ბოლო დროს, ალბათ, ყველას შეგინიშნავთ ტენდენცია, რომ აპლიკაციების თითქმის ყველა ახალი განახლება სამუშაო პროცესის სრულად გარდაქმნას გვპირდება – რა თქმა უნდა, ახალი გენერაციული ასისტენტის დახმარებით. იქამდეც კი მივედით, რომ ხუმრობენ, თითქოს ტოსტერებსაც კი ჩატბოტები აქვთ ჩამონტაჟებული. პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად მონდომებით ცდილობს ჩვენ მაგივრად ფიქრს, რომ რეალურად, საქმის კეთებას უფრო ართულებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ირგვლივ ყველაფერი „ჭკვიანია“, გარემო ზედმეტად ხმაურიანი ხდება.
მათთვის, ვინც კარიერის, საოჯახო საქმეებისა თუ დამატებითი პროექტების მართვის პარალელურად ხელოვნური ინტელექტით გამოწვეულ გადაღლას განიცდის, ალტერნატივა არსებობს. გთავაზობთ სამ სრულიად უფასო, წმინდად პრაქტიკული დანიშნულების მქონე და სასიამოვნოდ „ჩვეულებრივ“ აპლიკაციას.
Joplin – ციფრული ბუნკერი ჩანაწერებისთვის
ტექნოლოგიურ სიახლეებში ჩახედულებს აუცილებლად ეხსომებათ დრო, როცა Evernote ბაზრის უდავო ლიდერი იყო, სანამ ის გადატვირთულ და ძვირადღირებულ პლატფორმად გადაიქცეოდა. ამის საპირწონედ შეიქმნა Joplin – open-source აპლიკაცია ჩანაწერებისთვის, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ე.წ. მინიშნებები და ანალიტიკა სრულებით არ აინტერესებს. ის იყენებს Markdown-ს, რაც ნიშნავს, რომ ჩანაწერები სუფთაა და მათი გადატანა სხვა მოწყობილობებზე მარტივია.
გარდა ამისა, აპლიკაცია მომხმარებელს end-to-end დაშიფრვას სთავაზობს. იმ ეპოქაში, სადაც ყველა დიდი ტექნოლოგიური კომპანია ჩვენი ჩანაწერების წაკითხვას საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად ცდილობს, Joplin ნამდვილ ციფრულ ბუნკერად გვევლინება. რაც მთავარია, ის სრულიად უფასოა და მონაცემების სინქრონიზაცია პირდაპირ საკუთარი Dropbox-ის ან OneDrive-ის მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც კონტროლს სრულად მომხმარებლის ხელში ტოვებს.
Microsoft To Do – ყოველდღიური ქაოსის წინააღმდეგ
ბაზარზე არსებული პროექტების მართვის რთული ინსტრუმენტები, როგორებიცაა Notion თუ Monday, ხშირად ზედმეტად გადატვირთულია ისეთი ყოველდღიური ამოცანებისთვის, როგორიცაა ვარჯიშისთვის საჭირო ნივთების გახსენება ან სახლის ოფისის განახლებისთვის საჭირო დეტალების ჩამოწერა. სწორედ ასეთი საქმეებისთვის არსებობს Microsoft To Do.
წლების წინ, როდესაც Microsoft-მა Wunderlist-ი შეიძინა, მან საბოლოოდ მაინც შეძლო მისი მთავარი ღირებულების – სისადავის შენარჩუნება. ეს არის უბრალოდ სია და მეტი არაფერი. მასში ვერ იპოვით „ჭკვიანი დახარისხების“ ფუნქციას, რომელიც ალგორითმზე დაყრდნობით თქვენს მნიშვნელოვან დავალებებს სადღაც დამალავს და ჯერჯერობით არც Copilot-ის ინტეგრაციას გვთავაზობს.
ამავდროულად, Microsoft To Do მეუღლესთან ან სამუშაო გუნდთან ერთად საზიარო სიების მართვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა – იქნება ეს პროდუქტების საყიდლად წასვლა თუ ახალი სტატიისთვის საჭირო დეტალების შეჯამება, აპლიკაცია მყისიერად სინქრონიზდება და ცვლილებებს შეუფერხებლად ატყობინებს მომხმარებელს.
Goodtime – ფოკუსირება ზედმეტი სტიმულების გარეშე
თუ კონცენტრაციისთვის განკუთვნილი ის აპლიკაციები მოგბეზრდათ, რომლებიც უფრო მობილურ თამაშებს ჰგავს – რეკლამებით, ფასიანი გამოწერებითა და მუდმივი შეტყობინებებით – დროა, Goodtime-ზე გადახვიდეთ. ეს არის ღია კოდის მქონე, მინიმალისტური პროდუქტიულობის ტაიმერი, რომელსაც სისადავის ფილოსოფია ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავს. ის სუფთა პომოდოროს სტილის ტაიმერია, ყოველგვარი რეკლამისა და მომხმარებლის თვალთვალის გარეშე.
აქ არც ანგარიშის შექმნაა საჭირო, არც ღრუბლოვანი სინქრონიზაციის მართვა და არც „ჭკვიანი“ რეკომენდაციების უგულებელყოფაზე ენერგიის ხარჯვა. ტაიმერის ჩართვისას, აპლიკაციას ავტომატურად შეუძლია Do Not Disturb რეჟიმის გააქტიურება, რაც თქვენსა და შეტყობინებებს შორის ერთგვარ ბარიერს ქმნის. მაშინ, როცა სხვა პროგრამები გეიმიფიკაციის გზით ცდილობენ მომხმარებელი ეკრანს მიაჯაჭვონ, Goodtime პირიქით მოქმედებს – გიბიძგებთ, ჩართოთ დრო, გადადოთ ტელეფონი და საქმის დასრულებამდე მისი არსებობა საერთოდ დაივიწყოთ.
წყარო: Fastcompany














