ორგანიზაციებში დროდადრო საჭირო ხდება გარკვეული ცვლილებების გატარება, თუმცა მიდგომები, რომლებსაც იყენებენ, ათწლეულებია, თითქმის უცვლელია. შედეგად კი, ორგანიზაციული ტრანსფორმაციების დიდი ნაწილი წარუმატებლად სრულდება. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ცვლილებების განხორციელებისთვის მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება, ადამიანების დარწმუნება და სწრაფი მასშტაბირება საკმარისი არ არის. ცვლილება ხშირად სრულიად სხვა გზით ვითარდება.
სწორედ ამ გამოცდილებიდან შეიძლება სამი სტრატეგიის გამოყოფა:
დაიწყეთ უმრავლესობით და არა ყველათი
ცვლილებების მართვის კლასიკური მიდგომა ხშირად იდეის სწრაფად და ფართო მასშტაბით გავრცელებას გვთავაზობს – შეიქმნას გადაუდებლობის განცდა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.
თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების დარწმუნება მხოლოდ ფაქტებით არც ისე მარტივია. ცვლილება უფრო სოციალური ურთიერთობების საშუალებით ვრცელდება, ვიდრე მასობრივი კომუნიკაციით. მის დასაწყებად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს არა ყველას ერთდროულად დარწმუნება, არამედ მცირე, მაგრამ მყარი ჯგუფის შექმნა. მაგალითად, თუ ხუთკაციან გუნდში ცვლილების მხარდამჭერი სამი ადამიანია, ეს ბევრად უკეთესი საწყისი პოზიციაა, ვიდრე ხუთივეს დარწმუნების მცდელობა. ასეთი მცირე უმრავლესობა შემდეგ უფრო დიდ ჯგუფზე ახდენს გავლენას.
დაელოდეთ სწორ მომენტს
ცვლილებისთვის მზადყოფნა ყოველთვის არ არსებობს. ზოგჯერ წინააღმდეგობა იმდენად ძლიერია, რომ იდეის დაჩქარებით გატანას დიდი ზიანი მოაქვს.
ამიტომ ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია მოვლენის ან კრიტიკული მომენტის ამოცნობა. მისი ზუსტად პროგნოზირება რთულია, თუმცა ორგანიზაციაში შეიძლება წინასწარ მომზადდეს ნიადაგი, რათა შესაბამისი მომენტის დადგომისას ცვლილების განხორციელება სწრაფად გახდეს შესაძლებელი.
ამის კარგი მაგალითია COVID-19-ის პანდემია, რომელმაც ბევრ ორგანიზაციაში ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარა.
შექმენით დილემა და არა კონფლიქტი
ცვლილებების პროცესში წინააღმდეგობა თითქმის გარდაუვალია, ამიტომ უფრო ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი სიტუაციის შექმნა, სადაც მოწინააღმდეგე ორ არჩევანს შორის დადგება.
ასეთი „დილემის“ ძალა ისაა, რომ სიტუაცია საერთო შეთანხმებიდან ან ორგანიზაციისთვის მისაღები ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევა უკვე თავად მოწინააღმდეგეს აყენებს რთულ მდგომარეობაში.
ცვლილებების მართვას მეტი მტკიცებულება სჭირდება
როგორც ვთქვით, ორგანიზაციული ცვლილებების მართვის თანამედროვე პრაქტიკა ჯერ კიდევ დიდწილად ეფუძნება რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბებულ მოდელებს. დღევანდელი კვლევები კი აჩვენებს, რომ ცვლილება მხოლოდ ინდივიდების დარწმუნების პროცესი არ არის. მასზე გავლენას ახდენს ადამიანებს შორის არსებული კავშირები, სოციალური გარემო, სწორი დრო და ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული იდეა ხდება აქტუალური.
ამიტომ ცვლილებების მართვისთვის მხოლოდ მზა მეთოდოლოგიის გამოყენება საკმარისი აღარ არის. ორგანიზაციებს სჭირდებათ მიდგომები, რომლებიც რეალურ მტკიცებულებებს ეყრდნობა და არა მხოლოდ დამკვიდრებულ ბიზნესთეორიებს. თქვენმა გუნდმა ყოველთვის უნდა დაინახოს, რომ თქვენ უკვე გაქვთ გეგმა და არ იწყებთ ცვლილებებს „ჰაერზე”.
ზოგჯერ წარმატებული ტრანსფორმაციისთვის საჭიროა სწორი ადამიანების გაერთიანება, სწორი მომენტი და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უმრავლესობას თვითონვე არ მოუნდება, რადგან ამ საჭიროებას თავადაც იგრძნობს ან დაინახავს.











