in

3 გზა წარმატების მისაღწევად

წარმატების სურვილი ძლიერი ფსიქოლოგიური მამოძრავებელი ძალაა — არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიღწევებით თვითშეფასებას ვიმაღლებთ, არამედ იმ ღირებულებების გამოც, რომლებსაც საზოგადოება გვანიჭებს. „მე ვერ მოგცემთ წარმატების უტყუარ ფორმულას, მაგრამ შემიძლია წარუმატებლობის ფორმულა გითხრათ: ეცადოთ, ყოველთვის ყველას ასიამოვნოთ“, — ამბობს ამერიკელი რედაქტორი და ჟურნალისტი ჰერბერტ სვოპი.

რეალურად, ეს ციტატა ნებისმიერი წარმატების ფუნდამენტური მოცემულობაა. ამასთან, წარმატების მისაღწევად, ყველამ საკუთარი ფორმულა უნდა შეიმუშაოს, რომელიც უნიკალურ მიზნებსა და გარემოებებს ეფუძნება. თანაც, ჩვენს წინაშე ცვლადების ფართო სპექტრია — ყველა მათგანი კარიერას ან ფინანსებს არ უკავშირდება, არამედ ურთიერთობებს, ჯანმრთელობას და საკუთარ თავთან სიახლოვესაც კი.

1. დაიწყეთ თქვენი ღირებულებებით და არა თქვენი მიზნებით

პირველი ხაფანგი, რომელიც თავიდან უნდა აიცილოთ, იმის რწმენაა, რომ წარმატება ყველაფერში წარმატებას მოითხოვს. როცა ყველაფრის გაკეთებას ცდილობთ, მალევე აღმოაჩენთ, რომ ზედმეტად ბევრს აკეთებთ — ასე გროვდება სიგიჟე, სტრესი და დროის ნაკლებობა.

გადატვირთულობის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმჯობესია, თქვენი ღირებულებების განსაზღვრით დაიწყოთ და ზუსტად გააცნობიეროთ, რა მიგაჩნიათ წარმატებად. „ნუ დახარჯავთ ზედმეტად ბევრ დროს თითოეული ამოცანის შესრულებაზე. ვიდრე რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, რატომ გსურთ ამ კონკრეტული საქმის შესრულება“, — წერს ტექნიკური მეწარმე, ნირ ეიალი.

ამის გათვალისწინებით, ღირებულებები ცხოვრების სამი სფეროს მიხედვით დაყავით: საკუთარი თავი, სამსახური და ურთიერთობები. შემდეგ კი ეს ღირებულებები ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოიყენეთ იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა მიზნების მიღწევა გსურთ და რამდენი დრო გჭირდებათ მათ მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, ეიალი 80/20 წესის დაცვას გვირჩევს — ანუ, მოინიშნეთ მიზნები და დრო ღირებულებებისთვის, რომლებიც თქვენი თავის იდეალურ ვერსიამდე მიგიყვანთ.

2. „გადახტომამდე ისწავლეთ“

გონების კიდევ ერთი ხაფანგი იმის ვარაუდია, რომ გესმით, რა არის საჭირო სასურველი წარმატების მისაღწევად. ლიდერობის წარმატების შესახებ ინტერვიუში, მაიკლ უოტკინსმა, IMD-ის ლიდერობისა და ორგანიზაციული ცვლილებების პროფესორმა, თქვა: „დრო, სანამ რაღაცის კეთებას რეალურად დაიწყებთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის პერიოდი, როცა მომზადებაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება“.

უოტკინსი ახალ ლიდერებს ურჩევს, მცირე ცოდნით არ გადადგან ნაბიჯები და სათანადოდ მოემზადონ. მათ დრო სჭირდებათ ახალი გუნდისა და მიზნების გასაგებად, კომპანიის კულტურის შესასწავლად და მომავალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად. ეს მხოლოდ ლიდერის პოზიციას არ ეხება, არამედ სხვა შემთხვევებშიც მუშაობს — მაგალითად, როგორიცაა მეორე ენის სწავლა, მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრა ან მებაღეობა.

უბრალოდ, აქ ერთი გაფრთხილებაა მნიშვნელოვანი: შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებული მომზადების მსხვერპლი გახდეს და ვერასოდეს დაიწყოს მიზნების მიღწევაზე მუშაობა. ამიტომაც, სხვა დანარჩენთან ერთად, დროის ეფექტური მართვაც ძალიან მნიშვნელოვანია.

3. შექმენით ადრეული იმპულსი მცირე გამარჯვებებით

ზოგჯერ საჭირო ცვლილებები, შეიძლება, ძალიან ბევრი მოგეჩვენოთ. ამდენი ნაბიჯით თქვენსა და თქვენს საბოლოო მიზანს შორის კი, პროცესი დამაშინებელი ჩანს. მაგრამ წარმატება შობს მეტ წარმატებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის. ამ მიზეზით, უოტკინსი მცირე წარმატებების გამოყენებას გვირჩევს, რათა დიდი საქმეებისთვის სათანადო ბიძგი მივიღოთ.

კიდევ ერთი მიდგომაა დიდი მიზნების ნაწილებად დაყოფა და მათი კონკრეტული დროის მონაკვეთში მიღწევა. რადგანაც პატარა ნაბიჯები უფრო მართვადი და ნაკლებად საშიშია, უფრო სავარაუდოა, რომ მათი შესრულება შეძლოს. თავის მხრივ, ეს წარმატების მისაღწევად საჭირო ნდობას აყალიბებს და ყოველი მიღწევა წინსვლის საწინდარი ხდება.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირად წარუმატებლობა განმეორებად წარუმატებლობას მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ფიქრების დროს წარმოშობს. „საუბარია ციკლურ ნეგატიური აზრებსა და ემოციებზე, რომლებიც წყევლად გვექცევა. ეს ზიანს აყენებს ჩვენს პროდუქტიულობას, ურთიერთობებს, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას“. თუ  ამ ტიპის საუბრებისკენ ხართ მიდრეკილი, აუცილებლად უნდა მოაწესრიგოთ თქვენი ინტროსპექტული ხმა, რათა სათანადოდ გაუმკლავდეთ წარუმატებლობას.



Sony და Honda ელექტომობილების ერთობლივ ბრენდს წარადგენენ!

როგორ განვავითაროთ პროგრამული უზრუნველოფა, როგორც პროდუქტი?