თითოეულ ჩვენგანს სმარტფონში მინიმუმ ერთი აპლიკაცია მაინც აქვს გადმოწერილი, რომლითაც პერიოდულად სარგებლობს. დღევანდელმა სამყარომ ძალიან მიგვაჩვია კომფორტს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგია გვანიჭებს, ამიტომ როდესაც ამა თუ იმ სერვისს ვიღებთ, ყოველთვის ვცდილობთ, გავარკვიოთ, რამდენადაა ამ სერვისის ონლაინ, მარტივად მიღების შესაძლებლობა.
მობილური აპლიკაცია ის ციფრული პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ ინდუსტრიას მოერგება. მას უამრავი პროცესის გამარტივება შეუძლია. მობილური აპლიკაციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ მარტივი, ფუნქციონალური წვდომა ინფორმაციაზე, პროდუქტებზე, სერვისებზე და პროცესებზე, რომლებიც მათ სჭირდებათ რეალურ დროში და ოპტიმიზირებულია პრაქტიკული ურთიერთქმედებისთვის.
ჯანმრთელობა, E-commerce, კვება, გასართობი და სხვა ინდუსტრიები ერთ-ერთი მოწინავე სფეროებია, რომლებიც აპლიკაციებს იყენებენ და მომხმარებელს მათი სერვისების მიღების პროცესს უმარტივებენ. ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რა სფეროები შეიძლება იყოს ისეთი, რომლებსაც მობილური აპლიკაციების გამოყენება მარტივად შეუძლიათ და ამისთვის დეველოპერსა და პროექტების მენეჯერს, გიორგი ნონიკაშვილს გავესაუბრეთ:
„დავიწყებ უნივერსიტეტებით:
ხშირია ადმინისტრაციული პრობლემები, რაშიც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია სტუდენტის სმარტფონში არსებულ აპლიკაციას. გამოწვევას, როგორიცაა სხვადასხვა სახის ინფორმაციის სტუდენტებამდე მიტანა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ პასუხობს ვებგვერდი, სოც. ქსელები და ვერც ელფოსტა. ხშირია შემთხვევა, როდესაც საინტერესო პროექტები იწყება უნივერსიტეტში, თუმცა მხოლოდ ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. ასეთი პრობლემები მინიმუმამდე დავა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც მსგავსი აპლიკაცია ეწერება.
საგნების არჩევა, ცხრილების დალაგება და ა.შ. – ბევრად მოხერხებულად შეიძლება გადმოვიდეს აპლიკაციაშიც და მსგავსი ფუნქციები, რაც აქვთ უკვე საიტებზე, თუმცა არც ისე გამართულად. გემიფიკაციის ამბავი, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს ჩვენს უნივერსიტეტებში და თუ ამ მხრივაც გადაწყვეტენ განვითარებას, აპლიკაცია წამყვან როლს მოირგებს და დიდ დახმარებას გაუწევს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე მათ სტუდენტებსა თუ აკადემიურ პერსონალს.
მეორე ასეთ ინდუსტრიად დავასახელებდი ფოსტას:
ფოსტა უზრუნველყოფს ისეთ სერვისებს, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს. მობილურ აპლიკაციაში გატანილი სერვისები, მათ მრავალრიცხოვან მომხმარებელს და ასევე თანამშრომლებს გაუმარტივებდა ამ სერვისების მიღებას, დაზოგავდა დროის რესურსს ორივე მხარისთვის და მეტ კომფორტს შექმნიდა მომხმარებლისთვის.
და ბოლოს, საზ. ტრანსპორტი:
საზ. ტრანსპორტის აპლიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივებდა ცხოვრებას, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს. ამ აპში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქალაქის ( სადაც საზ. ტრანსპორტი მოძრაობს), სხვადასხვა საზ. ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი, რომელი ნომერი რა მარშრუტით მოძრაობს. აგრეთვე, რუკაზე ხედავდეს მგზავრი, თუ რა ადგილას არის მისთვის საჭირო მიკროავტობუსი თუ ავტობუსი, დაახლოებით რამდენ ხანში იქნება გაჩერებასთან, თუ სადმე რაიმე შეფერხებაა, გზა არის გადაკეტილი ან სხვ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, აპლიკაციითვე საფასურის გადახდა და ა.შ.”
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი