ყოველდღიურად საკუთარი თავის გამოწვევა, მოიფიქრო ახალი იდეა და ბოლომდე მიიყვანო, ერთგვარი მარათონია. გრაფიკოსი დიზაინერის, ჯარჯი ჩარკვიანის თქმით, ეს პროცესი ძალიან ჰგავს ფიზიკურ ვარჯიშს, გეხმარება განვითარებასა და თვითდისციპლინის გამომუშავებაში. თითქოს, ამ დროს, იღებ პასუხისმგებლობას და უკან დასახევ გზას იჭრი. ჯარჯი ჩარკვიანმა გადაწყვიტა, 30 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, ახალი ლოგო შეექმნა. ლოგოების სერიის შთაგონებად ზაფხული და ოლიმპიური თამაშები იქცა. პორტფოლიოს გამრავალფეროვნების გარდა, „ჩელენჯი“ ჯარჯი ჩარკვიანისთვის უკუკავშირისა და ანალიზის საშუალებაა. მისი თქმით, გრაფიკული დიზაინი არის საქმე, რომელსაც პროფესიული დატვირთვის გარდა, განტვირთვის როლი აქვს მისთვის:
„პროფესია რამდენჯერმე შევიცვალე. სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვსწავლობდი ოთხ განსხვავებულ ფაკულტეტზე. ბოლო პროფესიული არჩევანი არქიტექტურას უკავშირდებოდა, თუმცა ესეც შევიცვალე და რამდენიმე თვის განმავლობაში, გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე მოვსინჯე ძალები, ერთ-ერთ ტელევიზიაში. მაშინ საკუთარი კომპიუტერი არ მქონდა, ამიტომ დილას ადრე მივდიოდი, რომ სანამ ტელევიზიის გრაფიკოსი დიზაინერი მოვიდოდა, კომპიუტერით მესარგებლა. სწორედ მაშინ დავიწყე და უკვე ოთხი წელია, გრაფიკულ დიზაინში ვმუშაობ. ამ ეტაპზე, ბრენდინგითა და დიზაინით ვარ დაკავებული.
ეს საქმე იმდენად მიყვარს, რომ განტვირთვის სახეც აქვს ჩემთვის, რაც ვფიქრობ, იშვიათი ფუფუნებაა თანამედროვე სამყაროში. ამიტომაც, გართობასავით ვუყურებ ვიზუალური კონტენტის შექმნას. კარიკატურული რებრენდინგის სერიაც მაქვს დაწყებული ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ცუდად ექცევიან თანამშრომლებს – სახელწოდებით „კანტორა & სალობიე“. ასე ვთქვათ, ვერთობი, მაგრამ ვიცი, რომ ეს გართობა საინტერესო ადგილამდე მიმიყვანს“.
M: როგორც ახსენე, ეს არაა პირველი „ჩელენჯი“ შენთვის. როგორ გეხმარება საკუთარი თავის გამოწვევა?
თავიდან, როდესაც დიზაინის შექმნა დავიწყე, მივხვდი, რაღაც დიდი გამოწვევა მჭირდებოდა. როცა ქართულ ბაზარზე დამწყები დიზაინერი ხარ, ისეთი შეკვეთები ნაკლებად გაქვს, რომელიც განვითარებაში გეხმარება. მართალია, მქონდა პროექტები Upwork-დან და სხვა საერთაშორისო პლატფორმებიდან, მაგრამ გადავწყვიტე, საკუთარი თავი გამომეწვია. თავდაპირველად, 90-დღიანი „ჩელენჯი“ გავაკეთე. საინტერესო ამ პროცესში ისაა, რომ საჯაროდ იღებ პასუხისმგებლობას რაღაც საქმეზე და ასე ადვილად ვერ მოეშვები. ყოველდღიურად ვდებდი ახალ ნამუშევარს. ისეც ყოფილა, რომ სახლში შუაღამით მისულს, ორ საათში ამიწყვია ახალი ვიზუალი. მას შემდეგ, ყოველწლიურად გადავხედავ ხოლმე ჩემს პორტფოლიოს, ვაკვირდები, რის განვითარება მჭირდება და იმის მიხედვით ვარჩევ, რა მიმართულებით გამოვიწვიო საკუთარი თავი.
M: ეს 30-დღიანი „ჩელენჯი“ რას ემსახურება?
ამ დროისათვის, უცხოურ კომპანიებთან ვთანამშრომლობ, თუმცა შემოდგომიდან მინდა ქართულ სააგენტოებს შევუერთდე. 30-დღიანი „ჩელენჯით“ სწორედ ამისთვის ვემზადები. სხვა დონეზე გადასვლა მჭირდებოდა. არც ისე მარტივია, მოკლე დროში სრულიად ახალი იდეის მოფიქრება, რაზე გავაკეთო მომდევნო ლოგო, მით უმეტეს, როდესაც ბრიფი საერთოდ არ გაქვს. მინდოდა, შემემცირებინა ჩემი სამუშაო დრო იდეისა და შესრულების მხრივ. ძალიან ჰგავს ფიზიკურ ვარჯიშს – „ჩელენჯი“ მეხმარება მოვიშორო „ჟანგი“, რომელიც ერთგვაროვანი საქმით მქონდა მოკიდებული. საჯაროდ განთავსებისას, სხვადასხვა ჯგუფში გაზიარებისას, უკუკავშირს ვიღებ და ეს მეხმარება დავფიქრდე, გავაანალიზო და გავაუმჯობესო.
M: როგორ მართავ სამუშაო პროცესს?
იდეაზე წინა დღეს ვფიქრობ. არ მაქვს მომენტი, რომ რამდენიმე დღის იდეა წინასწარ მოვიფიქრო. ამ პროცესის მთელი ხიბლი თვითდისციპლინის გამომუშავებაა – როგორ მოიფიქრებ და გააკეთებ ერთ დღეში. მე რომ წინასწარ ერთი კვირის იდეები ჩამოვწერო, არათანმიმდევრული გამოვა, გამოიწვევს გადაწვას და არაპროდუქტიული იქნება, საბოლოო ჯამში.
30-დღიანი „ჩელენჯის“ დიდი ნაწილი ზაფხულთან და ოლიმპიურ არის დაკავშირებული. ვეცადე, ამ სერიაში სამ ფერზე მეტი არ გამომეყენებინა და დიზაინი შავ-თეთრ ფერებშიც მარტივად აღქმადი ყოფილიყო. ჯგუფებში გაზიარებისას მიღებული უკუკავშირიც დამეხმარა და ახლებურად დავინახე, როგორ შეიძლება განსხვავებულად გამოხატო.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი