„უკვე“-თი რომ იწყება ფრაზა, ავტომატურად იმისკენ მივდივართ, ან რაღაც ვერ მოვასწარით ან მალე გვაქვს მოსასწრები. „ჯერ 25 წლის ვარო“ რომ ვამბობდეთ, უფრო პოზიტიური განწყობის მატარებელი იქნებოდა — თვალწინ გადაგვეშლებოდა ის ყველაფერი, რაც მომავალში გველის.
მოკლედ, ამ მსგავს, მაგრამ ერთი სიტყვით განსხვავებულ ფრაზებს შორის მთელი იდეოლოგიური ბარიერია. ჩვენ კი ინდივიდუალურად ვირჩევთ, რომელი უფრო შეგვეფერება. თუ საუკუნის მეოთხედს მიღწეულს ერთგვარი ნეგატიური ფიქრები გიტევთ, საგანგაშო არაფერია, რადგან ე. წ. 25 წლის კრიზისი საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და არაერთ ადამიანს აწუხებს. ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად გადაფასების, ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდია — სწავლა დავასრულეთ, ახლა კი პროფესიული განვითარების, თავის მყარად დამკვიდრების დროა. თან ზოგიერთს სულაც არ უნდა ეს და უბრაოდ იმის ძიებაშია, საერთოდ რა უნდა…
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მენტალ ჰაბის ფსიქოთერაპევტს, ელენე ბაჩიაშვილს გავესაუბრეთ.
M: ფსიქოლოგიური კუთხით რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს შინაგანი კრიზისის განცდა ადამიანისთვის და რა ემოციებთანაა ის დაკავშირებული?
განვითარების თითოეულ ეტაპზე ადამიანი სხვადასხვა გამოწვევისა და სირთულის წინაშე დგება, რომელიც მისგან მოითხოვს შინაგან და სოციალური გარემოდან წამოსული მოთხოვნების შესაბამის ქცევას; ეს განიცდება, როგორც კრიზისი, იქმნება ცენტრალური კონფლიქტი და ვლინდება შესაბამისი ემოციური რეაქციები და განცდები: დაურწმუნებლობა, შფოთვა, უკმაყოფილება, გაღიზიანება, იზოლაცია, წნეხის განცდა, მიზნობრიობის ძიება, საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება. შინაგანი კრიზისის პერიოდში იქმნება ტურბულენტური ემოციური განცდები და შინაგანი კონფლიქტები, როდესაც ადამიანი განიცდის დაბნეულობასა და დაურწმუნებლობას საკუთარი იდენტობის, ღირებულებების თუ ცხოვრების მიზნების შესახებ.
ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი აღწერს ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებს დაბადებიდან გვიან ზრდასრულობამდე და ხასიათდება პოლარული მდგომარეობებით, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ასაკში არსებულ კრიზისსა თუ გამოწვევასთან (მაგ., 20-25 წლის, ადრეული მოზრდილობის პერიოდში ინტიმურობა უპირისპირდება იზოლაციას). ამ სტადიებზე აქცენტირებულია სოციალური და კულტურულ გავლენების მნიშვნელობა და მიიჩნევა, რომ ადამიანი აუცილებლად დგება მსგავსი გამოწვევის წინაშე. თითოეული სტადიის წარმატებული გადალახვა ხელს შეუწყობს ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
M: გარდა ემოციებისა, ყოვლდღიურ საქმიანობებზე როგორ მოქმედებს ამ კრიზისის განცდა ადამიანზე? რამდენად უშლის „ფუნქციონირებაში“ ხელს?
ადამიანისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სოციუმთან, კულტურასთან შეგუება. კრიზისული პერიოდის დროს, ადამიანის ყოველდღიური ფუნქციონირებისას, შესაძლოა, გამოვლინდეს დაქვეითებული პროდუქტიულობა, ვინაიდან ადამიანი მოცულია ეგზისტენციალური და მომავალზე მიმართული კითხვებზე პასუხის ძიებით. უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო მიზნების დასახვა.
ვლინდება ხასიათის ცვლილებები და დაძაბული, გართულებული ურთიერთობები ოჯახთან, მეგობრებთან და რომანტიულ ურთიერთობებში. ასევე ხშირია სოციალური სიტუაციებიდან თავის არიდების სურვილი და ქცევა.
შესაძლებელია, გამოვლინდეს ფიზიკური სიმპტომები: თავის ტკივილი, ძილის გაუარესება, უმადობა, დაღლილობა.
M: და პირიქით, დადებით კონტექსტში როგორ შეიძლება ამ კრიზისის გამოყენება?
მნიშვნელოვანია კრიზისის, როგორც განვითარების შესაძლებლობის, განხილვა. ეს არის საშუალება, რომ ადამიანი დაფიქრდეს თავის მიერ გაკეთებულ არჩევანზე, პრიორიტეტებზე, ქცევაზე და გადაამოწმოს, დღესაც შეესაბამება თუ არა ეს არჩევანი მის სურვილებსა და მიზნებს. კრიზისული პერიოდი, თვითრეფლექსიასთან ერთად, სხვადასხვა სამსახურის, მრავალფეროვანი ურთიერთობების, მოგზაურობების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსინჯვის გამოცდილებას აძლევს ადამიანს.
