თუ შობა-ახალი წლის დღესასწაულების წინ აქციების შეძენას გეგმავთ, ბაზარზე საკმაოდ ხელსაყრელ წინადადებებს წააწყდებით. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ექსპერტების მოსაზრება. ოღონდ, არის ერთი თავისებურება – კომპანიებს, რომლებსაც ანალიტიკოსები გირჩევენ, ახლა არც ისე კარგი პერიოდი აქვთ. თუმცა, მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ პორტფოლიოს განახლება გსურთ, სწორედ მათი აქციები უნდა შეიძინოთ – გრძელ ვადაში, ეს სარგებელს აუცილებლად მოგიტანთ. ასეთი კომპანიებია: Jazz Pharmaceuticals (JAZZ -0.30%), DocuSign (DOCU -3.27% ) და Beyond Meat (BYND -7.96%). მათი ქაღალდების ფასი, დღეს, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მინიმუმზეა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში, თქვენთვის, როგორც ინვესტორისა და მოგების მიღების მსურველისთვის, არც ისე ხელსაყრელია. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ თითოეულ მათგანს აქვს პოტენციალი, უახლოეს თვეებსა და წელიწადში, აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და დიდი შემოსავალი მოგატანოთ.
მოდით, ახლა დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. Jazz Pharmaceuticals
სამედიცინო კომპანია Jazz Pharmaceuticals ბირჟაზე, დაახლოებით, 52-კვირიანი მინიმუმით ვაჭრობს. ეს მაჩვენებელი 25%-ით ნაკლებია 2021 წლის დასაწყისთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ამ წლის თებერვალში, კომპანიამ, GW Pharmaceuticals-ის ყიდვის შესახებ ამცნო საზოგადოებას. ეს არის ბრენდი, რომელიც კანაფზე დამზადებულ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ Epidiolex-ს აწარმოებს.
დღეს, ამერიკაშიც კი, კანაფის ბაზარი საკმაოდ სუსტია და მასზე სამედიცინო დანიშნულებით მოთხოვნა არც ისე დიდია (ლეგალიზაციის ნელი ტემპების გამო). ამიტომ, ეს შესაძლოა, ნაწილობრივ, Jazz Pharmaceuticals-ის საერთო აქციების ფასზეც აისახოს.
ამის მიუხედავად, ექსპერტები თვლიან, რომ კომპანიას დიდი პერსპექტივები აქვს – Jazz-მა 2021 წლის ნოემბერში, ბოლო კვარტალური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მისი შემოსავალი, წელიწადში 39%-ით, $838 მილიონამდე გაიზარდა. აქედან, ნახევარზე მეტი ახალგამოშვებულ პროდუქტზე, ან ახლად შექმნილ ბრენდებზე მოდიოდა (მაგალითად, Epidiolex). შედეგად, კომპანიის გაყიდვები 21%-ით გაიზარდა.
Jazz Pharmaceuticals-ს, პერსპექტიულ კომპანიად, Epidiolex აქცევს, თანაც ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს. ანალიტიკოსები, კომპანიის ზრდისა და შესაბამისად, მის აქციებზე ფასების მატების გრძელვადიან პერსპექტივას, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ხედავენ.
მათი თქმით, იმავე გრძელვადიანი სტაბილურობისა და მოგებიანობის პერსპექტივაც საკმაოდ მყარია. კომპანიამ ძალიან შთამბეჭდავი 82%-იანი და კიდევ უფრო მეტი მთლიანი მარჟა გამოიმუშავა, 2021 წლის ბოლო ოთხივე კვარტალში.
2. DocuSign
ყოველთვის, როცა ნებისმიერი კომპანიის აქციები, ერთ დღის განმავლობაში, 40%-ზე მეტად ეცემა, ჩნდება კითხვა, ბაზრის ასეთი რეაქცია გადაჭარბებული ხომ არ იყო? ზუსტად ასეთი რამ მოხდა DocuSign-თან მიმართებით. კომპანიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც გასულ კვირას, მესამე კვარტლის შედეგები გამოაცხადა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 42%-ით, $545.5 მილიონამდე გაიზარდა. DocuSign, ასევე, რეგულარულად აფიქსირებს 80%-იან მთლიან მოგებას.
თუმცა, ეს ინვესტორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, კომპანია დიდი ფასდაკლებით გაიყიდა, რადგან მეოთხე კვარტლის შემოსავალი $557-დან $563 მილიონამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩებოდა ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ნავარაუდევ მოცულობას $574 მილიონს.
