ხშირად ხართ მოწყენილი? თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ის არის, რასთან გამკლავებასაც ყველა ვახერხებთ. თუ მოწყენილი ხარ, რაღაც საინტერესო უნდა იპოვოო, ხშირად გეტყოდნენ, მაგრამ ყველაფერი არც ასეთი მარტივია. სწორედ ამიტომ, პროფესორი და მწერალი კევინ გერი საკუთარ სტრატეგიებს გვაცნობს, რომლითაც ჩვენივე მოწყენილობის დამარცხებას შევძლებთ.
როგორც ამბობს, ეს პრობლემა საკმაოდ კარგად იკვეთება ადრეულ ასაკში, ზუსტად მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეები ვხვდებით. მოსწავლეების უმრავლესობა გრძნობს თავს მოწყენილად, რაც ინტერესის დაკარგვით იწყება და შემდგომში ცუდი ქცევებიც მოსდევს… თუმცა ეს პრობლემა სკოლების დისციპლინის რღვევის მიღმაც მიდის — დაფიქრდით, რას აკეთებთ, როცა მოწყენილი ხართ? ბევრს ჭამთ? ბევრ ფულს ხარჯავთ გამოუსადეგარ ნივთებში? თუ ბევრს სვამთ? მეგობრებსაც სანახევროდ უსმენთ? მთლიანი ინდუსტრიაა აგებული იმის ირგვლივ, რაც მოწყენილს გვხდის…
ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილადაც იქცა და ხშირად ვეღარც კი ვამჩნევთ მის არსებობას, უბრალოდ გაანალიზების გარეშე ვცდილობთ მასთან გამკლავებას. თუ რაიმე ადგილს მოსაწყენად ვთვლით, რაღაც საინტერესოთი ჩანაცვლებას ვცდილობთ. ამას კი ძირითადად ორი გზით ვაკეთებთ: უპირველესად თავიდან ვიცილებთ, ფიზიკურად გამოვდივართ ამ სივრციდან ან ხშირად ტელეფონს ვამოწმებთ, ეს ხომ საუკეთესო მოწყობილობაა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად.
ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოწყენილობა საკმაოდ მტკივნეულია, რასაც კვლევაც მოწმობს — მონაწილეებს ორი ვარიანტი ჰქონდათ, ან ოთახში 15 წუთი დამსხდარიყვნენ და პირად საკითხებზე ეფიქრათ, ან ხელზე სპეციალური აპარატისგან მცირე შოკური დარტყმა მიეღოთ. შედეგები კი მკვლევრებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა: ქალების 30%-მა და კაცების 60%-მა ფიქრს დარტყმა ამჯობინა! ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მოწყენილობის ტკივილის ატანას, ფიზიკური ტკივილის ატანა გვირჩევნია. ამგვარად, პირველი სტრატეგია თავის არიდებაა, რომელიც ხშირად ავტომატურიც ხდება.
რაც შეეხება მეორე საკითხს, აქ თქვენთვის არასასურველი საკითხების მიმღებლობაზე საუბრობენ – თუ ბავშვობაში მოწყენილობაზე ხშირად წუწუნებდით, მოზარდებისგან გაიგებდით, რომ ასეთია ცხოვრება და უნდა მიეჩვიოთ. დროთა განმავლობაში კი ასე არსებული რეალობის პასიურად მიღება დაისწავლეთ. ბავშვებმაც შეიძლება ხშირად შემოგჩივლოთ „მოვიწყინე, არაფერია, რითაც გავერთობი“ – აქ წარმოსახვის ნაკლებობაზე უნდა დაფიქრდეთ, ხოლო თუ ფრაზას „მოვიწყინე, ვერაფერ ღირებულს ვხედავ გასაკეთებლად“ გაიგებთ, ეს უკვე მიმღებლობაა…
მესამე კი ყველაზე მნიშვნელოვნად შეგვიძლია ჩავთვალოთ — მოწყენილობას არ უნდა ენდოთ. არადა, რეალურად ამის მიდრეკილება გვაქვს: ჩვენ თვითონ განვსჯით ვიღაცას ან რაღაცას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს მოსაწყენია, რაც ხშირად არასწორია. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ და დავრწმუნდეთ, რომ აქ შეიძლება რაღაც ღირებული იყოს.
ამიტომ, თვალდახუჭული ნუ მიენდობით მოწყენილობას. დიახ, აქ რაღაც ისეთი შეიძლება აღმოაჩინოთ, რაც დაგაინტერესებთ. მართეთ თქვენი ყურადღება, რადგან როცა მოწყენილი ხართ, თქვენი გონებაც ყურადღების გამფანტავი საკითხებისკენ მიისწრაფვის…