in

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ბექა ადამაშვილი

ჩვენი „ფავორიტი რეკლამების” სერია გრძელდება და ამჯერად, რჩეული ვიდეორგოლების დასახელება იმ ადამიანს ვთხოვეთ, რომელსაც თავად არაერთხელ გავუნებივრებივართ როგორც კრეატიული და გამორჩეული სარეკლამო რგოლებით, ისე თანამედროვე, საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებებით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვას თავად ბექა ადამაშვილს დავუთმობთ, რომელიც ჩვენზე უკეთ გეტყვით, რომელია მისი ფავორიტი 3 რეკლამა და რატომ…

სიების შედგენა დიდად არ მიყვარს. განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც მეტ-ნაკლებად ვერკვევი და არჩევანის გაკეთება არაერთ კანდიდატს შორის მიწევს (თორემ, მაგალითად, სამი ფავორიტი ასტროფიზიკოსის დასახელება რომ ეთხოვათ, ალბათ, ეს სტატია უკვე დასასრულისკენ იქნებოდა წასული). ამასთან, ნაცნობ სფეროებში სიების შედგენისას სულ მიჩნდება განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მავიწყდება. გამონაკლისი არც ეს სიაა. სწორედ ამიტომ, აქ ჩემს ფავორიტზე მეტად იმ რეკლამებს უფრო შეხვდებით, რომლებიც უბრალოდ დროის კონკრეტულ მომენტში სხვებზე მეტად გამახსენდა.

  1. ადამიანთა გულებისა და გონების დაპყრობის მიმართულებით, საშობაო ვიდეოებს შორის კონკურენცია ყოველწლიურად სულ უფრო მძაფრი ხდება. თუმცა, უეკლოდ მოკრეფილი ზღარბისა და მისი მეგობრების თბილ ამბავს ჯერჯერობით მაინც ვერაფერი შეედრება (ბოდიში, John Lewis). მიზეზი, რის გამოც ეს ანიმაცია მომწონს, მისი ამოსავალი წერტილია, რომლის ახსნაც სპოილერის თქმის გარეშე ძალზედ გამიჭირდება. ისე კი, ანიმაციის ნახვის შემთხვევაში, მეეჭვება, რეკლამის მოწონების მიზეზებზე რაციონალური არგუმენტების მოძიება კიდევ გახდეს საჭირო.

2.რძე მძულს, მაგრამ ლაქტოზასთან არსებული პრობლემები სულაც არ მიშლის ხელს იმაში, ეს ძველთაძველი რეკლამა რომ მომწონდეს. ზოგადად, აბსურდული ამბები ისედაც მხიბლავს, მაგრამ აქ ეს აბსურდი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. აარონ ბურისა და ალექსანდერ ჰამილტონის დუელზე ჩაციკლული პერსონაჟი კი ძალიან ჰგავს აარონ ბურისავე ნასროლ ტყვიას, რადგან მიზანში ჩინებულად არის მორტყმული. ასეთი სახასიათო პერსონაჟები რეკლამებში იშვიათია, ან უფრო ზუსტი თუ ვიქნები, ჩემს ნანახ რეკლამებშია იშვიათი.

3. არანაკლებ კარგია ამოსავალი წერტილი ამ ვირუსულ რეკლამაშიც, სადაც ესთეტიკა და იუმორი „თითქოსდა ამ რეკლამისთვის დაწერილი“ სიმღერის მეშვეობით ხვდება ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, პანდემიის გავლენით შექმნილ ბევრ სხვა ნამუშევარს შორის, ეს ერთ-ერთი გამორჩეული რეკლამაა და გვაფიქრებს იმაზე, რომ სწორი კუთხის მოძებნის შემთხვევაში, სამყაროს არცთუ სახარბიელო ყოფაზეც კი შეიძლება რაიმე გასაღიმარი შექმნა. ან, შესაძლოა, სულაც არ გვაფიქრებს ამაზე და უბრალოდ ლუდის მაქსიმალური გაყიდვით, შემოსავლის გვარიანი ზრდა სურს. 

ასეა თუ ისე, როგორც ნილ დეგრას ტაისონი იტყოდა: „შემოქმედებითობა არის დაინახო ის, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ იფიქრო მასზე ისე, როგორც მანამდე არავის არასოდეს უფიქრია“, რასაც ეს რეკლამებიც თვალნათლივ ადასტურებს. ალბათ, სხვა ასტროფიზიკოსებსაც ექნებათ შემოქმედებითობაზე რაიმე ნათქვამი, მაგრამ, როგორც უკვე იცით, მათი ცოდნით ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არ ვწყვეტ. შეიძლება, ესეც ზედმეტი იყო. 

ბექა ადამაშვილი – სცენარისტი / ფრილანს კრეატიული დირექტორი.

ICRHOME – ავეჯისა და სახლის აქსესუარების ახალი ჰაბი

Alibaba-ს დამფუძნებლის მარცხის გზა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა