დამღლელია, იყო იმ ადამიანის გვერდით, ვინც მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამს, მიდრეკილია დრამისკენ და ყოველთვის სადღაც მიიჩქარის, მიუხედავად იმისა, რეალურად, ეჩქარება თუ არა. ამგვარ ადამიანთან დროის გატარების შემდეგ, შეიძლება, თავი უენერგიოდ და გაღიზიანებულად იგრძნოთ და ეს არ იქნება ლოგიკას მოკლებული..
რატომ? როგორც მეცნიერებამ დაასკვნა, სტრესი ისეთივე გადამდებია, როგორც ვირუსი ან უბრალოდ მთქნარება.
გონებაში განთავსებული სარკისებრი ნეირონები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, სხვას გავუგოთ და ვუთანაგრძნოთ, თუმცა, ამავდროულად, მათ თავისუფლად შეიძლება გადაედოთ ნეგატივიც. სხვების ცუდ ხასიათზე ოდნავი ორიენტირების შედეგადაც კი ჩვენში 26 პროცენტით იზრდება სტრესის ჰორმონები.
სხვა ადამიანებისგან მოგვრილ სტრესს კი ბევრი სახესხვაობა აქვს: სხვის პრობლემებზე დარდი, მიზეზის უცოდნელად დაპანიკება, აჩქარება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაც ასეთ მდგომარეობაშია და ა.შ
ქრონიკულ სტრესს თავისუფლად შეუძლია ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების გამოწვევა, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, იზრუნოთ და ორიენტირდეთ საკუთარ ბედნიერებაზე.

წარმოგიდგენთ გზებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ემოციური იმუნიტეტი და დაიცვათ საკუთარი თავი იმისგან, რომ არ გახდეთ სხვათა სტრესის მსხვერპლი:
იმოქმედეთ მომენტალურად, როდესაც მსგავს შემთხვევას შეამჩნევთ
ადამიანები სოციალური ქმნილებები არიან. როდესაც სხვას სტრესულ მდგომარეობაში ვხედავთ, შესაძლებელია, ინსტინქტურად ჩვენც ამგვარადვე ვიგრძნოთ თავი. ასეთ დროს, გაუცნობიერებლად მივყვებით მათ ქმედებებს, რაც საბოლოოდ უარეს მდგომარეობაში გვაგდებს. ეს უსარგებლო რეაქციები ავტომატურია, მაგრამ თავისუფლად შეიძლება მათი შეცვლა. უბრალოდ დააპაუზეთ – ეს ყველაზე საჭირო რამაა, რაც უნდა გააკეთოთ, როცა ხედავთ, რომ თქვენც სხვის გზას მიჰყვებით. დაფიქრდით, თქვენიცაა თუ არა მათი სტრესის საგანი, ნამდვილად “თქვენი სტილია” მსგავს რამეებზე დარდი?
იყავით ემპათიური, თუმცა, ნუ შეიჭრებით “სიღრმეებში”
ნებისმიერ ურთიერთობაში ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის სრული პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თავსა და ჩვენს ქმედებებზე და არა – სხვებზე. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს ფლობთ. იმის მაგივრად, რომ სხვისი სტრესი თქვენზეც გაავრცელოთ, მიიღეთ ეს შემთვევა ისე, თითქოს იგი შესაძლებლობაა, რომელიც სხვის თანაგრძნობას გასწავლით. მიეცით მათ საშუალება, ახსნან, რა აწუხებთ, თუმცა, ნუ ინტეგრირდებით მათ წუხილში და ნუ გაუშინაურდებით მათ სტრესს.
შემოსაზღვრეთ თქვენი სივრცე
საზღვრების შექმნა ხშირად ცუდი არ არის, პირიქით – იგი თავდაცვის მექანიზმია. განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ ადამიანთან იმყოფებით ინტერაქციაში, რომელიც გამუდმებით გსტრესავთ. საჭიროა, შეამციროთ დრო, რომელსაც მათთან ერთად ატარებთ, ამისათვის კი მრავალი გზა არსებობს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ დიპლომატიაც, საქმე ყოველთვის ბევრია, შესაბამისად, მიაწოდეთ ინფორმაცია მათ იმის შესახებ, რომ არ გცალიათ ან უბრალოდ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ.










