in

რა დაგხვდებათ 30 ივნისს CONTENT ფესტივალზე?

30 ივნისს Factory Tbilisi-ში ფესტივალი კონტენტი გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში აქ თავს მოიყრიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო კონტენტს ქმნიან. 

კონტენტი შემეცნებით-გასართობი ფესტივალია, სადაც მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მოუსმენენ საინტერესო სპიკერებსა და დისკუსიებს, დაესწრებიან ვორქშოპებსა და ინტერვიუებს. ფესტივალის გარე სივრცეში კი გასართობი აქტივობები, და სხვადასხვა მასტერკლასი გაიმართება.

უკვე დიდი ხანია, მსგავსი ფესტივალები ამერიკასა და ევროპაში აქტიურად ტარდება. მათ შორისაა VidCon, სადაც კონტენტკრეატორები იკრიბებიან. საქართველოს ციფრული ბაზრის გათვალისწინებით, ირაკლი კაკაბაძემ, ფესტივალის ორგანიზატორმა, გადაწყვიტა ყველა სოციალური ქსელის კონტენტკრეატორი შეეკრიბა — იგულისხმება იუთუბი, ინსტაგრამი, ტიკტოკი, ფეისბუქი და სხვა.

„გვინდა, ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღოს და წლიდან წლამდე გაიზარდოს, დაიხვეწოს. ამჯერად Factory Tbilisi-ის ტერიტორია (წერეთლის გამზ. 114) ორ ნაწილად გავყავით: გარე და შიდა სივრცე. ბილეთებიც ასე გადანაწილდა — შესაძლებელია როგორც მხოლოდ გარე სივრცისთვის განკუთვნილი ბილეთის ყიდვა, ისე უნივერსალურის“,განმარტავს ირაკლი კაკაბაძე.

ცოტა უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, გარეთ უფრო მეტად სადემონსტრაციო სტენდები და წარმოდგენები მოეწყობა — მაგალითად, სტაროპრამენის სახეა ლუკა ნაჭყებია, რომელიც იქვე, მანქანა-რესტორანში ჩაატარებს მასტერკლასს. ასევე, აქვე ნახავთ კახა კვირიკაშვილის („კახას სკოლა“) მასტერკლასს — ძაღლის აღზრდისა და მათთვის ძირითადი ქცევების სწავლების დემონსტრაციას. „ალტას“ პავილიონში კი ფლეისთეიშენის ჩემპიონატი ჩატარდება — თან ახლა ფეხბურთმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ და ყველანი სხვაგვარი ენერგიით ვართ დამუხტული. ასევე, იქნება სივრცე დამწყები იუთუბერებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი არხებისა და კონტენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ფესტივალის სტუმრებს, პონტენციურ პარტნიორებსა და კომპანიებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა, რაც Factory Tbilisi-ის გარე სივრცეში მოეწყობა, მაგრამ ყველაფერს წინასწარ ხომ არ გავამხელთ?!

რაც შეეხება უშუალოდ დარბაზს, მთელი დღის განმავლობაში მოისმენთ სპიკერების გამოსვლებს — იქნება ეს პანელური დისკუსია, ინტერვიუ, სფიჩი თუ ვორქშოფი. მაგალითად, ერთ-ერთი პანელი პოდკასტს დაეთმობა, როგორც ბოლო დროის გამორჩეულ კონტენტს. ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ნიკო ნერგაძე, ტატო ბაციკაძე, გიორგი ვარდოსანიძე და გიორგი კალატოზი;  მოდერატორი კი გიორგი ჯაფარიძე იქნება.

ბრენდის სტრატეგი შოთა ჩინჩალაძე დიდი ბრენდების შენების ყველაზე მძლავრ იარაღზე, ტომებზე ისაუბრებს და ამ თანამედროვე ტომების მართვის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებსაც გაგვიზიარებს. გიორგი მარშანია ჟირაფი ჟოზეს „ამერიკაში წასვლის“ პროცესებზე მოგვიყვება — რა არის გამარჯვების ფორმულა, როგორ შეძლეს დაბრკოლებების გადალახვა. გიორგი მახარაშვილი (,,საეჭვო კაცი“) კოლაბორაციაზე ისაუბრებს — ახალ პროექტზე, რომელსაც იუთუბერების მხარდასაჭერად აკეთებს.

ლინაკო და ელენიკო (Foxy Eleniko) იქნებიან სპიკერები. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ კარგი კონტენტის შესაქმნელად მთავარია, ძვირადღირებული კამერა გქონდეს, თუმცა მისი შოვნის შემდეგ უცბად ხვდებიან, რომ არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ლინაკოს და ელენიკოს გამოსვლა კი მსმენელებს იმის გაგებაში დაეხმარება, თუ როგორ შეარჩიონ კონტენტი, რომლის კეთებაც უნდათ.

ასევე, პირველი იუთუბ სერიალის, ჩპს-ს შემქმნელები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ — გამოწვევებით, მიღწევებით თუ კრახით. ბასტო და ქორო (,,კორსიზი“) იუთუბ ლიგის შექმნასა და მის მეორე სეზონზე ისაუბრებენ. ჯადოქრის სახელით ცნობილი იუთუბარხის შემქმნელები კი მოგვიყვებიან, როგორ მოაგროვეს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი — როგორ გაიზარდნენ მოკლე ხანში და უცხოურ ბაზარზე გავიდნენ.

რა თქმა უნდა, ერთია კონტენტის შექმნა-გაზიარება და მეორეა იურიდიული მხარე, მონეტიზაციის მიღმა. სწორედ ამ თემას შეეხება იურისტი დავით კიკალიშვილი — იქნება ეს მუსიკის გამოყენების საკითხი თუ კომპანიებთან კონტრაქტის დადება.

„„კაცებიც“ ვიქნებით, რა თქმა უნდა, და ვილაპარაკებთ 5 იანვარს რაც დაგვემართა. დიდი ივენთი რომ გავაკეთეთ და საქვეყნოდ შევრცხვით. იმაზეც ვისაუბრებთ, შემდეგ 5 იანვარს რას ვაპირებთ. ჩვენს ახალ პროექტსაც წარვადგენთ“,აღნიშნავს ირაკლი კაკაბაძე.

ფესტივალი კონტენტის ბილეთების გაყიდვა ხუთშაბათს, 13 ივნისს დაიწყება. გარე სივრცის ბილეთის ღირებულება 35 ლარი იქნება, ხოლო უნივერსალურის — 90. 


ალბათ, თამამად შეგვიძლია მიმდინარე პერიოდს ციფრული კონტენტის ეპოქა ვუწოდოთ — ტრადიციული მედიუმებიდან ყველანი ერთიანად აღმოვჩნდით ინტერნეტსივრცეში. სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ ვებგვერდზე დავიწყეთ საკუთარი შემოქმედების, იდეების, აზრებისა და განსხვავებული კონტენტის გაზიარება. ბუნებრივია, ამის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ამ ციფრული სამყაროს მიმართ ინტერესს და ფართოვდება თავად ეს ლანდშაფტიც.

ფესტივალი „კონტენტის“ არსებობა და მისი ყოველწლიურად ჩატარება კი ძალიან ბევრს ადამიანს მისცემს საშუალებას, თავადაც დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება, არსებულ ინფლუენსერებს კი კოლაბორაციებისთვის შესაბამის სივრცეს შეუქმნის.

სკარპიერას მოდური ზაფხული

„ლიკანი“ — განახლებული შეფუთვა და არომატები