in

3 AI ხელსაწყო, რომლებიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ

უკვე იმდენი AI ხელსაწყო გაჩნდა, რომ მათ შორის ისეთის პოვნა გართულდა, რომელიც თქვენს დროს დაზოგავს და ცხოვრებასაც გაგიმარტივებთ. ზოგიც ფასიანია, ზოგიც კი იმდენად ბევრ რაიმეს გთავაზობთ ერთად, რომ ნავიგაცია გიჭირთ. ამიტომ, ახლა 3 პატარა ხელსაწყოს გაგიზიარებთ, რომლებიც ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათ შორისაა AudioPen, Readbay.ai და Platoria. 

1. AudioPen თქვენი აზრების მარტივი გზით შენახვას გთავაზობთ

თავში უცბად რაღაც აზრი რომ მოგივათ და სწრაფად გინდათ ჩაწერა, რომ არ დაგავიწყდეთ… ახლა AudioPen ამ პროცესს გაგიმარტივებთ — როცა რაღაც იდეა მოგივათ, თუნდაც ეს სამსახურის პროექტისთვის იყოს, ან რაღაც ნამცხვრის რეცეპტისთვის, ან ნებისმიერი სხვა რამ, უბრალოდ ღილაკს დააჭირეთ და ლაპარაკი დაიწყეთ, როცა დაამთავრებთ Stop ღილაკით ისარგებლეთ და წამებში AudioPen თქვენს ნათქვამს ორგანიზებულ მარტივ ტექსტად აქცევს. 

ვებზე დაფუძნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოწყობილობასა თუ პლატფორმაზე შეუძლია მუშაობა. ვებაპლიკაციაც შეგიძლიათ დააინსტალიროთ, რაც უკვე ბრაუზერზე შემოგთავაზებთ კონკრეტულ ფუნქციას. AudioPen-ზე 3 წუთამდე ხანგრძლივობის ჩანაწერების გაკეთება უფასოა და 10 ჩანაწერს ინახავს, თუმცა თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ იქნება შეგიძლიათ, გამოიწეროთ, ერთი წლის ღირებულება 75 დოლარს შეადგენს. 

2. Readbay.ai თქვენთვის საინტერესო სტატიების წაკითხვაში დაგეხმარებათ

რამდენი სტატია შეგინახავთ სხვა დროს წასაკითხად? და რამდენჯერ მიბრუნებიხართ? Readbay.ai სტატიების შენახვას კი არ გთავაზობთ, არამედ სტატიების თავისსავე კრებულს პროდუქტიულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავდაპირველი არჩევანის საფუძველზე ყოველდღე ერთ ახალ სტატიას შემოგთავაზებთ და გიბიძგებთ, მხოლოდ ეს ერთი სტატია წაიკითხოთ და სხვა არაფერი. 

ჰაილაითების შენახვის საშუალებასაც მოგცემთ, საკუთარი აზრისა და რეაქციების გაზიარების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი კი Notion-ში შეინახება. GPT ქოუჩსაც სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებიც კითხვებს შემოგთავაზებთ, რათა საინტერესო საკითხებზე დაგაფიქროთ, როცა ჩანაწერების კეთებას დაიწყებთ. Readbay.ai უფასოა, თუმცა ულიმიტო წვდომა რომ მიიღოთ ქოუჩზე, რეკლამებიც რომ აღარ ნახოთ და სხვა სასარგებლო ფუნქციებითაც ისარგებლოთ, თვეში 9 დოლარის გადახდა დაგჭირდებათ.

3. Platoria ონლაინ შოპინგს გაგიმარტივებთ

AI მომსახურებაა, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის მოძებნის საშუალებას მოგცემთ და ინტერნეტ სივრცეში არსებული შეფასებების შეჯამებასაც შემოგთავაზებთ. არსებულ საუკეთესო გარიგებებსაც გაგიზიარებთ და პროდუქტსაც გაჩვენებთ კონკურენტებთან მიმართებით. Platoria ვებზე დაფუძნებულია და ძალიან მარტივი გამოსაყენებლად — მის მთავარ გვერდზე საძიებო ზოლში ნებისმიერი პროდუქტის სახელი უნდა ჩაწეროთ, იპოვოთ და დაადასტუროთ თქვენთვის სასურველი კონკრეტული ნივთი — სულ ესაა. 

ხშირად დასმული კითხვების ველიც აქვს, რომელიც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს, მაგალითად ტელეფონის შემთხვევაში, ისეთ კითხვებს გაეცნობით, რომლებიც მოწყობილობის მთავარ ფუნქციებს, ეკრანის ხარისხს და სხვა მახასიათებლებს შეეხება. მართალია, Platoria უფრო მეტად ტექნოლოგიურ პროდუქტებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საიტი ნებისმიერი პროდუქტის დამატების საშუალებას გაძლევთ, თუ იგი მის მონაცემთა ბაზაში არ დაგხვდებათ. შემდეგ კი მხოლოდ 1 წუთი დასჭირდება იმისათვის, რომ მასზე ინფორმაციები მოგაწოდოთ.

Platoria უფასოა, მეტიც, ფუნქციების უმეტესობაზე წვდომისთვის ანგარიშის შექმნაც კი არ დაგჭირდებათ… ასე რომ, ცდად ნამდვილად ღირს.

ვარსკვლავები მოზაიკაში, რომლებიც წარმოუდგენლის წარმოდგენას გვთავაზობენ

Apple Vision Pro-ს სავარაუდო პროგნოზი სიმპსონებში