in ,

„ჩვენ მივანიჭეთ ვეფხისტყაოსანს ციფრული უკვდავება“ – ლუკა ჩხეტიანი

სულ ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწეობენ და ამ კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, Microsoft-ის კონკურსში 5 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ისინი არ ჩერდებიან და დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ დაიწყეს პროექტი „ციფრული უკვდავება“; პროექტი, რომელიც „26 მაისის ციფრული ემოციის“ შედეგია.

საიტ 26may.systemcorp.ai-ზე შესულებს, ქართველი ახალგაზრების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი წაგიკითხავთ ქართული კულტურის გამორჩეულ ქმნილებას – ვეფხისტყაოსანს. ამისათვის, ხელოვნური ინტელექტს, სახელად „ტარსი“, 5 საათი და 47 წუთი დასჭირდება, თავად პროექტის ავტორებმა კი (კომპანია SYSTEM CORP.) იდეის გაჩენიდან შესრულებამდე 72 საათი დახარჯეს. სანამ „ტარსი“ მოგითხრობთ „ესე ამბავსა სპარსულსა, ქართულად ნათარგმანებსა“, ჩვენ მოგიყვებით „ციფრული უკვდავების“ მიზნებზე, 26 მაისის ციფრულ ემოციასა და ხელოვნური ინტელექტის როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა თუ სოციალური ფონის გაუმჯობესებაში.

https://soundcloud.com/systemcorpai/26may?fbclid=IwAR3M7PF8LTHtpQoKc51zCbJ2bjkNPmKKX6UCbMjsimPH-_3OzexKd0PJj2o

26 მაისი, თავისთავად, დიდ ემოციურ დატვირთვას ატარებს ქართველი ხალხისათვის და ამის მისახვედრად საჭიროა, უბრალოდ გაიაზრო, თუ რა გამოვიარეთ, რამდენი ვიბრძოლეთ და როგორ გვინდოდა, რომ ხვალინდელი დღე ყოფილიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ამისათვის იბრძოდნენ ადამიანები, ვის მხრებზეც ახლა ჩვენ, ახალი თაობები ვდგავართ. თანამედროვე სამყარო, ავტომატიზაციისა და მანქანური ინტელექტის პირობებში, დგას ეკონომიკური და ინდუსტრიული რევოლუციის გზაგასაყარზე. შესაბამისად, ჩვენ, ახალგაზრდებმა უნდა შევიტანოთ წვლილი იმ ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე წარმოებაში, რომელიც სამომავლოდ ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სიმყარეს განსაზღვრავს. ჩვენი იდეა იყო, რომ ქართული კულტურული საგანძურით, რომელსაც მსოფლიო იცნობს და ტექნოლოგიის თანამშრომლობით, კიდევ ერთხელ გვეთქვა მთელი მსოფლიოსათვის, რომ ეს პატარა ქვეყანა ისევ აგრძელებს ბრძოლას და მიჰყვება ევოლუციას, შეუძლია ადაპტირება ახალ გარემოსთან, მცირე რესურსების ქონის მიუხედავად. ასეთი საგანძური კი, რაც მოგვაფიქრდა პირველი, იყო ვეფხისტყაოსანი – გენიალური ქმნილება. ეს ნაბიჯი არის უბრალოდ ჩვენი, ძალიან ახალგაზრდების მცირე, მოკრძალებული მცდელობა გაგვეხადა დღევანდელი დღე ცოტათი უფრო იმედისმომცემი და რა თქმა უნდა – ციფრული“, – ამბობს ლუკა ჩხეტიანი, „ციფრული უკვდავების“ იდეის ავტორი.

M: უკავშირდება თუ არა „ტარსი“ პროექტ  „ექოს“, რომლითაც Microsoft-ის ხუთეულში მოხვდით? მაშინაც, AI-ს დახმარებით, ტექსტის საუბრად გარდაქმნაზე, ასევე, საუბრის ტექსტად ქცევაზე მუშაობდით, რაც სმენადაქვეითებული თუ უსინათლო პირებისთვის განათლების შესაძლებლობას ქმნიდა… 
ტექნიკურად, შეიძლება ითქვას, რომ კი. პროექტ „ექოს“ პარალელურად ვმუშაობდით ტარსზე (ხმოვან აგენტზე). უფრო სწორი იქნებოდა – პროექტი „ექო“ გავაკეთეთ ამ ტექნოლოგიის დახმარებით. მსოფლიო ბაზარზე იშვიათია მაღალი დონის ე.წ. Speech ტექნოლოგია, რომელიც ეკვალიბრიუმშია სისწრაფისა და პერფორმანსის თვალსაზრისით. ჩვენ ორი თვის წინ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ნებისმიერ ენაზე აგენერირებს ხმას გუგლის Wavenet-ის დონეზე და ოდნავ მეტი სისწრაფით. მაგალითად, „ტარსს“, ზუსტად რომ ვთქვათ, 5 საათი და 47 წუთიანი ვეფხისტყაოსნის დასაგენერირებლად 11.6 წუთი სჭირდება. 

„ტარსის“ – TARS (Transformer Attention Representation System)-ის შემქნლების თქმით, ამ ხმოვანი აგენტის ტექნოლოგიის მოღვაწეობა ვეფხისტყაოსნით დაიწყო და მოკლე დროში, ეცდებიან „ციფრული უკვდავება“ სხვა ნაწარმოებებსაც მიანიჭონ. ნაწარმოებებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის კულტურულ განძს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ „ციფრული უკვდავების“ ფარგლებში შექმნილი ყველა პროდუქტი უფასო ლიცენზიისაა, ანუ ეკუთვნის ქართველ ხალხს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი არაკომერციული მიზნებისთვის გამოყენება.

„ამ ნაბიჯით ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ ტექნოლოგიის გაზიარების კულტურას ლოკალურ ბაზარზე, და გავხადოთ ის ყველასათვის ხელმისაწვდომი – რადგან ტექნოლოგიის დანიშნულება არის გახადოს ჩვენი ცხოვრება უფრო მარტივი და იაფი, რათა ჩვენი დროისა და ეკონომიკური რესურსის მიმართვა მოვახერხოთ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომელსაც ადამიანის რისკითა და იმედით სავსე გონება სჭირდება. დამატებით, ვგეგმავთ უსასყიდლოდ გავახმოვანოთ სასკოლო ბაზაზე არსებული წიგნები, რათა მათი გამოყენება შეძლონ უსინათლო ბავშვებმა. თუმცა, ეს პირველი ხმამაღლა გაჟღერებული სიტყვაა ჩვენგან და იმედი მაქვს, განათლების სამინისტროს ინტერესს გამოიწვევს“.

ავტორი: ხატია თორდუა

წარმოსახვითი დამოუკიდებლობა – ვატო ქავთარაძე

26 მაისის პოსტერები – GIPA-ს სტუდენტების ნამუშევრები