დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებელი სიცხე ფიქსირდება. კლიმატოლოგები კი ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ეს უპრეცედენტო მოვლენები, შესაძლოა, უფრო სწრაფ და დრამატულ კლიმატის ცვლილებებზე მიუთითებდეს.
გასულ შაბათ-კვირას ანტარქტიდაში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — რიგ ადგილებში ჩვეულებრივზე 40ºC-ით მეტს მიაღწია.
ამავდროულად, დნობის ნიშნები დაფიქსირდა ჩრდილოეთ პოლუსზეც, სადაც ტემპერატურა ჩვეულებრივზე 30ºC-ით მეტი იყო. ეს კი, ჩვეულებრივ, წლის შემდგომ სეზონებში შეინიშნება ხოლმე.
წელიწადის ამ დროს, სამხრეთ პოლუსური ზაფხულის შემდეგ, ანტარქტიდაზე, სწრაფი აცივება უნდა შეინიშნებოდეს. ხოლო არქტიკა ნელა უნდა გამოდიოდეს ზამთრის ეტაპიდან, რადგან დღის ხანგრძლივობა იზრდება. ორივე პოლუსზე ერთდროულად ასეთი სწრაფი დათბობა კი უპრეცედენტო მოვლენაა, რაც დედამიწის კლიმატის სისტემების სწრაფ რღვევაზე მიანიშნებს.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს კლიმატის მეცნიერების ყოვლისმომცველი მიმოხილვის პირველ თავში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელმა მიმდინარე დათბობის სიგნალებზე ისაუბრა. მან გაგვაფრთხილა, რომ უპრეცედენტო დათბობის ნიშნები, როგორიცაა პოლარული ყინულების დნობა, შესაძლოა, სწრაფად შეუქცევადი გამხდარიყო.
საშიშროება ორმხრივია: პოლუსებზე სიცხე არის ძლიერი სიგნალი იმისა, თუ რა ზიანს აყენებს კაცობრიობა კლიმატს; და ასევე, შეიძლება, დნობამ გამოიწვიოს შემდგომი კასკადური ცვლილებები, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
მეცნიერებმა მიმდინარე მოვლენებს „ისტორიული“, „უპრეცედენტო“ და „დრამატული“ უწოდეს.
„არქტიკისა და ანტარქტიდის დათბობა შემაშფოთებელია, ისევე, როგორც ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა. ეს მოვლენები გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობას ადასტურებს“, — ამბობს მაიკლ მანი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის სისტემის მეცნიერების ცენტრის დირექტორი.
ჯეიმს ჰანსენი NASA-ს ყოფილი მეცნიერია, რომელმაც მთავრობები, გლობალური დათბობის შესახებ, ჯერ კიდევ 30 წლის წინ გააფრთხილა. ახლა კი მისი თქმით, არქტიკაში ზღვის ყინულის საგანგაშო შემცირებაა მოსალოდნელი, რაც პლანეტის მეტად დათბობას შეუწყობს ხელს. „ზღვის ყინულის კლება ზრდის პლანეტარული ენერგიის დისბალანსს, რადგან ოკეანე არეკვლის ნაცვლად, მეტ სითბოს შთანთქავს“.












