გზავნილები გამოხატავდა წიგნის შინაარსს, გარეგნულად იმდენად მიმზიდველი იყო, რომ მრავალი ადამიანის სახლის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა.

„გახდი სხვა”

ყველა ადამიანი ფიქრობს ცვლილებებზე, სხვა სამყაროში გადასვლაზე, გარდასახვაზე და წიგნები, თუნდაც მცირე დროით, გვაძლევს ამის საშუალებას. ეს კამპანია ლიეტუვაში ერთ-ერთმა სარეკლამო სააგენტომ შექმნა და ის არა კონკრეტული წიგნის პოპულარიზაციას ეძღვნება, არამედ ზოგადად, წიგნების შესაძლებლობას, გავხდეთ სხვა ადამიანი. 

კამპანიის ფარგლებში სააგენტომ გამოაქვეყნა რამდენიმე შთამაგონებელი პოსტერი, რომლებზეც გამოსახულები არიან ადამიანები, ხელში წიგნით, ხოლო წიგნის ყდა სპეციალურად ფარავს მათ სახეს. 

„ხვალ, ხვალ და ხვალ”

ბესტსელერი ავტორის გაბრიელ ზევინის მიერ დაწერილი ეს წიგნი ბავშვობის მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთად იზრდებიან და ვიდეოთამაშს ქმნიან. მარკეტინგულ კამპანიას ხელმძღვანელობდა Katrina Northern at Vintage books, რომელიც ფიზიკურად ცდილობდა წიგნის თემების გაცოცხლებას. წიგნის მთავარი გმირები ერთმანეთს პირველად 1987 წელს შეხვდნენ, რომანში იმდროინდელი პოპკულტურის მრავალი ნიმუშია წარმოდგენილი. ეს დაეხმარა მარკეტერს, ეპოვა მიგნებები და გაეზარდა ნოსტალგია რეტროსტილის მიმართ. 

პირველად წიგნის შეზღუდული რაოდენობა გამოვიდა, რომელიც წიგნის მაღაზიებსა და ბლოგერებს დაურიგდათ. წიგნი მოთავსებული იყო სპეციალურ ჩასადებში, რომელსაც PC-DVD თამაშის ვიზუალი ჰქონდა.

საჯარო კამპანია უკვე მოიცავდა კრეატიულ ვიდეოთამაშებს. წიგნის გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში დაინტერესებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეთამაშათ “Emily Blaster”, თამაში, რომელიც წიგნის პერსონაჟმა გამოიგონა.

„ცხოვრება 5 წამში”

მატეო ჩივასკისა და ჯანმარკო მილესის შთამაგონებელი რომანი 200-ზე მეტ ისტორიას აერთიანებს, თუმცა თითოეული მათგანის წაკითხვა სულ რამდენიმე წუთში შეიძლება. კამპანიის სახელწოდებაც სწორედ ამ მიგნებაზე დაყრდნობით შეიქმნა. 

შთამბეჭდავია წიგნის გარეკანიც, რომელიც თავისი მინიმალისტური დიზაინით იპყრობს ყურადღებას.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„მიზნების მისაღწევად წინ უნდა იარო“ — ზურა კეკელიას წარმატების გზა

როგორ შეიქმნა Digital კატეგორიის ნამუშევარი, რომელმაც Young Lions Georgia 2024-ზე ოქროს მედალი მოიპოვა