in

შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვრიცხოთ პროდუქტის პროტოტიპირებისას

რა არის პროდუქტის პროტოტიპი?

პროტოტიპი არის პროდუქტის ან სერვისის ფუნქციური და არა საბოლოო ვერსია, რომელიც ბიზნესს შეუძლია, გამოიყენოს ტესტირებისთვის, გამოხმაურების მოთხოვნისა და ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით, სანამ ოფიციალურად გაეშვება ფართო ბაზარზე. პროტოტიპები გამოიყენება იმის დასადგენად, იმუშავებს თუ არა პროდუქტი და საჭიროებს თუ არა კორექტირებას, სანამ დახარჯავთ ძვირფას ბიუჯეტს მასობრივ წარმოებაზე.

პროტოტიპებს შეიძლება მრავალი ფორმა ჰქონდეს. ზოგიერთი პროტოტიპი არის მარტივი ვაიფრეიმები ვებსაიტისთვის. თქვენ მიერ შექმნილი პროტოტიპის ტიპი დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, მიზნებსა და გამოცდილებაზე. ციფრული პროდუქტების შემთხვევაში, როცა არსებობს პროექტის იდეა, და მით უფრო, თუ ეს იდეა ინოვაციურია, სჯობს, რომ გაკეთდეს პროტოტიპი, საჩვენებელი ვერსია, რომელიც გაიტესტება და შემდეგ გაგრძელდეს მასზე მუშაობა. პროტოტიპი ტექნოლოგიურ სტარტაპებში ძალიან პოპულარული ხელსაწყოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას დიდი კომპანიები არ იყენებენ. 

პროტოტიპი ეხმარება ბიზნესს, რომ დროულად იპოვოს ხარვეზები და მომხმარებლამდე სანამ გაეშვება, იქამდე ყველა დეტალი გათვლილი იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ თავად პროტოტიპის შექმნისადმი არასწორი გათვლები ხდება, რაც ხელს უშლის პროექტის წარმატებით გაგრძელებას. პროტოტიპის ხარისხიან შემუშავებაზე დიდწილადაა დამოკიდებული მთელი პროექტი, ამიტომ მიდგომა – საბოლოო პროდუქტი ხომ არ არის და რა უჭირს, ამ საქმეში არ გამოგადგებათ.

ციფრული პროექტების მენეჯერი და fullstack დეველოპერი, ანანო ასპანიძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს პროტოტიპებთან დაკავშირებით:

 „მოდი, გამოვყოფ 3 ძირითად პრობლემას, რომელიც პროტოტიპის შექმნისას იკვეთება:

  • ჩამოუყალიბებელი დავალება – თუ პროექტს აქვს ფიქსირებული დრო და ბიუჯეტი, პროტოტიპირების დაწყებამდე აუცილებელია, ვიცოდეთ პროექტის ყველა დეტალი, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები: დავსვათ მაქსიმალურად ბევრი კითხვა. ასევე, დამკვეთს უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მისი მოვალეობების შესახებაც – რა არის შემსრულებლის პასუხისმგებლობა და რა – დამკვეთის. ჩამოყალიბებული დავალება დაგვეხმარება, რომ სწორი გუნდი ავარჩიოთ + სწორი დრო და ბიუჯეტი ვთქვათ.
  • დამკვეთისთვის უკვე დასრულებული პროდუქტის ჩვენება –  იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და დამკვეთმა მიიღოს სასურველი პროდუქტი, აუცილებელია, მას პერიოდულად ვაჩვენოთ პროგრესი. დიზაინის ეტაპზე კვირაში ერთხელ მაინც, რომ ყველა გვერდი ნახოს და დაადასტუროს, დეველოპმენტის ეტაპზე – უფრო იშვიათად.
  • პროტოტიპის მასშტაბი – დამკვეთთან წინასწარ უნდა შევათანხმოთ, სრული პროექტის რა ნაწილი იქნება პროტოტიპში, რომ არასწორი წარმოდგენები არ ქონდეს. + პროტოტიპი არ უნდა იყოს ძალიან დატვირთული, მაგრამ უნდა იყოს გასაგები. მას მიზანი უნდა ჰქონდეს, ანუ რისი ჩვენება გვინდა ამ პროტოტიპით, პროექტის რა ნაწილია პრიორიტეტული. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, ვისთვის კეთდება, რატომ, რა უნდა ჩანდეს პროტოტიპში + რა თქმა უნდა თაიმლაინი”.

3 მთავარ შეცდომას გვიზიარებს მირიან ხომერიკიც, ტექნიკური პროექტების ხელმძღვანელი: იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ უკუკავშირი მომხმარებლებისგან და პროდუქტის განვითარება წავიდეს ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროტოტიპის შექმნისას მნიშვნელოვანია მივყვეთ MVP-ს (minimum viable product) პრინციპებს:

  • აქ ერთ-ერთი უმთავრესი სიტყვაა Minimum, ანუ ბიზნესს უნდა, რომ პროტოტიპი იყოს მისი მინიმალური ფუნქციონალით, რაც შეიძლება მალე იქნას მიზანი მიღწეული. აქ სტარტაპები/კომპანიები ხშირად არიან Overbuilding-ის ცდუნების წინაშე, რაც აგვიანებს ბაზარზე გასვლას და არის შანსი, რომ დროული უკუკავშირისა და კარგი პროდუქტის რჩევების მიღების შესაძლებობა დაიკარგოს.
  • მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რა არის პროდუქტის/ბიზნესის მთავარი VP და პროტოტიპის მინიმიმალური ფუქნციონალი აგვარებდეს არჩეულ პრობლემას. არის შემთხვევები როდესაც გუნდი კარგავს პრობლემაზე ფოკუსს და უფრო ფუნქციონალზე ორიენტირებულ გადაწყვეტას ვიღებთ შედეგად.
  • არ უნდა დაგვავიწდეს, რომ პროტოტიპის მთავარი მიზანი არის ტესტირება, ამიტომ შექმნის პროცესი უნდა იყოს მარტივი და ემსახურებოდეს სასტესტო ვერსიის რაც შეიძლება სწრაფად შექმნას, რაც შეიძლება გულისხმობდეს თუნდაც ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც საბოლოო პროდუქტში არ მოიაზრება. არ არის აუცილებელი რომ MVP-ზე დაშენდეს ახალი ფუნქციონალი, ბევრი წარმატებული სტარტაპი ვალიდაციის მიღების შემდეგ ნულიდან იწყებს პროდუქტის დეველოპმენტს”.

ეს ის ძირითადი შეცდომებია, რომლებიც პროდუქტის პროტოტიპირებისას არ უნდა დავუშვათ. ცხადია, ბევრი საკითხი საკუთარ პრაქტიკაში იჩენს თავს, თუმცა იმედია, ჩვენი რჩევები ოდნავ მაინც დაგეხმარებათ.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქართველი UX/UI დიზაინერების ფავორიტი ციფრული პროდუქტები

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი? — მირიან ჩხიტუნიძე