21
Jan
2020

3 სტარტაპ აქსელერატორი, როგორც იდეათა მსოფლიო მასშტაბით დამფინანსებელი კომპანიები

21 Jan 2020

ადამიანები იდეების გენერატორები ვართ, იდეების, რომლებიც ხან ამართლებს, ხანაც – არა. ხდება ისეც, რომ ხანდახან ძალიან დიდი პერსპექტივების მქონე იდეა მოგვდის თავში, თუმცა, მის განსახორციელებლად საჭირო რესურსი არ გვაქვს. სწორედ ამგვარი იდეების განსახორციელებლად დღესდღეობით მსოფლიოში საკმაოდ ბევრი სტარტაპ აქსელერატორი არსებობს. ისინი საშუალებას გვაძლევენ, ჩვენს ნააზრევს ხორცი შევასხათ.

დღეს არსებული უამრავი მსხვილი კომპანია ერთ დროს სტარტაპი იყო.. სტარტაპი, რომელიც დააფინანსეს. გადავწყვიტეთ, ამგვარ იდეათა დამფინანსებელ 3 სტარტაპ აქსელერატორზე მოგიყვეთ, რომლებიც წლებია, ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებენ.

Y Combinator

აღნიშნული სტარტაპ აქსელერატორი 2005 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. სწორედ 2005-დან დღემდე 2000 სტარტაპი დააფინანსა, რომელთა საერთო ღირებულებაც დღესდღეობით 100 მილიარდ დოლარს აღწევს. Y Combinator-ის მიერ დაფინანსებულ სტარტაპებში შედიან: airbnb, Dropbox, Weebly, wepay, Gitlab, Reddit და სხვა დღესდღეობით წარმატებული კომპანიები.

იმისთვის, რომ იდეა საქმიანობად იქცეს, ზოგიერთ სტარტაპს საწყის ეტაპზევე/საქმიანობის დაწყებამდე სჭირდება დაფინანსება. სწორედ ამ ტიპის სტარტაპ აქსელერატორია Y Combinator, რომელიც, ფაქტობრივად, იდეებს აფინანსებს და სტარტაპერებს ეხმარება, იქამდე მივიდნენ, სანამ ისინი ფულის გამომუშავებას არ დაიწყებენ. წელიწადში ორჯერ – იანვრიდან მარტის და ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით აქსელერატორი შედარებით მცირე ბიუჯეტით განსაკუთრებით ბევრ სტარტაპს აფინანსებს. შემდეგ უკვე მიდის სამთვიანი მუშაობა და ამ მუშაობის პერიოდში Y Combinator-ის გუნდი აქტიურად მუშაობს სტარტაპერებთან ერთად.

Y Combinator-ის საქმიანობა სამი ნაწილისგან შედგება:

1. თავდაპირველად აქსელერატორი სტარტაპებთან ერთად მათ იდეებზე აქტიურად მუშაობს. ეს კი იდეის დახვეწას, მის გაფართოებას ან შემცირებას, დეტალების დაზუსტებასა და სხვა მსგავს პროცესებს მოიცავს.

2. სტარტაპის იდეის განხორციელების შემდეგ აქსელერატორი ინვესტორებისა და მყიდველების მოზიდვაში ეხმარება, რითიც მის მიერ დაფინანსებული კომპანიების მომავალს უზრუნველყოფს.

3. Y Combinator ასევე უზრუნველყოფს სტარტაპებთან დაკავშირებული ყოველგვარი საბუთისა თუ იურიდიული საქმის მოწესრიგებას.

Y Combinator-ის მიზანია, შექმნას იმგვარი გარემო, სადაც სტარტაპერები მაქსიმალურად ფოკუსირდებიან პროდუქტზე, რომელსაც ქმნიან. მისცეს სტარტაპებს მაქსიმალური თავისუფლება, რადგანაც სტარტაპები სწორედ იმიტომ იქმნება, რომ მისი შემქმნელი მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს სხვა დაწესებულებებისგან. ამასობაში კი, გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული აქსელერატორი სწორედ იმგვარ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც მომავალში დიდ წარმატებებს აღწევენ.

