in

3 შეცდომა, რომლებსაც ხელმძღვანელები პერსონალური ბრენდის შექმნისას უშვებენ

სანამ უშუალოდ ამ სამ შეცდომას განვიხილავთ, იმაზე მოგიყვებით, რასაც ხელმძღვანელები ყველაზე ხშირად სცოდავენ, ანუ პერსონალური ბრენდის იგნორირებაზე… კი იციან, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას გადაუდებელ საქმედ არ თვლიან და სწორედ ამაშია პრობლემა. დღეს ყველა კარგად იაზრებს პერსონალური ბრენდის სარგებელს, რომ შეუძლია კარიერულ წინსვლაში დაგეხმაროთ ფოკუსირების, ხილვადობის, თავდაჯერებულობისა თუ დაწინაურების კუთხით. თუმცა აქვე ჩნდება კითხვაც — საიდან უნდა დავიწყოთ?

მოდით, პროდუქტის ბრენდინგის ანალოგიური რამ განვიხილოთ — როცა მარკეტინგის მენეჯერები ქირაობენ სააგენტოს, რათა თავიანთი პროდუქტისთვის რაღაც კრეატიული მოიფიქრონ, ისინი ამას ბრენდის სტრატეგიის შედგენით იწყებენ. მსგავსად, როცა პერსონალური ბრენდის შექმნას დაისახავთ მიზნად, დაიწყეთ პოზიტიური და რელევანტური მახასიათებლების გადმოცემით, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს თქვენს უნიკალურ პროფესიულ იდენტობას. 

შესაძლოა, ეს ყველაფერი მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ხელმძღვანელები ხშირად შემდეგ სამ შეცდომას უშვებენ:

1. გვერდს უვლიან ღირებულების შეთავაზებას

როცა პერსონალური ბრენდინგის საკითხზე დაფიქრდებით, LinkedIn-ის პროფილის განახლებაზეც უნდა იზრუნოთ და მიმდევრების შეგროვებაზე სოციალურ მედიაში. პირველი შეცდომა პირდაპირ კომუნიკაციაზე გადასვლაა მანამ, სანამ თქვენი პერსონალური ბრენდის განსაზღვრას დაუთმობთ დროს. ანალოგიურად ხდება იმ მარკეტინგის მენეჯერის შემთხვევაშიც, რომელიც მყისიერად სარეკლამო და სოციალური მედია პოსტების შედგენას იწყებს მანამ, სანამ ბრენდის სტრატეგიის განვითარებას დაუთმობს დროს. 

ამგვარად, როცა პერსონალური ბრენდის განვითარებას დაიწყებთ, თავი აარიდეთ ღირებულების შეთავაზებისთვის გვერდის ავლას. თუ ამას გააკეთებთ, მალევე კომუნიკაციის მეორე ნაბიჯზე გადახვალთ. აქ კი უკვე ლინკდინის პროფილზეც შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა, ლიდერად წარმოჩენაზეც და სოციალური მედიის მიმდევრების გართობაზეც. 

2. არათანმიმდევრულები არიან

ადამიანები გამუდმებით რაღაც ნიშნებს ვეძებთ, რაც სხვებზე შთაბეჭდილების შექმნაში დაგვეხმარება. დაფიქრდით, როდის შეხვდით პირველად კოლეგას, სანდო ჩანდა? მოგეწონათ? რა ნიშნები დაგეხმარათ მის შეფასებაში? როგორც ექსპერტები ამბობენ, თანმიმდევრული სიგნალები აძლიერებს ჩვენს რწმენას ადამიანების შესახებ, ხოლო არათანმიმდევრული დამაბნეველია და ხშირად საზიანოც. 

თუმცა ამის თქმით იმის აღნიშვნა კი არ გვინდა, რომ თქვენი ბრენდი დროთა განმავლობაში არ უნდა შეიცვალოს. პირიქით, თქვენი პერსონალური ბრენდიც უნდა განვითარდეს თქვენსავე პროგრესთან ერთად. თუმცა არსებული შთაბეჭდილებები კითხვით ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს, როცა თქვენ ამ შთაბეჭდილებების რღვევას დაიწყებთ… 

ხელმძღვანელების შეცდომებზე მოყოლილი ამბები პერსონალური ბრენდის არათანმიმდევრულობაზე მიგვითითებს. თანაც ყველა არასწორი ნაბიჯი არ იმსახურებს სათაურებში მოხვედრას, აი, საზიანო ნამდვილად შეიძლება გახდეს. წარმოიდგინეთ, კოლეგა, რომელსაც პასუხისმგებლიანად თვლიდით, რომ დაიგვიანებს ან შეხვედრაზე მოუმზადებელი მოვა. ან თქვენთვის სანდო ხელმძღვანელისგან რომ გაიგოთ, როგორ ჭორაობს სხვა კოლეგებზე…

უამრავი გზა არსებობს რომლითაც რაღაც ნიშანი შეგიძლიათ შემატოთ თქვენს პერსონალურ ბრენდს, გააძლიეროთ იგი პირისპირ შეხვედრებისას თუ ონლაინ, პირდაპირ თუ ირიბად. ამგვარად, დაფიქრდით, როგორ გააცნობთ საკუთარ თავს სხვებს, თქვენს ლინკდინის პროფილს, თქვენი ვირტუალური შეხვედრების ისტორიას, თქვენს სამოსს, ხმას, სხეულის ენას და პუნქტუალობასაც კი. თანმიმდევრულობა მთავარია ძლიერი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წინსვლის შანსს ხელიდან გაუშვებთ.

3. სხვებს ჰბაძავენ

და ბოლო შეცდომა, რომლებსაც ხელმძღვანელები საკუთარ პერსონალურ ბრენდთან მიმართებით უშვებენ, ალბათ, ყველაზე გავრცელებულიცაა — სხვების მიბაძვა. გარკვეულწილად გასაგებია, რადგან ჩვენ გარშემო არსებულ წარმატებულ ადამიანებს ვბაძავთ. მკვლევრები კი აქ ტერმინ სოციალურ სწავლებას იყენებენ, რათა აღვწეროთ, როგორ ვბაძავთ იმ ინდივიდებს, რომელთა წარმატებასაც ვაღმერთებთ.

აი, მაგალითად ვიღაც თქვენს ოფისში რომ იყოს და გააკეთოს ის, რაც მოგეწონებათ, ან ფორმალური შექება, ან დაწინაურება რომ მიიღოს, იქნება ეს ცნობიერად თუ არაცნობიერად, მეტად სავარაუდოა, რომ იმ ქმედებებს დაადგენთ, რომელთა ათვისებაც შეგიძლიათ მათნაირი წარმატების მისაღწევად. თუმცა სხვების მიბაძვა არც ასეთი ცუდია, განსაკუთრებით კარიერის ადრეულ ეტაპზე, როცა განსხვავებულ სტილსა და იდენტობებს ვცდით… 

მიუხედავად ამისა, როგორც ყველაზე წარმატებული პროდუქტის ბრენდები უნდა გამოირჩეოდეს თაროზე, ისეა ყველაზე წარმატებული ადამიანების შემთხვევაშიც. ისინი უნდა ფოკუსირდნენ თავიანთ უნიკალურ, ავთენტურ მისწრაფებებსა და გამოცდილებებზე. შესაბამისად, სხვების მიბაძვის ნაცვლად, შექმნან საკუთარი უნიკალური პროფესიონალური იდენტობა.

„თეგეტა აგრი“ — ახალი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

სტრატეგია ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის