in

ვზეიმობთ, კი, დამოუკიდებლობას? – შოთა ჩინჩალაძის #აზრები

ყოფილხართ ბუდაპეშტში 20 აგვისტოს, როცა უნგრეთი სახელმწიფოს დაფუძნების, მათებურ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს? მე ვყოფილვარ.

ამ დღეს ყველა და ყველაფერი ისვენებს, ზეიმისთვის ემზადებიან. შეღამებულს, დუნაის ნაპირზე იკრიბებიან და გამაყრუებელი, 2 საათიანი უწყვეტი ფოიერვერკების ფონზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ღვინითა და ლუდის გაბრუებულები აღნიშნავენ ქვეყნის მთავარ დღესასწაულს.

ეს 2015 წელს ვნახე და იმ დღის მერე მოსვენება დავკარგე: რატომ არის, რომ უნგრელებს უფრო მეტად შეუძლიათ იბედნიერონ თავისი სახელმწიფოს დაფუძნების დღით, ვიდრე ჩვენ – დამოუკიდებლობით. ატომ არის, რომ მათი ზეიმი გულწრფელია: არც გამოფენები სჭირდებათ, არც ქვეყანაში წარმოებული ტანკებისა მთავარ გამზირზე გამოყვანა, არც აღლუმი და არც, მითუმეტეს, ადგილობრივი მომღერლების ცოტათი მობეზრებული და ძველი სიმღერებით გაზავებული კონცერტები?

რატომ არის, რომ აღდგომის ან ახალი წლის აღსანიშნავად საერთოდ არ გვჭირდება სხვისი მითითებები და სცენარი და ჩვენითაც შეგვიძლია მოვილხინოთ, ვიზეიმოთ, ხოლო დამოუკიდებლობის აღსაღნიშნი სუფრების რაოდენობით თავს ნამდვილად ვერ მოვიწონებთ?

ძალიან გთხოვთ, აპათიაში, პესიმიზმში ან, მით უფრო, ქვეყნის და ქართველობის სიძულვილში ნუ დამდებთ ბრალს. მე, უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ადამიანი, რომელიც სულ ფიქრობს „რა გვეშველება“, რა უნდა ვქნათ, რატომ გარბიან ახალგაზრდები სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, რატომ, რატომ ვყრით ნაგავს, რატომ ვჩეხავთ ტყეებს და პარკებს და კორპუსებით ვტენით ქალაქებს… რატომ არ ვუფრთხილდებით ამ ქვეყანას და ერთმანეთს?

ჰოდა, ვინაიდან ამ ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ბრენდინგის მეტი დიდად არაფერი ვიცი, აგერ ბატონო, ჩემებური პასუხიც ისევ ამ პროფესიაში ვიპოვე.

თავიდანვე უნდა ვთქვა, საკითხი ძალიან ჩახლართულია და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ექნება სხვა პასუხებიც ჩემს შეკითხვებზე, თუმცა მე ჩემებურ ვერსიას, პრობლემის ორ ნაწილად (ამ ბოლო დროს შემიყვარდა სათქმელის ორად დაყოფა) გაშლას შემოგთავაზებთ და მერე… ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ.

მისია დავკარგეთ
„ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დააარსებს თუ ამით კაცობრიობას სამსახური ვერ გაუწია, საერთაშორისო ფუნქცია, მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო.“ – ბატონი სანდრო, „დათა თუთაშხიადან“.

ჩემთვის უპირველესი მიზეზი სწორედ ქვეყნის მისიის დაკარგვაა. ბრენდინგში გაცნობიერებულმა ადამიანებმა ვიცით, მისია შენი (ბრენდის) არსებობის მთავარი მიზეზია. ეს არის შენი ყოველდღიური ქცევის წამმართველი, გლობალური, დიდი მიზანი, ამ ქვეყნად შენი (ბრენდის) როლის დეკლარირება. მისია აღწერს იმას, თუ რისი შეცვლა გინდა (შენი ბრენდით) სამყაროში, რა სარგებელი მოგაქვს საზოგადოებისთვის და რა დააკლდება საზოგადოებას ამ ბრენდის გაქრობის შემთხვევაში. გარდა ამ (ცოტა ბელეტრისტიკული) შინაარსისა, მისიას ერთი ძალიან კონკრეტული დანიშნულება აქვს: ის არის საუკეთესო გზა, ერთად შეკრებილი სხვადასხვანაირი ინდივიდების ერთი, საერთო მიზნისკენ გასაერთიანებლად.

