საუკეთესო ლიდერები ზოგჯერ სულაც არ არიან ისეთები, როგორებსაც ჰოლივუდური ფილმებიდან ვიცნობთ. რთულ მომენტებში, ისინიც სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც მთელი გულით ერთგულობენ თავიანთ გუნდს. ასეთ საკითხზე ფიქრისას, თუკი გიჩნდებათ კითხვა, თავად როგორი ლიდერი ხართ, ამ სტატიაში, ვეცდებით, სულ რაღაც, სამ შეკითხვაზე პასუხით, საკუთარ თავში ლიდერული ინტელექტის ხარისხის განსაზღვრაში დაგეხმაროთ.
რამდენად ხარისხიანია ჩემი კომუნიკაცია?
არ აქვს მნიშვნელობა, ინტერპერსონალურია თუ ორგანიზაციული, კომუნიკაცია წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. დღესდღეობით, როცა კორპორაციული სკანდალები, წინააღმდეგობები საკმაოდ ხშირია, ლიდერების კომუნიკაციური უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
ლიდერშიპის გურუს, ბრაიან ტრეისის თქმით, “ის, თუ როგორ ეურთიერთებით დანარჩენებს, უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ბიზნესის წარმატების 85%-ს”.
მაინც, რა არის კარგი კომუნიკაციის საიდუმლო? პასუხია – გამჭვირვალობა.
როდესაც ლიდერი გამჭვირვალედ საუბრობს, გუნდის წევრებმა ზედმიწევნით კარგად იციან, რა ეტაპზეა მათი ნამუშევარი და რამდენად შედეგიანია შრომა. სწორედ ლიდერშიფის სიძლიერე განსაზღვრავს, რამდენად მაღალია ნდობის ხარისხი ორგანიზაციაში.
მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა, ისე, რომ მოლოდინები ორმხრივად მკაფიო და თანმიმდევრული იყოს. ეს თავიდან აგაცილებთ გაურკვევლობას, ორაზროვნებას, ეჭვს და არასასიამოვნო სიურპრიზს.
გაურკვეველი სიტუაციისას ოპტიმისტურად ვრეაგირებ?
უპრეცედენტო მოვლენები უპრეცედენტო ოპტიმიზმის გამოვლენის საშუალებას იძლევას. აჩვენეთ ეს სხვებსაც, იყავით შუქურა, რომელიც სიბნელეს კვეთს და ადამიანებს გაურკვევლობისას გზას უჩვენებს, განწყობას უმაღლებს.
იყავით ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციაში გამოხატავს მადლიერებას იმისთვის, რაც აქვს. იყავით ის ადამიანი, რომელიც აფასებს იმ კოლეგების ძალისხმევასა და გამბედაობას, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში კვლავაც მხნედ განაგრძობენ მუშაობას.
იყავით ადამიანი, რომელიც ოპტიმიზმითაა სავსე და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე, ეძებს და პოულობს გამოწვევაზე პასუხებს. ამგვარად, თქვენ სხვების დახმარებას შეძლებთ.
როგორც ლიდერი, განსაზღვრავთ მიმართულებას?
როდესაც მომავალი ბუნდოვანია, თანამშრომლები ხელმძღვანელების იმედზე რჩებიან, მაშინაც კი, თუკი ამ უკანასკნელებს ზუსტი პასუხები არ აქვთ. როგორც ლიდერს, შეგიძლიათ გამოთქვათ, როგორც ეჭვი, ისე, დაურწმუნებლობა – ასეთი გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის შენარჩუნებას.
როდესაც შეაფასებთ, რა მიმართულებით აქვთ ადამიანებს კრიზისი, პირველ რიგში, დასვით მარტივი კითხვები, რათა მათი პრობლემები გადაჭრათ. ეს მათ თავდაჯერებულობას მატებთ. დასვით ასეთი კითხვები:
რაზე გჭირდებათ დაუყოვნებელი პასუხები?
საით მივმართო ძალისხმევა და ყურადღება, რათა თქვენ გაგრძნობინოთ მხარდაჭერა?
ამ მომენტში, რა გიშლით ხელს შედეგის მიღწევაში?
რაც უფრო სწრაფად აღმოაჩენთ დაბრკოლების გამოწვევ მიზეზებს, მით მალე მოახერხებთ გუნდის დამშვიდებას.
იყავით საქმის კურსში და ეკონტაქტეთ კოლეგებს მაშინაც, როდესაც სიახლეები საერთოდ არაა, რადგან ზოგჯერ, სიახლეების არქონაც მშვენიერი სიახლეა. ყოველთვის ადევნეთ თვალი სიტუაციას, რათა გუნდმა იცოდეს, რომ ფხიზლად ხართ.
წყარო: inc