in

3 რამ, რასაც ბიზნესლიდერები ბონ ჯოვის 40-წლიანი კარიერის მაგალითზე ისწავლიან

ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ჯგუფმა Bon Jovi-მ, თავისი 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში, განსაცვიფრებელ რეკორდებს მიაღწია:

  • გაყიდა 130 მილიონი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით;
  • 50-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა ასობით კონცერტი, რომლებსაც ჯამში 34 მილიონი მსმენელი დაესწრო;
  • მოიპოვა უამრავი ჯილდო. მათ შორის ერთი გრემი, ორი „American Music Awards“, ოთხი MTV Moonman trophies და მრავალი სხვა.

პოპულარულმა სიმღერებმა, ძლიერმა ქარიზმამ, ჟინმა და უშრეტმა ენერგიამ ჯგუფის დიდი წარმატება განაპირობა, რასაც გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილებებიც უმაგრებდა ზურგს. ამ კუთხით კი ჯონ ბონ ჯოვი, ბენდის დამფუძნებელი და მთავარი სახე, ძალიან საინტერესო მიდგომებით გამოირჩევა.

მოგიყვებით სამი მნიშვნელოვანი ხედვის შესახებ, რომლებიც ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენელს შეუძლია ისწავლოს ჯონ ბონ ჯოვისგან და დანერგოს საკუთარ საქმიანობაში.

მუდმივად გააუმჯობესეთ და განაახლეთ თქვენი პროდუქტი

მუსიკალურ ინდუსტრიაში მთავარია ისეთი ნაწარმოების შექმნა, რომელიც აუდიტორიის გრძნობებზე იმოქმედებს და შემსრულებელს მჭიდროდ დააკავშირებს მსმენელთან. განსხვავებული იმიჯი, ხარისხიანი ჩანაწერები და შთამბეჭდავი საშემსრულებლო ოსტატობა კარგია, მაგრამ, ამასთანავე, თავად მუსიკაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშად რომ ვთქვათ, მომხმარებლების პოვნა ყველა არტისტს გაუჭირდება. 

Boj Jovi ყოველთვის ქმნის ისეთ მუსიკას, რომელიც, პირველ რიგში, მისთვის არის საინტერესო და საზოგადოებაშიც იმსახურებს აღფრთოვანებას. რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფი მუდმივად სიახლის ძიებაშია და წლების მსვლელობასთან ერთად კომპოზიციებიც ცხოვრებისეულ ცვლილებებს ემორჩილება.

ბიზნესის მფლობელებმა ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ. თუ მეწარმეები ფიქრობენ, რომ ერთხელ მიღწეული შედეგის უბრალო დაკოპირებით თავიანთ პოზიციებს შეინარჩუნებენ, ეს მცდარი მიდგომაა და მათი ძლიერი მხარე საბოლოოდ გაუფასურდება. ნამუშევარი, რომელსაც სიახლის ნიშანი არ ეტყობა, მომხმარებლის ინტერესს არ იწვევს.

დატკბით კარგი დროებით, მაგრამ მზად იყავით მოულოდნელი ქაოსისთვის

2013 წელს Bon Jovi-ს ახალი ტურნე უნდა წამოეწყო, სახელწოდებით Because We Can. პირველი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჩი სამბორამ, ჯგუფის წამყვანმა გიტარისტმა უარი თქვა ტურნეზე და, უფრო მეტიც, პირადი მიზეზების მოტივით ჯგუფიც დატოვა. 

ჯონ ბონ ჯოვი რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა: ან ყველა შოუ უნდა გაეუქმებინა, რაც გულისხმობდა პერსონალის ასობით წევრის, ტექნიკოსებისა და თანამშრომლების გათავისუფლებას, უზარმაზარი შემოსავლის დაკარგვას და განრისხებული პროდიუსერების საჩივრების გამო სასამართლოში სიარულს, ან გამოსავალი ეპოვა და სვლა გაეგრძელებინა.