საკუთარი მსჯელობით დიდად თავი რომ არ მოგაბეზროთ, თქვენის ნებართვით, კვლავ „დათა თუთაშხიას“ ამ გენიალურ პერსონაჟს დავესესხები – „ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას იმან ჩაუდგა სული, რომ ქრისტიანობისთვის გაანაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში, მეორე მხრივ, ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით, რომელსაც ჩრდილოეთ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების გაკონტროლება შეეძლო“.

შეიძლება ვეთანხმებოდეთ, ან არც, მაგრამ, ალბათ, მარტივი დასანახია, რომ დიახ, ჩვემი თაობის უმეტესობამ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხი არ იცის (და ეს მათი ბრალი სულაც არაა). ჩვენს თავს გადავლილმა უამრავმა ჭირმა, საბჭოთა კავშირის ჩათვლით, მისია, კაცობრიობის სამსახურში ჩვენი ადგილი, ადამიანთა მოდგმისათვის მიცემული სარგებელის აღქმა წაგვართვა. არ ვიცით რა მოხდება, რა დააკლდება მსოფლიოს (და არა თითოეულ ჩვენგანს, რადგან მისია საზოგადოებაზე უნდა კონცენტრირდებოდეს და არა თავად ბრენდზე) თუ აღარ ვიარსებებთ. არ გვიფიქრია, არ გვიმსჯელია, რა არის ის გლობალური მიზანი, რომლის გარშემოც მზად ვართ გავერთიანდეთ და ჩვენი ყოფა „ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესიდან“ ერთ დიდ საქმედ ვაქციოთ. საქმედ, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეცოდინება რას და რისთვის აკეთებს.

 ბრენდს ჩვენად ვეღარ აღვიქვამთ
„ასეთი მსოფლიო მისიის აღსრულება გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული. პიროვნებამ, მოქალაქემ ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა“.

ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა გაცვლას ეფუძნება. გაცვლა კი ორმხრივია, ორივემ თუ არ ვიხეირეთ, გაცვლა არ შედგება, ვერ მოვრიგდებით. დიდ ბრენდად გადაქცევისა და ბრენდის მისიის აღსრულების, საერთო წარმატების მიღწევის გზა ერთადერთია: ბრენდის შენების ყველა მონაწილემ უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი ამ საერთო საქმეში, იცოდეს რას დაკარგავს, თუ თავს დაზოგავს და რა „ჯილდოს“ მიიღებს – თუ ბოლომდე დაიხარჯება. ეს გზაა, იმისათვის, რომ ბრენდის შენებაში ჩართული თითოეული ადამიანი თავს ამ ბრენდის ნაწილად, წარმატებისა თუ წარუმატებლობის ინგრედიენტად აღიქვამდეს და შედეგად, ბრენდსაც საკუთრად მიიჩნევდეს, იჩემებდეს.

ნებისმიერი ბრენდი ადამიანებით შენდება, ადამიანები კი – მისი თანამშრომლები და მომხმარებლები არიან (ამას, ქვეყნის კონტექსტში შეგვიძლია შევხედოთ, როგორც მთავრობასა და მოქალაქეებს, ან საქმე გავამარტივოთ, და მოქალაქეები ჩავთვალოთ საქართველოს, როგორც ბრენდის მმართველებადაც და მომხმარებლებადაც).

