10
May
2019

26 დღე ბურგერთან ერთად – გიორგი კონტუაძის “მადისაღმძვრელი” კამპანია

10 May 2019

სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ბურგერის სიყვარულმა?!.. ამ კითხვის პასუხად, ალბათ, მძიმეწონიანი ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, მაგრამ გირჩევთ, ასე მარტივადაც არ შეხედოთ ამ საკითხს.. ბურგერების დიდმა მოყვარულმა გიორგი კონტუაძემ გადაწყვიტა, საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის მასშტაბით საუკეთესო ბურგერები გამოევლინა. შეარჩია 26 ადგილი და 26 დღის განმავლობაში 26 ბურგერი დააგემოვნა. იგი “რევიუებსა” და ბურგერების დაუმუშავებელ სურათებს ყოველ დღე აქვეყნებდა Facebook-სა და Instagram-ზე.

თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა შედეგებით დასრულდა აღნიშნული კამპანია, ყველაფერ ამის შესახებ Marketer.ge გიორგის გაესაუბრა:

M: რა იყო კამპანიის მიზანი და ინსპირაცია?

კამპანიის მიზანი იყო, გამერკვია, ბაზარზე რომელი დაწესებულება სთავაზობდა მომხმარებელს ყველაზე გემრიელ ბურგერს. ხშირად ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მეგობრები ერთამენეთს უზიარებენ ხოლმე, რა ადგილას უნდა წავიდნენ გემრიელი ბურგერის საჭმელად.. ამიტომ მომინდა, მე თავად ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელიც ამ ყველა დაწესებულებაში მივიდოდა და თავად გასინჯავდა ბურგერებს.

რაც შეეხება ინსპირაციას, ამ კამპანიას საფუძვლად უდევს სიყვარული.. რომ არა ბურგერის სიყვარული, ეს კამპანია არ შედგებოდა..

M: 26 ბურგერი ერთგვარი გამოწვევასავით ჟღერს, დასჭირდა მათ დაგემოვნებას ნებისყოფა?

მარტივი არაფერია, განსაკუთრებით ყოველ დღე როცა გიწევს ბურგერის ჭამა.. ხანდახან არ მიმართლებდა და იმდენად ცუდი ბურგერი მხვდებოდა, რომ მთელი დღის განწყობა მიფუჭდებოდა ხოლმე. თუმცა, უამრავი ადამიანი აკვირდებოდა ამ პროცესს და მამხნევებდა, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.

M: როგორ დაიწყო #26ბურგერი და როგორ განვითარდა?

თავდაპირველად ჩავატარე გამოკითხვა ჩემს პირად გვერდზე და ფეისბუკის დახურულ ჯგუფში Cafè community ვიკითხე, გემრიელი ბურგერის თვალსაზრისით, რომელ დაწესებულებას გაუწევდნენ რეკომენდაციას. ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ პოსტს. შევკარი ყველა ობიექტი და ჯამში, 26 დაწესებულება გამოვიდა. მეორე დღიდან დავიწყე ამ დაწესებულებებში ბურგერების დაგემოვნება. წინასწარ არავინ იცოდა, თუ სად მივიდოდი, რათა ობიექტურად მომხდარიყო ყველაფერი. კამპანიის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შევამჩნიე, რომ უკვე ელოდნენ პოსტს, თუ რომელი ბურგერი იქნებოდა განხილვის ობიექტი. კამპანიისთვის შევქმენი სპეციალური ჰეშტეგი #26ბურგერი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ, მარტივად ედევნებინათ თვალი სიახლეებისთვის. მწერდნენ სხვადასხვა დაწესებულებიდან და მთხოვდნენ თავიანთი ბურგერის დაგემოვნებას, თუმცა, წინასწარ უკვე შედგენილი მქონდა სია და სხვა დაწესებულებებისა და დღეების დამატება ნამდვილად არ მინდოდა. მოგეხსენებათ, 26 დღე ბურგერი არც ისე მარტივი საქმეა. ვფიქრობ, ცნობადობის კუთხით ეს კამპანია ძალიან კარგი გამოვიდა.

