რა არის შენთვის დამოუკიდებლობა? როდესაც საქართველოს ბანკმა კრეატიული დირექტორის, ნიკა გუჯეჯიანის მოთავეობით 26 მაისის მასშტაბურად აღნიშვნა დაიწყო, პირველ კამპანიაში, 2016 წელს, საკუთარ თანამშრომლებს სწორედ ეს კითხვა დაუსვა. საკუთარი ნების გამოხატვა, შვილის დამოუკიდებლად აღზრდა, დამოუკიდებლად კვერცხის შეწვა, საკუთარ მე-დ ყოფნა, სასარგებლო საქმის კეთების შესაძლებლობა, ქართული ენა და ხო.. დროშა! ჩვენი უნიკალური დროშა.. ამ კითხვას, სწორედ ეს მრავალფეროვანი და ერთმანეთზე საინტერესო პასუხები გაეცა. დამოუკიდებლობის შეგრძნების გამოხატვა საკმაოდ ბევრ საქმიანობაშია შესაძლებელი, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ალბათ ისე მართლაც არაფერი გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, როგორც ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა. ზუსტად ამიტომ, 4 წლის წინ საქართველოს ბანკის ინიციატივით “გამოფინე დროშა” 26 მაისის თანმდევ მოწოდებად იქცა..
26 მაისი ჩვენი, ქართველი ხალხის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ეს თარიღი იმ ემოციების, დამოკიდებულებებისა და ფიქრების შეგროვების დღეა, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ და გულით და გონებით ვატარებთ. ვინც არ უნდა ვიყოთ – მეეზოვე, მცხობელი, სტილისტი, სამხედრო თუ ექიმი, ჩვენში დამოუკიდებლობა/თავისუფლება ისევე ჟღერს, როგორც ჩვენივე ჰიმნი, რომელსაც ყოველ 26 მაისს სიამაყით ვმღერით.
გავიდა დრო და იმასაც მივხვდით, რომ დროშაგამოფენილი აივნების მიღმა საოცრად მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული ხალხი იდგა და ყველა თავისებურად აღნიშნავდა ამ დღეს. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, ვიდეორგოლში პატრიოტიზმთან ერთად მრავალფეროვნებასაც გაესვა ხაზი. და მართლაც, რასაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, როგორი ცხოვრების სტილსაც არ უნდა ვეწეოდეთ და რისიც არ უნდა გვჯეროდეს, ჩვენ ყველას ხომ ქართველობა გვაერთიანებს..
დამოუკიდებლობის 101-ე წელს კი ფოკუსმა ქართველი ხალხის მრავალფეროვანი აღქმებიდან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებზე გადაინაცვლა. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლი, სადაც ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე საუბრობს და იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ ამ დამოუკიდებლობაზე დიდი ჯერ არაფერი ჰქონია.. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან მომენტებს არ შესწრებია, მათ მტკიცედ აქვთ გულში ჩაბეჭდილი უფროსი თაობებისგან გადმოცემული ისტორია, რომელსაც თავისებურად იცავენ და ამჟღავნებენ მრავალფეროვან საქართველოში.
2020 წელს საქართველოს ბანკის ვიდეორგოლში ნოე ჟორდანიას მიერ 1938 წლის 26 მაისს წარმოთქმული მიმართვა „გაცოცხლდა“. სწორედ ეს ემოციური სიტყვები იქცა კამპანიის მთავარ შემადგენელ ნაწილად — ვიზუალური თვალსაზრისით კი ძალიან კრეატიულად გადანაწილდა ფრაზები თანამედროვე თბილისის ქუჩებზე, შენობებსა და კულტურულ ძეგლებზე. თითქოს, ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ წლების ჩვენი ისტორიული წარსული, მიღწევები და გამარჯვებები დღესაც ჩვენ გვეხება, ჩვენი ნაწილია.
„ეძღვნება გურამ დოჩანაშვილს, ადამიანს, რომელსაც თავისუფლება და თავისი ქვეყანა ძლიერ უყვარდა“ — ასე მოგვილოცა მომდევნო, 2021 წელს საქართველოს ბანკმა 26 მაისი. არაჩვეულებრივი, შთამბეჭდავი მწერლის გარდა, ეს ის ადამიანი იყო, რომელსაც ნამდვილად გამორჩეული სიყვარული ჰქონდა სამშობლოს მიმართ… და სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო ბოლო „დამოუკიდებლობის დღის“ აღნიშვნა. თუმცა ამ ვიდეორგოლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა დოჩანაშვილის სითბოთი სავსე ფრაზები და „ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება“ ვიდეორგოლის მთავარ შთაგონებად იქცა.
2022-ის ვიდეორგოლი იმდენად ემოციურ ლექსად აეწყო, რომ ყველამ ერთნაირად ვიგრძენით თავისუფლების მოსვლის სირთულე, მისი სიტკბო, საჭიროება, წყურვილი, სხვადასხვა ფორმა, სიხარული…
თავისუფლება თავის გზაზე მოდის
და ამ გზაზე თავისუფლება ისე არ მოდის
თუ შენც არ მიდიხარ თავისუფლებასთან
თავისუფლების გზაზე
არ გაჩერდე