in

3 რამ, რაზეც პირველი ბიზნესის დაწყებამდე უნდა დაფიქრდეთ

Პირველი ბიზნესის დაწყება შეიძლება ამაღელვებელი იყოს, მაგრამ ნებისმიერი მეწარმე გეტყვით, რომ ეს მარტივი სულაც არ არის. სწორ აზროვნებას, ბიზნესის მთავარი მახასიათებლების გააზრებასა და ძლიერ იდეას მოითხოვს ლოიალური აუდიტორიის შესაქმნელად. მოგწონთ თუ არა, ფაქტია, რომ პირველი ბიზნესების უმეტესობა საკმაოდ მცირე დროში გადის ბაზრიდან… აი, აქ კი წარმატების მიღწევაში ბიზნესის ჩაშვებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა დაგეხმარებათ:

1. არსებობს თუ არა პროდუქტის ლეგიტიმური საჭიროება?

კვლევის თანახმად, პირველი მიზეზი, რის გამოც ბიზნესები წარმატებას ვერ აღწევენ, პროდუქტის საჭიროების არქონაა. ამის მიღმა არსებული რეალობა კი იმაზე კომპლექსურია, ვიდრე თავად ფიქრობთ. ეს საკითხი მიწოდებისა და მოთხოვნის ცნებებამდე დადის — შესაძლოა, თქვენი პროდუქტით ბაზარს საკმაოდ კარგად ერგებით, თუმცა თქვენს ბიზნესს ძალიან გაუჭირდება, თუ ამ პროდუქტზე ან მომსახურებაზე მიწოდება მოთხოვნაზე მეტი იქნება. ამგვარად, თუ ძალიან გაჯერებულ ბაზარზე შეხვალთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე სახელგანთქმულ კონკურენტებში უპირატესობის მოპოვება შეძლოთ. 

ამის თავიდან ასაცილებლად კი ნიშური სეგმენტისკენ შეგიძლიათ გადაინაცვლოთ: შეგიძლიათ უფრო კონკრეტულ ნიშ სეგმენტს მოემსახუროთ, რომელშიც მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია. აქ არც დიდი კონკურენცია დაგხვდებათ და თქვენს სამიზნე სეგმენტში თავის პროფესიონლად პოზიციონირებას შეძლებთ. ამგვარად, ყოველთვის იმის განხილვით უნდა დაიწყოთ, ზოგადად, არსებობს თუ არა ბაზარზე მოთხოვნა თქვენი ბიზნეს იდეისადმი, შემდეგ კი განიხილოთ, როგორ მიხვიდეთ ნიშამდე ისე, რომ კონკურენციაც მეტად მართვადი გახდეს…

2. როგორ დააორგანიზებთ და დაიცავთ თქვენს ბიზნესს?

ბიზნესის წამოწყებისას ხშირად თანმხლები ლეგალური პასუხისმგებლობები ავიწყდებათ — აქ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობთ, ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ბიზნესი სასამართლოს წინაშე აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, ვალიდურია თუ არა, ეს თქვენი ბიზნესის სწორად ორგანიზებისა და დაცვის საკითხების განხილვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად აქცევს. 

ბევრი პატარა ბიზნესი შპს-დ ჩამოყალიბდა, რადგან ასე ბიზნესთან დაკავშირებული საჩივრებისგან პირად აქტივებს იცავენ. მეორე მხრივ კი, ინდივიდუალურ მეწარმედ მუშაობა იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად პასუხისმგებელი ხართ ყველა ბიზნეს ვალზე. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი მეტად მარტივი და იაფია დასაორგანიზებლად, თანაც შეგიძლიათ ბიზნესის მთლიანი შემოსავალი შეინახოთ. ორივე შემთხვევაში ბიზნესის დაზღვევა საჭირო დაცვას გთავაზობთ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ აორგანიზებთ თქვენს ბიზნესს, ისეთი საკითხებიც უნდა განიხილოთ, როგორებიცაა თანამშრომელთა კომპენსაცია ან თუნდაც კიბერდაზღვევები.

ხოლო უშუალოდ ის, თუ როგორ დააორგანიზებთ ან დაიცავთ თქვენს ბიზნეს მთლიანად იმ მომსახურებაზეა დამოკიდებული, რომელსაც სთავაზობთ და იმაზეც, თუ როგორ დაგეგმავთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას. კარგი იქნება, თუ ამ ვარიანტებზე კვლევას ჩაატარებთ, რათა გადაწყვიტოთ, რა იმუშავებს თქვენთვის საუკეთესოდ კონკრეტულ სიტუაციებში. 

3. როგორ მართავთ ფულის ნაკადებს?

ზოგიერთი კვლევა იმასაც გვეუბნება, რომ მცირე ბიზნესების 82%-ის მარცხი სწორედ ფულს უკავშირდება. ალბათ, არც თქმა უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ ეს მანამ უნდა გათვალოთ, სანამ ბიზნესს წამოიწყებთ… ყველაფერი კი ჯერ კიდევ ბიზნესის დაწყებამდე შესაბამისი დაფინანსების პოვნით იწყება. მართალია, შესაძლოა, ზოგიერთმა ეს საკუთარი რესურსებითაც მოახერხოს, მაგრამ უმეტესად ბიზნესებს გარე დაფინანსებები და სესხები სჭირდებათ ოპერირებისთვის. იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი ფინანსები კარგად გათვლილია და კარგად მოფიქრებული ბიზნესგეგმაც გაქვთ, კვლავ ფინანსების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

ფულად ნაკადებზე გამუდმებით ფიქრი მნიშვნელოვანია საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად პროდუქტისა თუ მომსახურების ფასებთან მიმართებით, იმის განსასაზღვრად, თუ რამდენს ხარჯავთ თანამშრომელთა დაქირავებისა და გათავისუფლებისთვის ან როგორ ირჩევთ, რომელ მომხმარებლებთან იმუშაოთ… მრავალმხრივი დაგეგმვა კი დაგეხმარებათ, ფული ისე მართოთ, რომ ბიზნესის ზრდაც უზრუნველყოთ.

ამგვარად, ბიზნესის დაწყებამდე ამ საკითხების განხილვით, უკეთ შეძლებთ იმის შეფასებას, არის თუ არა თქვენი იდეა სიცოცხლისუნარიანი, ღირს თუ არა თქვენს დროდ, ენერგიად და ფულად…

AI, როგორც თქვენი დამხმარე და არა მეტოქე

ყველაფერი, რაც Adobe Max-ზე ვიხილეთ — ახალი AI ფუნქციები შემოქმედებითი ადამიანებისთვის