დღეს, როდესაც ზრდის საეჭვო პერსპექტივის მქონე (მაგალითად, AMC Entertainment) კომპანიების ფასი 1 000% -ით იზრდება, ამავე დროს, ინვესტორებისგან ატეხილი ხმაურის გამო, DocuSign-ის მსგავსი ხარისხიანი ბრენდების ღირებულება რადიკალურად ეცემა, რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე.
ანალიტიკოსებისთვის გაუგებარია ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, კომპანია დაკლებული ფასით გაეყიდათ მხოლოდ ერთი კვარტლის მოლოდინების შეუსრულებლობის გამო. მათი აზრით, ეს მოკლევადიან, ყოველგვარ ანალიზს მოკლებული გადაწყვეტილებაა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე, ვითარება პანდემიის დასრულებისთანავე შეიცვლება – ხალხი დაბრუნდება ოფისებში და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შემცირდება, არც ციფრულ ხელმოწერაზე იქნება ასეთი დიდი მოთხოვნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ DocuSign-ის, როგორც კომპანიის ზრდა დასრულდა. ანალიტიკოსების თქმით, ციფრული ხელმოწერების გლობალური ბაზარი 2027 წლამდე, წლიური 28.9%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ამჟამინდელი ვითარების მიუხედავად, DocuSign-ის აქციების შეძენაზე ნამდვილად ღირს ფიქრი.
3. Beyond Meat
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სირთულეებს წააწყდა Beyond Meat აღმოჩნდა. მისი აქციები, როგორც წესი, $70-ზე ოდნავ მაღალი ღირებულებით, დაახლოებით, 52-კვირანი მინიმუმით რომ ივაჭრება, წელს 43%-ით დაეცა.
ეს გასაკვირი არც იყო, თუ კომპანიაში არსებულ შემოსავლების კლების ტენდენციას გავითვალისწინებთ.
სპეციალისტების თქმით, ქვეყნის (ა.შ.შ.) ეკონომიკა ნორმალურ მდგომარეობას, ნელ-ნელა უბრუნდება, პანდემია ძლიერ გავლენას ვეღარ ახდენს Beyond Meat ს პროდუქციის მოთხოვნაზე და აღარც მიწოდების ჯაჭვი ირღვევა.
2019 წელს, კომპანიის გაყიდვების მოცულობამ, რომელიც $298 მილიონი იყო, თითქმის, სამჯერ გადააჭარბა 2018 წლის მონაცემს – მაშინ ეს მაჩვენებელი $88 მილიონი იყო. 2020 წელს კი გაყიდვები საერთოდ, $407 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, ბოლო ორ კვარტალში, ზრდის გაცილებით დაბალი ტემპით 37%-ით მოიმატა და სუფთა მოგება 13%-ით, $106 მილიონამდე გაიზარდა.
Beyond Meat გაყიდვები, აშშ-ს ბაზარზე, 14%-ით დაეცა. თუმცა, საერთაშორისო ოპერაციების დამსახურებით, საერთო მაჩვენებლები პლუსში დარჩა – კომპანიამ შთამბეჭდავი 143%-იანი ზრდა აჩვენა, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, როგორც კი პანდემია დასრულდება და ცხოვრების ნორმალური რიტმი დაბრუნდება.
გარდა ამისა, Beyond Meat-ს აქვს ახალი პროდუქტები და აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია, კომპანია ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, აქამდე რომ არასოდეს ყოფილა – დღეს ის McDonald-ს, McPlant ბურგერის მოსამზადებლად, ხორცით ამარაგებს. თუ ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება, ბიზნესისთვის სასიკეთო ძვრები დაიწყება. გარდა ამისა, Beyond Meat-ს, გამაგრილებელი სასმელების კომპანია PepsiCo-სთან ერთად, ორი ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობს.
ამ და სხვა კატალიზატორების მიხედვით, ანალიტიკოსები ამბობენ, Beyond Meat-ის აქციების ფასი, ერთ ან ორ წელიწადში, ბევრად მაღალი იქნება და დღეს, გაცილებით იაფად მათი შეძენით, ინვესტორები სერიოზულ მოგებას ნახავენ.
ასეთია ექსპერტების რჩევები, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენი, როგორც ინვესტორის მისაღებია. ჩვენს სტატიებში არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევანი მხოლოდ რისკებისა და სარგებლის აწონ – დაწონვისა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გააკეთოთ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.