უამრავ ნამუშევარს შორის, 3 ფავორიტი რეკლამის გამორჩევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამიტომ, ჩემს საყვარელ ნამუშევრებს შორის სამეულის ამოსარჩევად, დამატებითი ფილტრის გამოყენება დამჭირდა — მგონია, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად რაც მოგვწონს, გვინდა ჩვენი იყოს. გვინდა რაიმე კავშირი გვქონდეს ამ ნამუშევრებთან. ჰოდა, მეც ეგ კითხვა დავუსვი ჩემს თავს და გიზიარებთ 3 ვიდეორგოლს, რომელთა შექმნაში მონაწილეობაც განსაკუთრებულად გამაბედნიერებდა:
1. Under Armour-ის ვიდეო, მაიკლ ფელპსის მონაწილეობით, ნათელი მაგალითია ჩემთვის, როგორ შეიძლება დააინსპირირო უამრავი ადამიანი კადრს მიღმა არსებული ნამდვილი ისტორიის ჩვენებით. თანაც, სათქმელის გადმოსაცემად, კადრებთან ერთად, მხოლოდ ერთი ფრაზა გამოიყენო. ფრაზა, რომელიც იმდენად გულწრფელი, ძლიერი და რეალურია, რომ უდიდეს მოტივაციას გაძლევს და წამებში გარწმუნებს შრომის მნიშვნელობაში.
ვიდეოს იდეა, შინაარსი და მესიჯი ყველასთვის ნაცნობ დაკვირვებაზეა აგებული — წარმატებულ ადამიანებს, უმეტესად, მხოლოდ სცენაზე, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვხედავთ და ვერ აღვიქვამთ, რამდენად დიდი ძალისხმევა დასჭირდა კონკრეტულ ინდივიდს აქამდე მისასვლელად. ეს კი, ხშირად, ადამიანების დემოტივაციას იწვევს — ბევრი ფიქრობს, რომ მას არ გაუმართლა, საკმარისი ნიჭი თუ სათანადო ბედისწერა წილად არ ერგო და მწვერვალებს ვერასდროს დაიპყრობს. სინამდვილეში, შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ყველა წარმატების მიღმა უდიდესი ძალისხმევა იმალება. ვფიქრობ, ეს ვიდეო, სწორი შინაარსით და რეალისტური, არაგადაჭარბებული მესიჯით, ზუსტად ამაში გვარწმუნებს.
2. H&M-ის ეს ვიდეო თავისი ნარატივით, ინდივიზუალიზმის მხარდაჭერით, სტერეოტიპთან დაპირისპირებით თუ ბრენდის მხრიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, ჯერ აღგაფრთოვანებს, შემდეგ კი, რაღაც წარმოუდგენელი ენერგიით გმუხტავს. თითქოს გათავისუფლებს, თავდაჯერებას, სიმამაცეს გმატებს და გიბიძგებს, თავადაც რაღაც მოიმოქმედო.
3. Nike-ის ეს ვიდეო საკმაოდ ძველია — 2007 წელს შეიქმნა, თუმცა, ჩემთვის დღემდე ფავორიტია. ვიდეო 31 დეკემბერს გამოქვეყნდა, ახალი წლის წინა დღეს, ანუ მაშინ, როცა ადამიანების დიდი ნაწილი მომავალი წლის გეგმებს აწყობს და რეზოლუციებს აფორმულირებს. ვფიქრობ, რომ ვიდეოს ყურებისას, რომელიმე მომენტში მაინც, აუცილებლად ამოიცნობთ საკუთარ თავს, მეგობარს, ან ოჯახის წევრს. ვიდეოს მთავარი ღირსებაც თუ „უცნაურობაც“ ესაა — ყველა საკუთარ თავს პოულობს და ფინალიც ყველაზე ერთნაირად მოქმედებს.
პავლე გაბრიჭიძე – ფრილანს კრეატიული დირექტორი