სამბორას გარეშე დარჩენილი ჯგუფისთვის ყველაზე პრობლემური, რა თქმა უნდა, თავად მუსიკოსის ჩანაცვლება იყო. უნდა მოეძებნათ ადამიანი, რომელიც სრულად და ღირსეულად დაიკავებდა გიტარისტის ადგილს, რაც წარმოუდგენელი ჩანდა დროის სიმცირის გამო.

ჯონ ბონ ჯოვიმ გამოსავალი იპოვა. სამბორას მოვალეობები მუსიკალური სცენის სანდო ვეტერანსა და Bon Jovi-ს წევრს ბობი ბანდიერას გადააბარა. ბანდიერამ ყველა სიმღერა, სამბორას სოლოები და სასცენო პოზიციები კარგად იცოდა. იყო თავდაჯერებული, პროფესიონალი და ჰქონდა საჭირო ინტენსივობაც ტურნეს გასაგრძელებლად. შედეგი იდეალური იყო, ბობი ზედმიწევნით მოერგო ახალ როლს და 2015 წლამდე ჯგუფის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯონ ბონ ჯოვი მზად შეხვდა გაუთვალისწინებელ არეულობას. რაც არ უნდა მომგებიან პოზიციაზე იმყოფებოდეთ, აუცილებლად დანერგეთ უსაფრთხოების ზომები მოულოდნელი შემთხვევებისთვის.

დაჟინებით მოითხოვეთ, რომ თქვენი გუნდის ყველა მოსაზრება ფაქტებით იყოს გამყარებული

90-იანი წლების დასაწყისში ჯონ ბონ ჯოვის კინომსახიობობის სურვილი გაუჩნდა, რაც დოკ მაკგის, ბენდის მენეჯერს გაანდო. მაკგიმ კი მიიჩნია, რომ ეს საშინელი იდეა იყო, მაგრამ ბონ ჯოვის ჩანაფიქრს, რომ დიდ ეკრანზე ეცადა ბედი, ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული. ის ჰბაძავდა თავის კერპს, ფრენკ სინატრას, რომელმაც კარიერის განმავლობაში უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

შესაძლოა, დოკ მაკგის ეგონა, რომ ჯონ ბონ ჯოვის მსახიობობა ხელს შეუშლიდა ბენდის გასტროლების განრიგს, ან ეშინოდა, რომ თაყვანისმცემლები ცუდად მიიღებდნენ სხვა ამპლუაში. ყოველ შემთხვევაში, საკუთარმა ჯიუტმა და გადაუმოწმებელმა მოსაზრებამ, რომელიც ყველაფერთან ერთად უხეშად გამოთქვა, ბონ ჯოვი აიძულა მენეჯერი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. 

ეს შემთხვევა ერთ გამონათქვამს ჰგავს, რომელიც გაყიდვებს ეხება: „თუ მე ვცდილობ, რომ ვიდჯეტი მოგყიდო და გეუბნები, რომ ეს შესანიშნავია და შენი აზრით კი — სისულელე, მაშინ შენი შეხედულება გაიმარჯვებს. მაგრამ თუ მე ჩემს აზრს გავამყარებ მონაცემებითა და მტკიცებულებებით, რომლებიც ვიდჯეტის სიდიადეს ადასტურებს, პოტენციური მყიდველი გახდებით“.

თუ კომპანიაში კონკრეტული ინიციატივის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ უამრავი აზრი გამოითქმის, რომლებიც თქვენს შეხედულებას არ ემთხვევა, დაჟინებით მოითხოვეთ არგუმენტები. ეს დაგეხმარებათ, რომ მიკერძოებული შეხედულებები გარდაქმნათ რეკომენდაციებად, რაც, საბოლოოდ, სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას. 

გახსოვდეთ, ჰიპერლოკალური სტარტაპები, რომლებიც გლობალურ საწარმოებად გადაიქცევიან, არ ცოცხლობენ და არ აგრძელებენ ზრდას 40 წლის განმავლობაში თუ რაღაცებს ძალიან სწორად და იდეალურად არ აკეთებენ. 

Meta-ს ილუსტრატორი Threads-ის 40 დაწუნებულ ლოგოს აქვეყნებს

ფედერერი ბილბორდზე თავის ახალგაზრდა ვერსიას ეთამაშება