in

2B – გიორგი ბრეგვაძისა და თენგიზ ბეგოიძის ტანდემი გრაფიკულ დიზაინში

ქართულ შემოქმედებით ბაზარს ახალი დიზაინ ტანდემი შეუერთდა. გიორგი ბრეგვაძემ და თენგიზ ბეგოიძემ თავიანთი გამოცდილებების გაერთიანება გადაწყვიტეს და 2B-ს სახელით გაერთიანდნენ. გამოცდილება კი უხვად დააგროვეს ისეთ სააგენტოებში მუშაობით, როგორებიცაა: HAVAS WARSAW, WINDFOR’S, Leavingstone, Holy Motors, Holmes&Watson და სხვები. მონაწილეობდნენ კანის ლომებისა და Eurobest-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე, საქართველოს სახელით. ახლა კი, როცა ერთად მუშაობის, ანუ ყოფნა-არყოფნის საკითხს (2B or not 2B) განიხილავდნენ, გადაწყვიტეს, ერთ დროს მეგობრულ შეხვედრებზე ინტერესით განხილული პროექტების პარალელურად, ერთობლივი შეექმნათ და ბაზარზე დამოუკიდებლად გამოჩენილიყვნენ. დეტალებზე თენგიზ ბეგოიძესა და გიორგი ბრეგვაძეს ვესაუბრეთ.

M: როგორ გადაწყვიტეთ, რომ საქმე ერთად გეკეთებინათ?

ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გავიცანით. სტუდენტობის პერიოდში ორივემ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა დრო გამოცდილების დასაგროვებლად და სწავლის პარალელურად პატარა სააგენტოში დავიწყეთ მუშაობა. მას მერე არ გავჩერებულვართ და უკვე ათი წელია დამოუკიდებლად სხვადასხვა სააგენტოებში ვაგრძელებდით მოღვაწეობას. უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა გვაქვს ყველა იქ შემხვედრი პროფესიონალის მიმართ, რადგან მათთან ერთად ჩამოვყალიბდით ისეთ კადრებად, როგორებიც დღეს ვართ.

ძირითადად, მეგობრულ შეხვედრებზე ვსაუბრობდით ხოლმე პროექტების შესახებ. ბოლო პერიოდში კი, ჩვენი მიზნები დაუახლოვდა ერთმანეთს, ამიტომ გადავწვიტეთ, ძალების გაერთიანებით ბაზარზე გამორჩეული კვალი დავტოვოთ. იმედი გვაქვს, ჩანაფიქრი მოლოდინს გაამართლებს.

M: რას გულისხმობს 2B-ის კონცეფცია?

2B ჩვენი სამოტივაციო ფრაზის, Be Better-ის აბრევიატურაა. ჩვენი კოლაბორაციის მთავარი მიზანი საკუთარ თავში ყოველ ჯერზე უკეთესი ვერსიის აღმოჩენა და განვითარებაა. მიღწეულით დაკმაყოფილება პროგრესის შეჩერებას გულისხმობს, ამიტომ ყოველდღიურობაში მეტი ძალისხმევის ჩადებას ვამჯობინებთ.

M: თქვენი ხედვით, რა აკლია ბაზარს ყველაზე მეტად, რასაც თქვენი ტანდემი შესთავაზებს?

სამყაროს გაციფრულებასთან ერთად აჩქარდა ცხოვრების ტემპიც, ამიტომ ადამიანურ ურთიერთობებსა და დროსთან მიმართებაში მოქნილობას საქმის აუცილებელ ინგრედიენტებად მივიჩნევთ. ყველაფერს ვერ დაგეგმავ, არის მომენტები, როდესაც საჭიროა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება, სითამამე და მეტი ექსპერიმენტი. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

ჩვენი მთავარი მიზანი ვიზუალურ კომუნიკაციაში პრობლემების სწორი ანალიზით ეფექტური გამოსავლის ძიება იქნება. პროექტი ხელს შეუწყობს ბრენდებს სწორება აიღონ ფუნქციონალზე და მოსახლეობისთვის შექმნან გამორჩეულად ცოცხალი პროდუქტი.

M: რა სეგმენტზე გაქვთ ორიენტირი და როგორ გეგმავთ განვითარებას?

უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით გუნდის განვითარებას, რადგან ჩვენი ჩანაფიქრი არ მოიაზრებს ნაცნობ იერარქიას, რომელსაც შეგვიძლია სააგენტო ვუწოდოთ. ეს იქნება დამოუკიდებელი გუნდი, რომელიც თანაბრად ითანამშრომლებს როგორც უშუალოდ ბრენდებთან, ასევე შეძლებს ჩაერთოს სააგენტოების სამუშაო პროცესში. ჩვენი კოლაბორაცია ორიენტირებულია ტალანტების აღმოჩენასა და გუნდის გაფართოებით ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ აფასებს „ლურჯი ოკეანე“ სფოთლაითის მხარდაჭერის მნიშვნელობას

ონლაინშოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნის 2 წელი