კრიზისული პერიოდის გავლა ეხმარება ადამიანს, განივითაროს მეტად ჯანსაღი გამკლავების მექანიზმები; ეხმარება მეტად იყოს „აქ და ამჟამად“ იმისათვის, რომ ეფექტური და სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, იყოს შემოქმედებითი და საინტერესო, მოძებნოს ახალი ჰობი, კარიერული გზა და ა. შ.
M: კონკრეტულად 25 წლის კრიზისზე არაერთხელ წამიკითხავს და მგონი ერთგვარ ტერმინადაც კი დამკვიდრდა… მაინც რატომ ეს ასაკი? რა „გვიტევს“ ცხოვრების ამ ეტაპზე? რამდენადაა დაკავშირებული „შინაგანი კრიზისი“ ერთგვარ „დასასრულ“ ეტაპთან?
25 წლის ასაკის კრიზისი „ცხოვრების მეოთხედის“ კრიზისის ტერმინითაცაა ცნობილი და გულისხმობს, დაახლოებით, 20-30 წლამდე პერიოდს. ამ ასაკისთვის, არსებობს რწმენა, რომ ადამიანს დასრულებული აქვს სწავლა, დაწყებული აქვს კარიერა და ჩამოყალიბებული აქვს ცხოვრების სტაბილური პატერნი, რომელიც ასევე შეესაბამება ინდივიდის სოციალური გარემოს მოლოდინებს და კულტურულ კონტექსტს. ეს ხშირად მოიაზრებს ვალდებულებებსაც, რაც, რეალურად, ხელს უშლის ადამიანს, განაგრძოს ძიება, თუ რისი კეთება უნდა თანმიმდევრულად, განახორციელოს თავისი მიზნები და სურვილები.
ამ ასაკში არსებული ძირითადი მახასიათებლებია:
- ეგზისტენციალური კითხვები, როგორიცაა ცხოვრების მიზნის განსაზღვრა და მომავალში დაურწმუნებლობა;
- დამოუკიდებლად ცხოვრება და პასუხისმგებლობის აღება პირად და პროფესიულ გადაწყვეტილებებზე;
- ინტრაპერსონალური/შინაგანი კონფქლიტი სურვილებს, ღირებულებებსა და მიზნებს შორის;
- ურთიერთობების დარეგულირების სირთულეები;
ურთიერთობების დარეგულირებაში ინტიმურობა მოიაზრება, როგორც სოციალურ, ასევე სექსუალურ დონეზე — რამდენად შეუძლია ადამიანს, წამოიწყოს, არეგულიროს და შეინარჩუნოს ურთიერთობები. ჩნდება შფოთვა, დაურწმუნებლობა არჩევანის სისწორეში.
აღსანიშნავია, რომ რთულია მკაფიო განმარტება, რადგან არ არსებობს უნივერსალური სიმპტომები და კრიზისული პერიოდის ერთმნიშვნელოვანი სახელდება, რადგან თითოეული ადამიანი სრულიად განსხვავებულად განიცდის მას.
იდენტობის ჩამოყალიბება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, საჭიროებს ინდივიდუალურ დროს და არ გულისხმობს, რომ არსებული იდენტობა უცვლელია, ცხოვრების მანძილზე შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა.
მნიშვნელოვანია, რომ შფოთვასა და სასოწარკვეთასთან ერთად, არსებობს ცნობისმოყვარეობა და ოპტიმიზმი იმის, რომ შესაძლებელია საწყის ეტაპთან დაბრუნება და ჩამოყალიბებული ცხოვრების პატერნის ცვლილება.
M: რისი გაკეთება შეგვიძლია ამ კრიზისთან გასამკლავებლად, რათა სასოწარკვეთას არ მივეცეთ და პირიქით, მეტი მოტივაციით განვაგრძოთ ცხოვრება?
25 წლის ასაკის კრიზისისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თვითრეფლექსია-დაკვირვება საკუთარ თავზე, როგორ ვგრძნობთ თავს? როგორ ვიქცევით? რა საჭიროებები და რა სურვილები გვაქვს? რისი გაკეთება გვინდა საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის? სახელდება, რომ კრიზისი გვაქვს, არის კრიზისის გადალახვის საწყისი ეტაპი.
მნიშვნელოვანია სამსახური, რომელიც შეესაბამება პიროვნების ღირებულებებს, აძლევს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გამოხატვის საშუალებას. ეს არაა დაკავშირებული იმასთან, რა სურთ მშობლებს, რას ელოდებიან თანამშრომლები; არამედ არის ის, რისი გაკეთება უნდა რეალურად ინდივიდს. აუცილებელია, საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება ჩანაცვლდეს რეალური სურვილების განხორციელებით.
მნიშვნელოვანია, რომ განვითარების კრიზისის წარმატებული ნავიგაცია იწვევს პიროვნულ ზრდას, იზრდება მედეგობა მომდევნო პოტენციური გამოწვევების მიმართ, უმჯობესდება თვითრეფლექსია, რაც ხელს უწყობს ახალ გარემოსთან ინდივიდის ადაპტაციას. შეიძლება, კრიზისული პერიოდები ტრანსფორმაციული იყოს.
მხარდამჭერი გარემო — ოჯახი, მეგობრები, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები წარმოადგენს რესურსს გამკლავების მექანიზმების ჩამოყალიბებასა და თვითზრუნვაში, რაც დაბალანსებული და შინაარსობრივი ცხოვრების პატერნის ჩამოყალიბებაში დაეხმარება ინდივიდს.
ავტორი: ქეთია ბელქანია