15
Nov
2019

3 ნაცადი გზა ბიზნესის გასაზრდელად

15 Nov 2019

დამწყებ კომპანიებს, როგორც წესი, დასაწყისში ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სწრაფი ზრდა. სწრაფი ზრდა ყველაზე კარგი ხერხია საიმისოდ, რომ მიზნობრივ სეგმენტში ბიზნესმა თავი დაიმკვიდროს, საზოგადოებას თავი დაამახსოვროს და წარმოჩნდეს, როგორც მზარდი და საიმედო კომპანია. სწორედ ამგვარ მიდგომას მოჰყვება ხოლმე დასტაბილურება, რომელიც დამწყები ბიზნესებისთვის მეორე საფეხურია. თუმცა, სანამ აქამდე მივა კომპანია, მან უნდა იცოდეს, თუ რა მიდგომებით უნდა იხელმძღვანელოს მაშინ, როცა სწრაფი განვითარების გზას დაადგება. ხშირად, დასაწყის მომენტივე ხდება ისე, რომ მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდის წევრებს გონებრივი და ფიზიკური რესურსები ამოეწურებათ ხოლმე – მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ გადაიწვებიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სწორედ ამიტომ, იმისთვის რომ ზრდის სწორი გზა აირჩიოთ, გთავაზობთ სამ რჩევას:

დამარცხდით, რომ მოემზადოთ და მოემზადეთ, რომ დამარცხდებით

ალბათ, გაოცდებით, თუკი ნახავთ იმ ბიზნესთა რიცხვს, რომლებმაც მოღვაწეობა თავიდანვე მარცხით დაიწყეს. პირველი დამარცხება კარგი მოტივაციაა იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან და სწორად დაიწყოთ. თავიდან დაწყება კი ყველაფრის დეტალურ ანალიზს მოითხოვს. თუკი აქამდე არ გქონდათ დეტალური გეგმა და ე.წ გეგმა B, ამჯერად უკვე დგება დრო, სხვა გზებით ეძიოთ თქვენი ბიზნესის წარმატება.

ხშირად მარცხი სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ სხვა კუთხიდან/პერსპექტივიდან შევხედოთ ჩვენს საქმიანობას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ მომენტში მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება, რაღაცები ისე ვერ განვითარდეს, როგორც ამას აქამდე გეგმავდით. მოემზადეთ, რომ დამარცხდებით და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ისედაც სწორ გზას ადგახართ და ამგვარადვე უნდა განაგრძოთ.

შემოიკრიბეთ თქვენ გარშემო სწორი ადამიანები

თუკი გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი გაიზარდოს და დიდ წარმატებებს მიაღწიოს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაფერს თქვენ ვერ გააკეთებთ – უფრო სწორად, არც უნდა გააკეთოთ. სწორედ ამის ფონზე, აუცილებელია, გარშემო სწორი ადამიანები შემოიკრიბოთ და კარგი გუნდი შექმნათ. სტაფის წევრებს ნიჭთან და მონდომებასთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. უნდა სჯეროდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერს გაუმკლავდებიან.

ნეგატივი ყველა ორგანიზაციის სისუსტეა და თუ ამას ხელი არ შეუშალეთ, შეიძლება, თქვენს კომპანიაში ის ისე გავრცელდეს, რომ ვერც გაიგოთ. სწორედ ამიტომ, მუდამ იყავით ჩართული თქვენი გუნდის წევრების საქმიანობაში და ფოკუსირდით იმაზე, რომ პოზიტიური განწყობის გაღვივებას შეუწყოთ ხელი მათში.

დაიმახსოვრეთ, არ არსებობს სიტყვა “მე” გუნდში

ლიდერებს ხშირად არ აქვთ დასვენების დღეები ან რეგულარული სამუშაო საათები – ისინი უბრალოდ სულ ოფისში არიან. მაშინაც, როცა ისინი სამსახურში არ არიან, ფიქრებით მაინც სამსახურში არიან. მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, ზრუნავდნენ კომპანიის განვითარებაზე და მუდმივად ფიქრობდნენ ახალ სტრატეგიებზე. სწორედ ამიტომ, ხშირად მათ უჩნდებათ განცდა, რომ მხოლოდ ისინი აკეთებენ საქმეს და ბიზნესის განვითარებაზეც მარტოები ზრუნავენ. ხშირად, ეს არასწორი მიდგომაა.

ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს გუნდის ხერხემალი და არა მხოლოდ პერსონა, რომელიც მას მართავს. ნებისმიერი კომპანიის წარმატება გუნდურ მუშაობაზე დგას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ლიდერი ენდოს მისი გუნდის წევრებს და დაანახოს მათ ეს ნდობა რეგულარულად.

წყარო: Inc



განხილვა