ჩვენს თაობაზე მოგახსენებდით და გლობალური მისიის გაქრობამ და, ალბათ უფრო მეტად, „დიადთა ამა ქვეყნისათა“ მუდმივმა ბატონობამ, ზემოდან ყურებამ, მათი გავლენების მუდმივმა ზრდამ, ფულადი თუ სხვა რესურსების მუდმივად დაბატონება/წაგლეჯვამ და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე, ინდივიდის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვამ, იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს, როგორც ბრენდს საკუთარად ვერ აღვიქვამთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ, არ ვიცით, რატომ უნდა ვიშრომოთ ამ ქვეყნისთვის, არ ვიცით რას მივიღებთ ჩვენ ქვეყნის წარმატების შემთხვევაში ან რას დავკარგავთ მისი კიდევ უფრო უკან წასვლისას. ბრენდი ჩვენი აღარ არის, მასში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ და ხელისუფალნიც სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ ამ ბრენდის მართვის მარწუხების მხოლოდ საკუთარ ხელში დაჭერასა და შესაბამისად, ბრენდის სიძლიერით მიღებული სარგებლის ხარბად დაბატონებას.

ამ უფუნქციობამ და საკუთარი როლის დაკარგვამ გადაღალა ბევრი ადამიანი. ბატონი სანდროსი არ იყოს „ქართველი ერთი სულიერად გადაიღალა, ხორციელად განადგურდა. უამოცანოდ დავრჩით, ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ფუნქციაა ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ… [ახლა ჩვენ] გათითოკაცებული ყოფილი ერი [ვართ].“ საქართველოს შვილები ვართ, მაგრამ საქართველო აღარაა ჩვენი, საკუთარი, საყვარელი და სიცოცხლისთვის აუცილებელი ბრენდი, ის მხოლოდ ერთ პატარა, შემოსაზღვრულ ტერიტორიად იქცა, სიტყვა „სამშობლოს“ მნიშვნელობა გამოეცალა, თითქოს.

არ ვიქნებოდი მართებული, ამ ყველაფერთან ერთად ქართველთა, განსაკუთრებით კი ჩემი თაობის ერთიანობის მაგალითები არ გამეხსენებინა. ხომ კარგად გახსოვთ ავბედითი 13 ივნისი, ჯერაც მიმდინარე კრიზისი, რომლის დროსაც ასობით ჩემმა მეგობარმა საკუთარი თავის გადარჩენის ნაცვლად, სხვებზე დაიწყო ფიქრი, უპატრონო ძაღლებით დაწყებული, უსაკვებოდ დატოვებული პენსიონერებითა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესების დახმარებას მიჰყო ხელი. ჩვენმა შეგნებამ, მიმდინარე დიდი ვირუსიც გადაგვაგორებინა და ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ გარეთ ერთმანეთის მოფრთხილებას. ამ დროს თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდით რატომ ვაკეთებდით ამას, ვიცოდით რა იყო ჩვენი მისია (ადამიანთა დახმარება) და რა წვლილი შეგვეძლო ამ მისიის შესრულებისთვის შეგვეტანა.

მეც მახსოვს, მეც ვხედავ და არ შემიძლია ამ ყველაფრით არ აღვფრთოვანდე. აღვფრთოვანდე არა იმიტომ, რომ ადამიანებისგან კეთილი საქმეები მიკვირს. აღვფრთოვანდე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები შესაბამისი გლობალური მისიის და ამ მისიის შესრულებაში თითოეული ჩვენგანის როლის დანახვა, საერთო ამოცანაზე შეთანხმება, საკმარისი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც დაადგეს „გაბრწყინების“ გზას. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც მზადაა ამ ყველაფრის შესასრულებლად, „ერის ფუნქციის გასამეორებლად“.

მერე, აღარც 26 მაისის დიდი ზეიმის ხელოვნურად შეფუთვა დაგვჭირდება და აღარც ბიუჯეტის უსაშველოდ ხარჯვა იქნება საჭირო. უბრალოდ, მარტივად, ახალი წელივით, ყველა ჩვენს თავში და ოჯახებში ვიზეიმებთ ქვეყნის გათავისუფლების ამ მნიშვნელოვან თარიღს.

იქნებ იმ ყმამაც, ბაზალეთის ტბის ძირას რომ წევს აკვანში, სწორედ ეს მისია და მასში თითოეული ჩვენგანის როლი იცის.

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

p.s. ბატონი სანდროს მონოლოგი ფილმში:

შოთა ჩინჩალაძის #აზრები

27 მაისს, ProductTank Tbilisi პროდუქტ კონფერენციას ჩაატარებს – სპიკერები, თემები

Tender Babies – ანუ რას გვიყვება ლუას და ნიკოს ახალი ალბომი #თაობა