ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ფავორიტი რეკლამების ერთ სტატიას არ დავჯერდებოდით, გამართლდა და ამ კვირაში ნინო ბიწაძის ტოპ სამ რჩეულ რეკლამას წარმოგიდგენთ. ჩვენთვის საინტერესო იყო, ადამიანი, რომელსაც ბევრი რეკლამიდან ვიცნობთ, თავად რომელ ვიდეორგოლებს ანიჭებს უპირატესობას და შედეგი ძალიანაც მოგვეწონა. დანარჩენი თავად წაიკითხეთ…
დარწმუნებული ვარ, მთელი მარკეტინგული სამყარო უცდიდა ჩემს აზრს საყვარელ რეკლამებთან დაკავშირებით, ჰოდა მეც არ დაგზარდებით და რამდენიმეს გაგიზიარებთ.
ზოგადად რაღაც-რაღაცებს და მათ შორის რეკლამებსაც, გონებაში 3 კატეგორიად ვყოფ ხოლმე:
რაც მომწონს – ერთხელ ვნახე და აღარ მივუბრუნდები.
რასაც ვაფასებ – შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ვაღიარებ რომ კარგი ნამუშევარია.
რაც „მიყვარს” – შესაძლოა ნაკლები ღირებულების კონტენტი, მაგრამ არასოდეს მეზარება თავიდან ნახვა.
ჰოდა, ახლა სწორედ ასეთ ვიდეოებს გაგიზიარებთ:
1. CBS-ის “AFC Championship Tease” ერთ-ერთია ჩემი საყვარელი რეკლამების სიიდან. Ზოგადად რეკლამა, ალბათ, იმიტომ მიყვარს, რომ ყველა წესის დარღვევა შეგიძლია – ყველაფრის ცდა და ყველა იდეის განხილვა. ამიტომ მგონია, რაიმეს შექმნისას თავი არ უნდა შევიზღუდოთ ჩარჩოებით, წინასწარ განსაზღვრული ფორმატებით და ქრონომეტრაჟით. თუ ხვდები, რომ შედეგი უფრო საინტერესო იქნება 5 წუთში ან 10 წამში, ვიდრე 1 წუთში რავი, რატომაც არა?
Super bowl-ს არასდროს ვუყურებ, მაგრამ ამ ვიდეოს ყურებისას პირველად გავიზიარე შეგრძნება, თუ როგორ უყვარს მაყურებელს და როგორც ელოდება წლიდან წლამდე. ჩემთვის ეს ვიდეო რაღაც ამბავი უფროა, რომელიც ძალიან ემოციურიცაა, ძალიან ირონიულიც და მთელი დიდებულებით აღწერს ამ მოლოდინსაც.
2. მგონია, რომ დღეს, როცა ყველა მომხმარებელს რეკლამისგან თავის დაღწევა უნდა, მართლა გამარჯვებაა, მაყურებელი თავისი ნებით მეორედ მიუბრუნდეს ვიდეოს, თვითონ მოძებნოს. ერთ-ერთი რაც რამდენჯერმე მინახავს და მეგობრებისთვისაც მიჩვენებია Audi-ს “Tilted World-ია”. განსაკუთრებით მიყვარს ძალიან უცნაური, უტრირებული სამყარო, რომელიც თავიდანვე გიჩენს ინტერესს და მთელი ვიდეოს ყურებისას ფიქრობ – „რა ხდება”.
3. მესამე მიმართულება, რომელიც ძალიან მიყვარს, ცოტა აბსურდული გზით მოყოლილი ამბებია. ზოგადად, რეკლამაში ყოველთვის უფრო იუმორი მომწონს, ვიდრე დრამატული სიუჟეტი – კარგი იუმორი ბევრად უფრო დასამახსოვრებელს ხდის ყველაფერს.
ასეთია Setapp-ის სერიები. და ასევე, თეგეტას „როგორ გადავრჩეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით”.
ნინო ბიწაძე – ლიბერთის სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი / ფრილანს პროდიუსერი.











