31
Jan
2020

3 გზა, თუ როგორ გავზარდოთ გუნდში კრეატივი

31 Jan 2020

არ აქვს მნიშვნელობა, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობთ, თუ ივენთ-მენეჯერი ხართ, კრეატიულობა თითოეულ ადამიანს ძალიან სჭირდება. კრეატიულობა არ გულისხმობს მხოლოდ შემოქმედებითი იდეების მოფიქრებასა და განხორციელებას, კრეატიულობა გვეხმარება, ჩვენი საქმე ვაკეთოთ არა რუტინულად, არამედ ხალისიანად, რასაკვირველია, სხვადასხვაგვარი ალტერნატივებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყოველთვის, როცა კომპანიები/ბიზნესები კარგ თანამშრომელს ეძებენ, ისინი, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად კრეატიულია კანდიდატი. ეს სწორი მიდგომაა, რადგანაც ხშირად დიდი გამოცდილების მქონე კადრიც კი შეიძლება, ვერ იყოს შემოქმედებითი. კრეატიულობა არის ის, რასაც ეძებენ ყველგან და ყოველთვის, რადგანაც სამყარო დღითი დღე იცვლება და მოძველებული წესებით საქმიანობის გაგრძელება ბიზნესს კარგს ვერაფერს მოუტანს.

თუმცა, ხშირად კრეატიულ გუნდს თავისი შემოქმედებითობის გამოსავლენად კრეატიული უფროსი სჭირდება. გუნდის ლიდერს არათუ სჭირდება, არამედ ევალება კიდეც, თავისი პერსპექტივები შესთავაზოს თანამშრომლებს, ოდნავ უფრო სხვანაირად დააფიქროს ისინი და პრობლემათა გადაწყვეტის სხვადასხვაგვარი გზების მოძებნაში დაეხმაროს. მოკლედ რომ ვთქვათ, უფროსს შეუძლია, გუნდში კრეატივი გააღვივოს.

და მაინც, როგორ უნდა გააკეთოს ეს?

შეუცვალეთ მნიშვნელობები აწ უკვე განხორციელებულ იდეებს

ორიგინალურობის დევნა თქვენს ბიზნესში კრეატივს ვერ გაზრდის. ნამდვილი შემოქმედებითობა არ გულისხმობს ყოველთვის ორიგინალურ იდეებს, არამედ – უკვე არსებული იდეების გადააზრებას. როგორც სალვადორ დალი იტყოდა, “მათ, ვისაც იმიტაციის სურვილი არ აქვთ, ვერასდროს ვერაფერს შექმნიან.” მაგალითად, ავიღოთ იოჰანეს გუტენბერგის შემთხვევა, როცა მან პირველი საბეჭდი მანქანა ღვინის დასაპრესი ღვინის დასამზადებელი, ყურძნის დასაპრესი მოწყობილობის ადაპტირებით შექმნა. ამიტომაც, ნუ ეცდებით, გამოიგონოთ ბორბალი – უბრალოდ გამოიყენეთ ის სხვა მიზნით, უფრო კრეატიულად.

გამოიყენეთ სხვადასხვა დისციპლინის კომბინაცია

ხშირად ყველაზე ორიგინალური იდეები სწორედ იმ სფეროების დაკავშირებით ხდება, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ. შეკრიბეთ თქვენს ორგანიზაციაში მყოფი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჩაატარეთ მათთან ერთად იდეათა გაცვლის აქტიური დისკუსია. ასეთ დროს მთავარია, გაბედოთ და სცადოთ, ერთმანეთს დაუკავშიროთ სხვადასხვა ადამიანების გამოცდილებები, რაც შემდგომში სხვადასხვა აზრებსა და იდეებს დაუდებს სათავეს. გარდა ამისა, თქვენი გუნდის წევრები ერთ აზრამდე მისვლის პრაქტიკასაც გამოცდიან.

ნუ შეგეშინდებათ დიდი იდეების

დიდი იდეები სულაც არ არიან საშიშნი. პატარა იდეების მასშტაბების გაზრდა უფრო რთულია, ვიდრე დიდი იდეების დავიწროვება. ამიტომაც, დაანახეთ თქვენს გუნდის წევრებს, რომ დიდი იდეებისადმი გახსნილი ხართ და მათგან სწორედ ამგვარ იდეებს მოელით. ხშირად ხდება ისე, რომ ამგვარი იდეების “წარმოუდგენლობის” გამო, თანამშრომლები აღარ ამბობენ იმას, რაც თავში მოსდით. ამიტომაც, ეცადეთ, აჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ პირიქით, დიდი იდეების მოსმენისთვის მზად ხართ – ზუსტად ამ დროს ეხსნება კრეატივსა და ინოვაციას გზა.

წყარო: Inc



განხილვა