საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი კომპანიის „ჰაიდელბერგცემენტის” სოციალური პროექტი პირველი ნახევარმარათონია საქართველოში, რომელიც უკვე მესამედ გაიმართება თბილისის ზღვაზე, 2014 წლის 25 ოქტომბერს.
თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება. თბილისიმარათონიდან შემოსული თანხა გაორმაგდება „ჰაიდელბერგ ცემენტის“ მიერ და ბედიანში ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება. ღონისძიება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 24 ოქტომბრამდე შეეძლებათ. „თბილისიმარათონი“ მისი ფორმატისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით საერთაშორისო სტატუსს ატარებს. ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო სექტორი.
პროექტი, მისი კონცეფციით „ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკას ეხმიანება, თუმცა გარდა სოციალური ასპექტებისა, „თბილისიმარათონი“ არის ბრენდი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან საქართველოში და ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.
„თბილისიმარათონი“ მსოფლიოში აპრობირებული წესებით ტარდება: გამოიყენება გერმანული კომპანიის Mika Timing სისტემა „Official Timekeeping and Data Processing”. სისტემა გამოცდილია შტუდგარდის, ფრაკფურტის, ჰამბრუგის, ბერლინის მარათონებზე.

ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ–ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: www.tbilisimaraton.ge;
„თბილისიმარათონის“ გვერდი სოციალურ მედიაში: www.facebook.com/tbilisimaraton











