ხშირია სიტუაცია, როცა თანამშრომელთა ნახევარი მენეჯერებს იშვიათად ან საერთოდ ვერ ხვდება. ისინი კი, ვისაც საკუთარ ხელმძღვანელებთან რეგულარული ურთიერთობა არ აქვთ, ნაკლებად არიან ჩართულები საქმეში და ნაკლები პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან. ღიაობა ძალიან მოქმედებს პროდუქტიულობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად იყოთ ახალი ტალანტების მოძიების პროცესში და ამავდროულად, ყურადღება გქონდეთ უკვე არსებული თანამშრომლების ჩართულობაზეც. სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაცია სათანადოდ ვერ იღებს პასუხისმგებლობას თანამშრომლების დაფასებასა და მოტივაციაზე.

თუკი თანამშრომელთა ჩართულობის 2020 წლის ტრენდებს გადავხედავთ, თანამშრომელთა 35.5% მხოლოდ თვეში 1-2-ჯერ ხვდება მენეჯერს, ხოლო 12.2% თითქმის არასდროს. კვლევა, რომლის შედეგებსაც ახლა გიზიარებთ აშშ-ში ჩატარდა და მასში 1000-მა დასაქმებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც იტყვიან, “თანამშრომლები ტოვებენ მენეჯერებს და არა კომპანიებს”. თუკი მენეჯერი სათანადო ძალისხმევას არ დებს ურთიერთობის ასაშენებლად, დიდი ალბათობით, თანამშრომელს დაკარგავს. გამოკითხულთა 73% აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ღიაა ახალი კარიერული შესაძლებლობებისთვის.
რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ, რომ თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა ააწყოთ და პროდუქტიულობა გაზარდოთ? აი, სამი რჩევა საამისოდ:
თავდაპირველად, განსაზღვრეთ მოლოდინები და მიზნები
არცერთ თანამშრომელს არ სურს, რომ ახალი ფუნქცია სრული გააზრების გარეშე დაიწყოს. მას სჭირდება იცოდეს, რა მიზნებია მის წინაშე და რა სჭირდება მათ მისაღწევად. უნდა იცოდეს, რას მოელით მისგან. იმისათვის, რომ გუნდი წარმატებისთვის განაწყოთ, მნიშვნელოვანია პირველი კვირის განმავლობაში ყოველ თანამშრომელს აუცილებლად შეხვდეთ.
მაგალითად, თუკი გაყიდვების ახალი აგენტი გყავთ, მისი ყოველდღიური ფუნქცია შესაძლოა რაღაც რაოდენობის ზარი იყოს. მაგრამ მან უნდა იცოდეს, საერთო ჯამში, რა მოცულობის შედეგი უნდა მიიღოს, რომ რეზულტატი წარმატებულად ჩაითვალოს და სამუშაო დაუფასდეს. დარწმუნდით, რომ თანამშრომელი იაზრებს საკუთარ მიზანს თავიდანვე. მიზნის ქონა ადამიანისთვის ავტომატურად მოტივაციაა, თქვენთვის კი – ბიზნესის წარმატება.
დასახეთ პრიორიტეტად ერთი-ერთზე რეგულარულად შეხვედრა
თუკი თანამშრომლებთან შეხვედრის გადავადების ჩვევა გაქვთ, ამით მას აგრძნობინებთ, რომ არ აფასებთ არც მას და არც მის შრომას. თუკი დაპირდით, რომ ყოველკვირეულად ან ყოველ ორ კვირაში ერთხელ გექნებათ შეხვედრა, შეასრულეთ. შეიძლება დროდადრო მაინც მოგიწიოთ გადადება, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
კვლევის თანახმად, თანამშრომელთა 62.2% ამბობენ, რომ გადაწვის პრობლემა აქვთ. თუკი თანამშრომლებს რეგულარულად შეხვდებით, შეძლებთ ამ პრობლემისგან დააზღვიოთ, აალაპარაკოთ ისინი და დარწმუნდეთ, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. ეს კი, თავისთავად გაზრდის თანამშრომელთა ჩართულობას ორგანიზაციის საქმეში.
გარდა ამ რეგულარული შეხვედრებისა, პერიოდულად ისაუბრეთ ეფექტიანობის შეფასებაზე. გააანალიზეთ შედეგები. ამგვარად, თანამშრომლებს დაეხმარებით მთლიანი სურათის დანახვაში, რაც შემდეგ მათ სამუშაო მიდგომაზეც იმოქმედებს.
ნუ იქნებით მიკრომენეჯერი! იმოქმედეთ როგორც ქოუჩმა ან მენტორმა!
რასაკვირველია, თანამშრომლები მენეჯერთან შეხვედრით უფრო პროდუქტიულები ხდებიან, თუმცა, ნუ გადახვალთ მიკრომენეჯმენტში.
თანამედროვე მიზანდასახული თანამშრომლები ილტვიან ავტონომიისკენ. მათ სურთ იგრძნონ, რომ მენეჯერი ენდობათ. შესაბამისად, მზად არიან აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც და შედეგების მიღებაც საკუთარ თავზე აიღონ. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლებს აღარ ეშინიათ შეცდომების დაშვების და ეს მიდგომა ამისგან აზღვევს კიდეც. ისინი შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენებას ეჩვევიან. საერთო ჯამში, მიკრომენეჯმენტზე მეტად, ავტონომიის მხარდაჭერა გამოგადგებათ.
თქვენი თანამშრომლები თქვენი ორგანიზაციის ყველაზე ღირებული რესურსია. მათი ჩართულობა თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, მათთან მჭიდრო ურთიერთობის აგება ისევ თქვენ წაგადგებათ, გრძელვადიან პერსპექტივაში.
წყარო: inc