500 Startups

ამ სტარტაპ აქსელერატორის წარმომავლობაც ამერიკის შეერთებულ შტატებთანაა დაკავშირებული. მართალია, სახელწოდება 500 სტარტაპია, თუმცა, 2010-დან დღემდე 75 ქვეყნის მასშტაბით თავისი 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის საშუალებით 2300-ზე მეტი კომპანია აქვს დაფინანსებული. 500 Startups აფინანსებს ყველა ტიპის კომპანიას და დღეს უკვე მათ შორისაა: twilio, talkdesk, sentgrid, grab, ipsy და ა.შ

მსგავსად Y Combinator-ისა, 500 Startups-იც საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს.

500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების დახმარებით, საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და კონფერენციების ჩატარებასა და პარტნიორობას მსხვილ კორპორაციებთან და მთავრობებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

და მაინც, რაში ეხმარება ეს აქსელერატორი სტარტაპებს? 

პირველ რიგში, გახდნენ მეწარმეთა საზოგადოების ნაწილი და გაიცნონ მათთვის საჭირო და საინტერესო ადამიანები.

სტარტაპერებს დახმარებას გაუწევენ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები, მენტორები და კომპანიის სხვა წარმომადგენლები, რათა დახვეწონ თავიანთი იდეები. 

4 თვიანი აქსელერაციის პროცესში ისინი ისმენენ საინტერესო ინფორმაციას მარკეტინგის, კულტურის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ.

ამ პერიოდის გავლის შემდეგ, 500 Startups რეკომენდაციას უწევს სტარტაპებს, რაც მათ ინვესტორების მოზიდვაში მნიშვნელოვნად ეხმარება. 

“ჩვენ გვჯერა, რომ ჭკვიანი სტარტაპერების აღმოჩენა ნებისმიერ გენდერსა და ეროვნებაში შეიძლება.”

Techstars

Techstars 2006 წელს, ამერიკის შეერთხებულ შტატებში დაარსებული სტარტაპ აქსელერატორია. 2019 წლის მონაცემებით, მას 150 ქვეყნის მასშტაბით, 1600-ზე მეტი კომპანია აქვს დაფინანსებული და მათში ჩადებული საერთო კაპიტალი 18.2 მილიარდ დოლარს აღწევს.

ისევე, როგორც ზემოთ ნახსენები ორი კომპანია, აღნიშნული აქსელერატორიც ორიენტირებულია იმაზე, რომ სტარტაპები ადრეულ ეტაპზევე დააფინანსოს და იდეის ავტორებს შანსი მისცეს, თავიანთ ნააზრევს ხორცი შეასხან. აქსელერაციის პროცესი კი აქაც დაფინანსებიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ყოველწლიურად Techstars საშუალებას აძლევს 300 სტარტაპს, ამ სამი თვის განმავლობაში დიდი გამოცდილების მქონე ასობით მენტორთან ერთად იმუშაონ. დახვეწონ თავიანთი იდეები. თუმცა, სტარტაპების შემქმნელები ვალდებულები არიან, ამ სამი თვის განმავლობაში Techstars-ის ოფისთან ახლოს უნდა დაბინავდნენ და დაესწრონ ყველა საჭირო შეხვედრას.

Techstars აფინანსებს ყველა ყველა ტიპის სტარტაპს, ნებისმიერი ტიპის ბიზნეს მოდელის გამოყენებით. თუმცა, ეს კომპანია, უფრო მეტად, სტარტაპებზეა ორიენტირებული, ვიდრე – მცირე ბიზნესებზე.

დღესდღეობით Techstars-ის მიერ დაფინანსებულ 50 ყველაზე წარმატებულ სტარტაპს წარმოადგენს: ClassPass, Cloudability, Coachup, Contently, Crowdtwist, Distil Networks, DataRobot, Digital Ocean, DoubleDub, Everymove, FullContact, Ginger.io, GrabCAD, Kapost, Keen.io, Kinvey, Localytics, Mocavo, Next Big Sound, Occipital, OnSwipe, PillPack, Pivotdesk, Placester, Plated, Remitly, SendGrid, Simple Energy, Sphero, Synack.

“Techstars-ში გვჯერა, რომ ენტრეპრენერები უკეთეს მომავალს ქმნიან. ჩვენ – როგორც ხალხი და როგორც კომპანია, ამას კარგი მოპყრობითა და ერთმანეთის დახმარებით ვახორციელებთ.”

განხილვა