ჩაიარა შობა-ახალმა წელმა და ყველანი ზანტად მივუბრუნდით საქმეებს. პირველი კვირა განსაკუთრებით ძნელია: მილოცვები, კანფეტების გაცვლა ერთმანეთში და ეიფორია, რომელიც დღესასწაულებიდან მოგვყვება.
მთავარი შეცდომაა 20-პუნქტიანი სამოქმედო გეგმები! ისინი კიდევ უფრო დაგაბნევთ. სულ სამი რამ არის, რაც პირველ კვირაში უნდა გააკეთოთ: ერთი ამოცანა გონების გასაწმენდად; ერთი იმის გასახსენებლად, რომ კრეატიული ხარ და ერთიც – საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. დანარჩენი ყველაფერი მოიცდის.
- ერთი ადმინისტრაციული ამოცანა: გაასუფთავე დესკტოპი
თუ დეკემბრის ბოლოს შენს მთავარ ეკრანზე 100-ამდე ფაილი უმისამართოდ იყო მიყრილი, დახარჯე 15 წუთი საქაღალდეების შექმნაზე და ფაილების გადატანაზე. წაშალე უსარგებლო სქრინშოტები. დაარქივე ძველი პროექტები.
ამ ქცევის მიზანი სრულყოფილება არ არის. ტვინი პატარა გამარჯვებად აღიქვამს მოწესრიგებულ სამუშაო სივრცეს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ნელ-ნელა ბრუნდები სამუშაო რიტმში.
რატომ მუშაობს ეს:
ეს ამოცანა კონკრეტულია, მარტივად შესასრულებელი და წესრიგის განცდას ქმნის ღრმა ფიქრის გარეშე. შენ ალაგებ ციფრულ სივრცეს, რაც ტვინს აძლევს ილუზიას, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ გაქვს. თანაც, მომავალში ფაილების პოვნა ბევრად მარტივი იქნება, რაც ყოველთვის სასარგებლოა.
- ერთი კრეატიული ამოცანა: შექმენი რაღაც მხოლოდ შენთვის
არა კლიენტისთვის, არა პორტფოლიოსთვის, არა ინსტაგრამისთვის – შექმენი რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა. ეს შეიძლება იყოს სწრაფი ესკიზი, წარმოსახვითი პროექტის მონახაზი, ფერთა პალიტრა, რომელიც უბრალოდ გსიამოვნებს, ტექსტი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება ან ნებისმიერი სხვა რამ. დააყენე ტაიმერი მაქსიმუმ 30 წუთზე და როცა გაითიშება, შეწყვიტე. არ გაალამაზო. არავის აჩვენო. უბრალოდ დახურე ფაილი და გადადი სხვა საქმეზე.
ეს იმის შეხსენებაა, რომ დღესასწაულების შემდეგ ხელებსა და ტვინს ისევ შეუძლია ერთად მუშაობა.
რატომ მუშაობს ეს:
შენ თავდაჯერებას ადვილად აღადგენ ისეთი პრაქტიკით, რომელიც ძალდატანების გარეშე კეთდება. მას არ მოსდევს კლიენტის უკუკავშირი, არც მოახლოებული დედლაინი და არ არის საჭირო შენი არჩევანის გამართლება. ეს კრეატიული მუშაობის ყველაზე სუფთა ფორმაა – ქმნი მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია.
- დაგეგმე რაღაც, რასაც მოუთმენლად დაელოდები
იანვარი უსასრულოდ გრძელდება, როცა ჰორიზონტზე არაფერი ჩანს სამუშაოს გარდა. ამიტომ ჩაწერე კალენდარში რაღაც, რასაც პროდუქტიულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მთლიანად სიხარულზეა ორიენტირებული.
ეს შეიძლება იყოს გამოფენის ბილეთები, მაგიდის დაჯავშნა იმ რესტორანში, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებს, პატარა მოგზაურობა ან თუნდაც ერთი სრული დღის გატარება საყვარელ ადამიანებთან. ეს არ უნდა იყოს ძვირი ან რთული შესასრულებელი, მხოლოდ სასიამოვნოზე უნდა იყო ორიენტირებული.
რატომ მუშაობს ეს:
მოლოდინი ძლიერი მოტივატორია. როცა იცი, რომ ჯილდო გელის, თუნდაც რამდენიმე კვირაში, გაცილებით მარტივად გეჩვენება ყველაფერი. თანაც, ეს გახსენებს, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ „to-do“ სიისგან არ შედგება.
მზად ხარ!
სულ ეს არის. ეს შენი სიაა. სამი ამოცანა. ერთი ადმინისტრაციული, ერთი კრეატიული და ერთი მზრუნველი. შეგიძლია ყველა ერთ დღეში გააკეთო ან კვირაზე გადაანაწილო. შეგიძლია ნებისმიერი თანმიმდევრობით შეასრულო და საკუთარ რეალობას მოარგო. აქ მთავარი მკაცრი წესების დაცვა არ არის, მთავარია, საკუთარ თავს პატარა ნაბიჯებით დაწყების უფლება მისცე.
შენ მანქანა არ ხარ, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს, ზამთრის შუაგულში სამუშაო რიტმს ნელა და რბილად დაბრუნდეს. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ – წელი გრძელია!











