მიკერძოებებს ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. ვარაუდებსაც ხშირად ისე ვაკეთებთ, რომ ჩვენი ეგო და თვითშეფასება დავიკმაყოფილოთ. შესაბამისად, ინფორმაციებსაც ისეთ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ, რომლებიც მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას. ამან კი არა მარტო ცუდ გადაწყვეტილებამდე, არამედ კონფლიქტამდეც შეიძლება მიგვიყვანოს, რადგან ამ დროს ალტერნატიული პერსპექტივების განხილვა ნაკლებად გვსურს. მსგავსად, კომპლექსური პრობლემების მართვაც რთულდება…
ამიტომ, ახლა გაგიზიარებთ, როგორ გაუმკლავდეთ მიკერძოებებს და მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები:
განიხილეთ იმ ინფორმაციის წყარო, რომელსაც ეყრდნობით
მაგალითად, როცა საცალო მაღაზიების ქსელი თანამშრომლების მოტივირებას ცდილობდა, რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდგომ, მუშაობის მკაფიო სახელმძღვანელო წესები, გაყიდვების სამიზნეები და ყოველთვიური ბონუსები შემოიტანა. შედეგად, საოცარი შედეგების მომსწრეც გახდა — პროდუქტიულობა გაიზარდა, თანამშრომლებმა მიზნებს მიაღწიეს და მენეჯერებმა ამ შედეგების გამოყენება დასაქმებულთა შესაფასებლად დაიწყეს.
თუმცა უფრო დეტალური დაკვირვების შემდეგ, ერთი ცუდი ტენდენციაც გამოიკვეთა — ახალი გაიდლაინით მოტივირებული თანამშრომლები თვის ბოლოს არსებულ საქონელს ყიდულობდნენ, რათა გეგმა შეესრულებინათ, თუმცა ბონუსის მიღების შემდგომ უკან აბრუნებდნენ. გამოდის, მენეჯერები მათ არასრული ინფორმაციის მიხედვით აფასებდნენ…
ამგვარად, თუ ინფორმაციის წყაროს ხელახლა გადახედავთ, მეტად თავდაჯერებულნი გახდებით შემდგომი ნაბიჯების განხილვისას. ამასთან, მეტად რელევანტურ ინფორმაციასაც გამოიყენებთ, რათა სხვების აზროვნება თუ ქმედებები უკეთ შეაფასოთ.
იფიქრეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად წინა გადაწყვეტილების დროს…
ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით აზროვნება ქმედებების განსხვავებული კურსების განხილვისკენ გიბიძგებთ. მაგალითად, თუ სამსახურებრივი პროექტის დედლაინი გამოტოვეთ, შესაძლოა, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გემუშავათ უფრო მეტი ან დახმარება გეთხოვათ, დედლაინის გადაწევაზე მოლაპარაკება გეწარმოებინათ… მსგავსი საკითხები იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამასთან, ურთიერთსაწინააღმდეგო აზროვნება დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ თქვენს არჩევანზე, გააფართოოთ თქვენი ფოკუსი ამჟამინდელი შედეგების მიღმა და თქვენი არჩევანის მეტად დაბალანსებული ხედვა მიიღოთ. ასე არსებულ მონაცემებს მიუკერძოებლადაც შეხედავთ.
გამოიწვიეთ თქვენი ვარაუდები
საკუთარ მიკერძოებებს შეგიძლიათ იმ ინფორმაციების აქტიური ძებნით ებრძოლოთ, რომლებიც თქვენს რწმენებსა და ვარაუდებს აყენებს გამოწვევის წინაშე. ეს არაკომფორტულიც შეიძლება იყოს, რადგან თქვენს იდენტობასა და მსოფლმხედველობას საფრთხის ქვეშ აყენებს, თუმცა მთავარი ნაბიჯია მეტად დეტალური და ინფორმირებული პერსპექტივის განსავითარებლად.
ერთ-ერთი გზა ამის გასაკეთებლად სხვადასხვა პერსპექტივის წინაშე საკუთარი თავის მიზანმიმართული გამოვლენაა, რათა კონკრეტულ საკითხზე თქვენივე ხედვა გააფართოოთ. მაგალითად Microsoft-ის ხელმძღვანელი სატია ნადელა შეგვიძლია განვიხილოთ — იგი ხელმძღვანელი 2014 წელს გახდა და შენიშნა, რომ Windows-სა და Office-ზე ფოკუსირება კომპანიის ზრდის პოტენციალს ზღუდავდა. კომპანიას არა მარტო ახალი სტრატეგია, არამედ კულტურის განვითარებაც სჭირდებოდა.
სწორედ ამ მიზნით, ნადელამ ახალი თანამშრომლების ძებნა დაიწყო განსხვავებული წარმომავლობებითა და ინდუსტრიებიდან, რათა მეტად მრავალფეროვანი პერსპექტივებიც უზრუნველყოთ. არსებულ თანამშრომლებს კი ექსპერიმენტებისა და გარისკვისკენ მოუწოდა, თუნდაც, ეს ყოველთვის წარმატებული არ ყოფილიყო. ამგვარად, Microsoft მეტად ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიად გადააქცია, განახლებული ფოკუსით ხელოვნურ ინტელექტზე.
კვლევამაც აჩვენა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივების ძიებით, შეგიძლიათ საკუთარი მიკერძოებები დაძლიოთ და მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. გამოდის, თუ ზემოთ მოცემულ სამ სტრატეგიას მივყვებით, შეგვიძლია, ჩვენი სრული პოტენციალი სამსახურსა და მის ფარგლებს გარეთ გამოვიყენოთ…
წყარო: HBR