უკვე დიდი ხანია, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომხდარ სიახლეებს ერთად ვადევნებთ თვალს და არცერთ ამბავს ჩაუვლია სტრესისა და დაძაბულობის აღნიშვნის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამსახურიდან გათავისუფლებულ ათასობით ადამიანზე… ამასობაში, საინტერესოც გახდა, თუ რა გავლენა აქვს სტრესულ გარემოს ადამიანის პროდუქტიულობაზე — რთულია, წარმატებას მიაღწიო, როცა დასტრესილი ხარ და გაბნევს კიდეც სამსახურში არსებული სიტუაცია. ერთადერთი გამოსავალი კი, როგორც გვეუბნებიან, კონტროლის დაბრუნებაა.
ამგვარად, თუ ასეთ გარემოში ტექნოლოგიებში მომუშავე ხელმძღვანელებმა გადარჩენის გარდა წარმატების მიღწევაც დაისახეს მიზნად, სწორედ იმაზე უნდა ფოკუსირდნენ, რისი კონტროლიც შეუძლიათ. ეს კი არაფერია საკუთარ თავზე კონტროლის დაბრუნების გარდა. ამიტომ, გეტყვით, როგორ უნდა მოახერხოთ ეს — კონკრეტულად იმ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც, როგორც ლიდერს, მაღალი წნეხისა და სწრაფი ტემპის მქონე ტექნოლოგიურ სამყაროში ფიზიკური და ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
1. დრო დაუთმეთ გაანალიზებას
როგორც წესი, ლიდერებმა კარგად იციან, რომ დასვენება სჭირდებათ, მზადაც არიან, წელიწადში ერთი ან ორი კვირა სადღაც წავიდნენ, დაისვენონ და სამსახურში გარუჯულები დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მათთვის საკმაოდ კარგია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისი სულაც არ არის… მაღალი წნეხის მქონე გარემოში ამის მიღმაც უნდა წავიდნენ და დრო პროცესების გაანალიზებას დაუთმონ.
უმჯობესია, თუ თვითგამოკვლევის პროცესს მიმართავთ, გაიაზრებთ თქვენს სიღრმისეულ გრძნობებს. თუნდაც იმას, რომ ბრაზი არაფერში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი კონტროლს დაგიბრუნებთ, დაგეხმარებათ სტრესისგან, შიშებისა თუ წყენისგან გათავისუფლდეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს პროცესია და დრო სჭირდება. თქვენი გრძნობების გაანალიზება კი გამათავისუფლებელი აქტივობაა, რომელიც მომავალი წარმატების კარებს გაგიღებთ.
2. გამოიყენეთ CTA
ე. წ. ღია მარყუჟებად პროდუქტიულობის გურუდ წოდებული ჯორდან რეინორი იმ უსასრულო საქმეებს აღწერს, რომლებიც თქვენს თავში ტრიალებს და ფიქრსაც ართულებს. ეს, შესაძლოა, ისეთივე მარტივი იყოს, როგორც სურვილი, სახლში პიანინოს თავზე სურათი ჩამოჰკიდოთ, თუმცა არ თქვათ, ზუსტად როდის გააკეთებთ ამას. ასე კი შეუსრულებელი ამოცანის წინაშე აღმოჩნდებით, რომელიც თქვენს ტვინში ადგილს დაიკავებს.
სწორედ ამიტომ, ვალდებულების სისტემის, იგივე CTA-ის შემოღებას გვირჩევენ — ინსტრუმენტია, რომელიც არამარტო მნიშვნელოვანი გასაკეთებელი საქმეების აღსანიშნად და დასაორგანიზებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, არამედ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ამგვარად, ყველა ადამიანის CTA ერთმანეთისგან განსხვავებულია. აქ Notion-ისა და Todoist-ის აპლიკაციების გამოყენებაც შეგიძლიათ. ასე ორგანიზებულ სივრცეს შექმნით, ყველა ე. წ. ღია მარყუჟს მოათავსებთ მასში და თქვენს გონებასაც გაათავისუფლებთ.
3. იყავით გამჭვირვალე როგორც კარგი, ისე ცუდი სიახლეების მიმართ
ლიდერებს ხშირად რაღაცების საკუთარი თავისთვის შენახვა უყვართ. ხოლო, როცა სამსახურში საქმე რთულად მიდის, კიდევ უფრო ერთულებათ შედეგებსა თუ მარცხზე საუბარი… აქ კი ექსპერტები გამოსავალს გამჭვირვალობაში ხედავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კარგი ამბავი იქნება, ცუდი თუ საშინელი. ხელმძღვანელებმა გუნდის წევრებს რეგულარული განახლებები უნდა გაუზიარონ.
აქ რაღაცის არცოდნის აღიარებაც მნიშვნელოვანია. უნდა გახსოვდეთ, რომ ლიდერობა ყველაფრისმცოდნეობას არ ნიშნავს და უფრო მეტად იმის გაგებაა, თუ საით წახვიდეთ ინფორმაციის მისაღებად. და როგორ აისახება ეს ემოციურ კეთილდღეობაზე? გამჭვირვალობა ნდობასა და ლოიალობას ქმნის, თქვენს გუნდს თავდაჯერებულს ხდის და როგორ ლიდერს, ამის მშვიდად მიღებაშიც გეხმარებათ.
ამგვარად, პროცესების გაანალიზება, CTA-ის შექმნა დაუსრულებელი ამოცანებისგან გასათავისუფლებლად და გამჭვირვალეობა სამსახურში ხელმძღვანელთა ემოციურ მხარეზე დადებითად აისახება. თუმცა არცერთი ზემოთ მოცემული მიდგომაა მარტივი და გარკვეულ ძალისხმევას ყველა მოითხოვს. ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, ღრმად ჩაისუნთქოთ და განსაზღვროთ, რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯი…