in

3 რჩევა რთული აზრების ადვილად გამოსახატად

M2
M2

შესაძლოა, ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობი იყო — გამოხატავთ რთულ იდეას, აზრს ან გრძნობას და თითქოს, ყველაფერი კარგად მიდის. აუდიტორია თავს გიქნევთ, თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ ყველას ესმის, რისი გადმოცემაც გსურთ. რეალურად კი საჯარო გამოსვლებზე ადამიანთა უმეტესობა დაბნეულია და გაუაზრებლად აქნევს თავს.

მსგავსი უხერხულობისგან თავის დასაღწევად და სათქმელის მსმენელამდე ადვილად მისატანად, საჯარო სპიკერის, ალან ალდას რამდენიმე სტრატეგიას შემოგთავაზებთ.

1. ყურადღება გაამახვილეთ მაქსიმუმ 3 საკითხზე

ადამიანის ტვინს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია მოკლევადიან მეხსიერებაში. ხშირად განმეორებადი ციფრია შვიდი ელემენტი. ეს ციფრი 1950-იან წლებში ჩატარებული კვლევებით განისაზღვრა. ზოგადად, კოლექტიურ არაცნობიერში ღრმადაა ჩაბეჭდილი 7-იანი. თუმცა შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ მოკლევადიანი მეხსიერება გაცილებით ნაკლებად სანდოა და მაქსიმუმ 3-დან 5-მდე საკითხის დამახსოვრებას უზრუნველყოფს.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ ტელეფონის ნომრები — არავის (ალბათ) მოსვლია აზრად, ყველა ციფრი ერთდროულად დაემახსოვრებინა. ამის ნაცვლად, მთლიანი რიცხვი ფრაგმენტებად დაანაწევრეს და ცალ-ცალკე დაიმახსოვრეს: სამ-სამ ციფრად. მხოლოდ დროთა განმავლობაში, ხშირი განმეორებით აღიბეჭდება სრული რიცხვი მეხსიერებაში.

იდეებისა და აზრების შემთხვევაშიც ამავე პრინციპით მუშაობს მოკლევადიანი მეხსიერება. მას შეუძლია, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის საკითხი გადაამუშაოს. ხოლო როგორც კი ივსება, ძველი ინფორმაციის წაშლაა საჭირო, რათა ადგილი გამოთავისუფლდეს. ამიტომაც, ალდა გვირჩევს, ერთი გამოსვლისას, არაუმეტეს სამი თემით შემოვიფარგლოთ.

2. ახსენით რთული იდეები სამი განსხვავებული გზით

როგორც ალდამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „თუ რაღაცის გაგება მიჭირს, ვცდილობ, სამი განსხვავებული გზით ვთქვა. ვფიქრობ, თუ საგნებს სხვადასხვა კუთხით მიუდგები, ამ რთული იდეის 3D ხედს მიიღებ“.

ამ სტრატეგიის გამოყენების ერთ-ერთი გზა მეტაფორაა. მწერალ ბარბარა ოკლის თქმით, მეტაფორები წინა ცოდნის შედეგად შექმნილ არსებულ ნერვულ შაბლონებზე მუშაობს. ეს არსებული შაბლონები კი ახალი ნერვული ქსელების შექმნას უწყობს ხელს, რათა ახალი ინფორმაცია ადვილად აღქმადი გახდეს. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებელს შეუძლია, სამყაროს გაფართოების კონცეფცია იმასთან შედარებით ახსნას, თუ როგორ ფართოვდება პური გამოცხობისას. ასეთი მეტაფორა ეხმარება სტუდენტებს დააკავშირონ კოსმოლოგიურად დიდი იდეები ადრე განცდილ რაღაცასთან.

ეს სტრატეგია არ ამარტივებს კონცეფციას, არამედ ხდის მას უფრო ნათელს და, შესაბამისად, უფრო მარტივად აღსაქმელს. სხვა სასარგებლო სტრატეგიები შეიძლება მოიცავდეს მაგალითებს, ვიზუალებს, მითითების ჩარჩოს შეცვლას და „ეს არ არის იგივე“ შედარების უზრუნველყოფას.

3. სამჯერ გაიმეორეთ მნიშვნელოვანი პუნქტები

გამეორება მძლავრი საკომუნიკაციო საშუალებაა, რადგან გვეხმარება ძირითადი ინფორმაციის ამოცნობაში და მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანაში.

რაც შეეხება სწავლას, საუკეთესო გამეორება არის ინტერვალი. მაგალითად, როცა ტელეფონის ნომერს ან რთულ ფიზიკურ განტოლებას იმახსოვრებთ, ინფორმაციის გადახედვა ავითარებს და აძლიერებს ნერვულ შაბლონებს, რომლებიც ამ კონკრეტულ ინფორმაციას ინახავს. ეს პროცესი განმარტავს, თუ რატომ არის ფლეშ ბარათები ასეთი ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტი.

ყოველთვის, როცა რაღაცას იმეორებთ, ეს მიანიშნებს, რომ მოცემული ინფორმაცია მნიშვნელოვანია.

გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია

საინტერესო პოდკასტი | სწრაფი მოდა: როგორ ვაზიანებთ დედამიწას ჩვენი გარდერობით?