გრავიტაციული ტალღების მსგავსად, სწრაფი რადიო ამოფრქვევებიც (FRB) ყველაზე ძლიერ და იდუმალებით სავსე ასტრონომიულ ფენომენს წარმოადგენს. ეს მოვლენა შედგება ამოფრქვევებისგან, რომლებიც იმაზე უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს მილიწამში, ვიდრე მზე სამ დღეში…
მართალია, უმეტესობა მილიწამი გრძელდება, მაგრამ მათი გამეორების შემთხვევებიც დაფიქსირებულა. ასტრონომები არ არიან დარწმუნებულნი, რა იწვევს მათ და მათივე მოსაზრებებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა კარგი ის არის, რომ კვლევებით ამოფრქვევების დრამატულად მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment (CHIME)-ის წყალობით, უკვე ძალიან კარგი საკვლევი მასალაც არსებობს. ახალი ტიპის ალგორითმის გამოყენებით CHIME-FRB-ის კოლაბორაციით 25 ახალი განმეორებადი FRB აღმოაჩინეს, რომლებიც დაფიქსირდა 2019-2021 წლებში. ამ თანამშრომლობაში კი მონაწილეობდნენ ასტრონომები და ასტროფიზიკოსები კანადიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ტაივანიდან და ინდოეთიდან.
საინტერესოა ისიც, რომ დღემდე შემოთავაზებული არცერთი თეორია და მოდელი ხსნის სრულად ამ ამოფრქვევების თვისებებს. ზოგიერთი მიზეზად ნეიტრონულ ვარსკვლავებს, ზოგიერთი შავ ხვრელს, ზოგიერთი კი „ბნელ ხანას“ ასახელებს, რომელიც დიდი ამოფრქვევის შემდეგ დაახლოებით 1 მილიარდ წელში დამთავრდა…
CHIME კი შეიქმნა იმისათვის, რომ დაადგინოს სინათლის ტალღის სიგრძე, რომელსაც ნეიტრონული ჰიდროგენი იწოვს და აფრქვევს. ეს ცნობილია, როგორც 21-სანტიმეტრიანი ჰიდროგენის ხაზი. ამგვარად კი, ასტრონომებს შეუძლიათ გაზომონ, რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა სამყარო „ბნელ ხანაში“ და მიღებული მონაცემები ბოლოდროინდელ კოსმოლოგიურ ერასაც შეადარონ. ხოლო უახლეს კვლევაში პლეუნისმა და მისმა კოლეგებმა ახალი კლასტერული ალგორითმი გამოიყენეს, რომელიც ცაში დისპერსიის ზომის მსგავს მოვლენებს აკვირდება.
„ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სწრაფი რადიო ამოფრქვევების პოზიცია და დისპერსია გარკვეული სიზუსტით, რომელიც დამოკიდებულია გამოყენებული ტელესკოპის დიზაინზე. შემდეგ კი მრავალ შემოწმებას ვატარებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ამოფრქვევები ერთი წყაროდან მოდის“, — ამბობს პლეუნისი.
აღმოჩენილი 1000 FRB-დან მხოლოდ 29 იყო განმეორებადი, თანაც, ეს სულ სხვადასხვა ინტერვალში ხდებოდა… ერთადერთი გამონაკლისი FRB 180916-ია, რომელიც ყოველ 16.35 დღეში ფეთქდება. CHIME-მა კი, როგორც უკვე გითხარით, 25 ახალი განმეორებადი წყარო აღმოაჩინა, თანაც, მკვლევრები FRB-ების ისეთ მახასიათებლებზე საუბრობენ, რამაც, შესაძლოა, უფრო მეტი გვითხრას მის გამომწვევ მიზეზებზე.
„ბევრი ახალი წყაროს შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ რამდენიმე ამოფრქვევა, რაც წყაროს საკმაოდ არააქტიურს ხდის, თითქმის ისეთივე უმოქმედოა, როგორც წყაროები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ვნახეთ. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ყველა სწრაფი რადიო ამოფრქვევა განმეორებადი, მაგრამ მათგან ბევრი არც ისე აქტიური იყოს“, — აცხადებენ მკვლევრები.