M: რაიმე ახალი დამოკიდებულებები ხომ არ გაგიჩნდათ ბურგერთან? აქამდე როგორი გქონდათ?

ბურგერთან ნამდვილად სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ზუსტად ვიცი, სად უჭირს, რას უნდა მივაქციო ყურადღება, რა უნდა ვაპატიო, რა არ უნდა ვაპატიო, როდესაც პრეტენზია აქვთ ქალაქში საუკეთესო ბურგერზე. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ბურგერის ჭამა ერთგვარი ხელოვნებაა, ამიტომ დღემდე, კარგ ბურგერს დიდი სიყვარულით ვეკიდები.

ერთი აუცილებელი რამ, რაც უნდა ვთქვა არის ის, რომ ნუ გააკრიტიკებთ რომელიმე დაწესებულებას ცუდი ბურგერის გამო, თუ ის გამოიძახეთ. შეუძლებელია, გამოძახებულ ბურგერში გემოვნური თვისებები შენარჩუნებული იყოს.

M: რა კრიტერიუმებით აფასებდით ბურგერებს და გაქვთ თუ არა კულინარიული კუთხით რაიმე პროფესიონალური გამოცდილება?

მქონდა რამდენიმე კრიტერიუმი, ესენი იყო: მომზადების დრო, ფასი, ვიზუალი, პური, ხორცი, სოუსი
და შინაარსი, რადგან შეიძლება ცალ-ცალკე ყველაფერი ნორმალური იყოს, მაგრამ მთლიანობაში ბურგერი იდეალური მაინც არ იყოს. კულინარიის სფეროში პროფესიონალურ გამოცდილებას ვერ დავიბრალებ, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მე ძალიან მიყვარს ბურგერების მომზადება. თუმცა, ამ კამპანიაში ვცდილობდი, არა როგორც სფეროს ექსპერტის, არამედ უფრო დიდი ძალის – მომხმარებლის მხრიდან მეჩვენებინა პროდუქტი. ალბათ, ასე უფრო საინტერესო იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ კამპანიას ადევნებდა თვალს.

M: გამოხმაურებებიდან ვიცით, რომ ე.წ “ჰეითერები” ამბობდნენ, რომ კამპანია წონაზე გავლენას იქონიებდა..

მთელ კამპანიას გასდევდა ეს კითხვა. ყველა ელოდა დასრულებას, რომ ჩემს წონაზე დაეცინათ და ნიშნის მოგებით მიკომენტარებდნენ, თუმცა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, კამპანიის ბოლოს ერთი კილო მქონდა დაკლებული, რაც მართლაც შესაშური შედეგია. გამოვიდა ერთთვიანი ბურგერის დიეტა, რომელიც ერთ კილოს გაკლებინებს – შემიძლია, რეკომენდაციები გავცე. სხვათა შორის, კამპანიის მსვლელობისას, გარდა იმისა, რომ გემრიელ ბურგერებს ვეძებდი, მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ შეიძლება ბურგერს მიირთმევდეთ და თან წონაშიც იკლებდეთ. სულ მწყდებოდა გული იმ ადამიანებზე, რომლებიც ბურგერზე უარს ამბობდენ ზედმეტი კილოგრამების გამო.

M: ბოლოს, რა შედეგებით დასრულდა 26 ბურგერის კამპანია?

რა თქმა უნდა, ყველა ელოდებოდა საბოლოო ხუთეულს, რომ გამარჯვებული ბურგერების დაგემოვნება დაეწყოთ. ფინალური ხუთეული ასეთია:

ღუმელი • Ghumeli
PIPES burger joint • პაიპს ბურგერ ჯოინტი
Green Terrace • მწვანე ტერასა
Lolita
Hotel Costé

იმედი მაქვს, კიდევ გაჩნდება ისეთი დაწესებულებები ბაზარზე, რომლებიც შეძლებენ თავიანთი სათქმელის თქმას და ჩვენ, ბურგერის მოყვარულებს, იდეალური ბურგერებით გაგვანებივრებენ.

განხილვა